სულშერი მანჩესტერის წმენდას იწყებს

Goal.com-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ჯესი ლინგარდი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდს დატოვებს.

 

წყაროს ცნობით, "ეშმაკების" თავკაცმა, ოლე გუნარ სულშერმა ამ ფეხბურთელისადმი ნდობა საბოლოოდ დაკარგა. ნორვეგიელი სპეციალისტი 27 წლის ინგლისელს სასტარტო შემადგენლობისთვის აღარ განიხილავს. გარდა ამისა,  ზაფხულში ბრიტანული გრანდი შეტევის გაძლიერებას გეგმავს - იუნაიტედი ბორუსიას შემტევს, ჯეიდონ სანჩოს, ასტონ ვილას ერთ-ერთ ლიდერს, ჯეკ გრილიშისა და ლესტერის ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის გაფორმებას აპირებს.

 

გასულ ზამთარს მანჩესტერმა ასევე ბრუნო ფერნანდეში და ოდიონ იგალოც შეიძინა, რამაც ლინგარდის სათამაშო პრაქტიკაზე უარყოფითად იმოქმედა. სწორედ ამიტომ, ინგლისელმა ნახევარმცველმა ახალი კლუბის საძებნელად ყველასათვის კარგად ნაცნობი აგენტი, მინო რაიოლა დაიქირავა.

 

შეგახსენებთ, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლინგარდმა 20-ჯერ ითამაშა, თუმცა ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი შეასრულა.