ინდიან უელსის ტურნირი გადაიდო

კორონავირუსი ჩოგბურთზე ძლიერია


ინდიან უელსის მასტერსი მამაკაცებში და Premier Mandatory ქალებში გადაიდო. მიზეზი - კორონავირუსი. ეპიდემია ჩოგბურთზე ძლიერია. ეპიდემია მოწამლული საბანივით გადაეფარა მთელ მსოფლიოს. და, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება.

საჩოგბურთო კალენდარში არსებული სიმჭიდროვის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ ინდიან უელსის ტურნირი 2020-ში ჩატარდეს. და, საჩოგბურთო კალენდარი ორი ამერიკული მასტერსის (ინდიან უელსი, მაიამი) შემდეგ გადადის ევროპაში. ტურნირები დაგეგმილია იტალიაში, საფრანგეთში, სადაც ეპიდემია დაუნდობელი და ძლიერია.

დევისის თასზე რამდენიმე შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაატარეს, მაგრამ აქ, ამერიკაში ორგანიზატორებს ეს იდეა არ მოეწონათ. საჩოგბურთო წრეებში კორონავირუსის გამო გადაიდო დაბალი კატეგორიის რამდენიმე ტურნირი. და, ხვდებით, რა დონის მასტერსზე ვსაუბრობთ? ინდიან უელსი და მაიამი დიდი სლემის ტურნირების შემდეგ ყველაზე პოპულარული საჩოგბურთო ლოკაციაა. და, იქვე შეიძლება მაიამის მოხსენიებაც. ხვდებით? ჩვენ, პრაქტიკულად, მეხუთე და მეექვსე მეიჯორებზე ვსაუბობთ.

მასტერსებზე ბევრს ბევრი სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი. და, ბევრი, სერიოზულად გაიუარესებს პოზიციებს. გაითვალისწინეთ, რომ ინდიან უელსი რივერსაიდის (კალიფორნია) გვერდით არის. აქ, მშვიდ და მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ  კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ინდიან უელსის ორგანიზატორები არ კარგავენ იმედს. ტურნირი შეიძლება, აზიური ვოიაჟის დროს ჩასვან, როდესაც რამდენიმე ივენთი ყველა ვარიანტში გადაიდება.

ყველაზე საინტერესოა, რომ მოთამაშეები უკვე იქ, ლოკაციაზე იყვნენ, როდესაც ეს გადაწყვეტილება გაიგეს. რაფაელ ნადალი (შარშან ინდიან უელსის ნახევარფინალისტი) ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და მთელ მსოფლიოში სიტუაციის სტაბილიზაციას გულშემატკივრობს.

ტურნირის გადადება სერიოზულად მოხვდება ჯიბეზე არაელიტის წარმომადგენლებს. დაიჯავშნა სასტუმროები, გადახდილია მგზავრობის თანხა. ტურნირის კვალიფიკაცია 9 მარტს უნდა დაწყებულიყო, ძირითადი ბადე - 11-ში.

ჩოგბურთი ჩიგბურთისგან დაისვენებს.