ფრანგული რევოლუცია

 

 

 

 

 

 

 

გახსოვთ ანდრე ვილაშ-ბოაში? ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტი. ადამიანი, ვისაც რამდენიმე წლის წინ ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მწვრთნელად ნათლავდნენ და თანამემამულე ჟოზე მოურინიუზე ხმაურიან კარიერას უწინასწარმეტველებდნენ?

2010-11 წლების სეზონში მან პორტუს ევროპა ლიგა მოაგებინა და ყველაფერი აქედან დაიწყო. ის ინგლისში მიიწვიეს, ჯერ ჩელსიში იმუშავა, შემდეგ ტოტენჰემში. დიდი ვერაფერი მოიგო და რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ზენიტში გადაბარგდა. მერე იყო ჩინური შანხაი და უცებ დაიკარგა. ფეხბურთს დროებით ჩამოშორდა და ავტოსპორტში სცადა ბედი. ეს ახირება კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. 

2018 წლის იანვარში ის იძულებული გახდა პარიზი-დაკარის რბოლიდან მოხსნილიყო, რადგან მძიმე ავარია მოუხდა და საავადმყოფოში მოხვდა. ეს მისი სადებიუტო რბოლა გახლდათ და ამ მომენტში 48-ე ადგილზე იმყოფებოდა. გადარჩა, ავტორბოლას თავი დაანება და ისევ ფეხბურთს დაუბრუნდა. თუმცა, ამასობაში უკვე ყველამ დაივიწყა.

 



და აი, 2019 წლის მაისში მარსელი ჩაიბარა და როგორც ჩანს, პარი სენ ჟერმენს ღირსეული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ახლა მარსელი ფრანგულ ლიგა 1-ში მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას ლამობს. ამბობენ, პორტუგალიელმა ამ მოკლე დროში დიდი სამუშაო გასწია, სტაბილურობა და ეფექტურობა შესძინა გუნდს, ახალგაზრდები დააწინაურა და ერთგვარი რევოლუცია მოახდინაო.

ძალიან ემოციურიც გამხდარა. საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მარსელმა ამიენთან 2:2 ითამაშა, თუმცა შეხვედრა ძალიან ნერვიული და დაძაბული გამოდგა. ვილაშ-ბოაშის ბიჭები 2:0 იგებდნენ და მსაჯმა ბოლო წუთებში ორი პენალტი დანიშნა მათ კარში. ცხდია, სტუმრებმა ორივე გაიტანეს, პორტუგალიელი კი გადაირია, მსაჯს იმდნი ეკამათა, ორი ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. ახლა მას დისკვალიფიკაცია ელის.

ზემოთაც ვთქვით, მის მთავარ დამსახურებად ახალგაზრდების ნდობას ასახელებენ. 23 წლის მცველი, დუიე ჩალეტა-ცარი ერთერთ საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაში. 20 წლის ბუბაქარ კამარა კი ასაკითვის შეუფერებელ მოწიფულ თამაშს აჩვენებს და უკანა ხაზის ლიდერად ყალიბდება. 22 წლის მაქსიმ ლოპესი ნამდვილ 10 ნომრად იზრდება და გუნდისთვის უკვე შეუცვლელ მოთამაშედ იქცა.ამასთან, ფრანგი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჩელსისა და ტოტენჰემის ყოფილმა დამრიგებელმა, ასაკიან ფეხბურთებს მეორე ახალგაზრდობა დაუბრუნა. მაგალითად, 34 წლის სტივ მანდანდა ისეთ ფორმაში შევიდა, საფრანგეთის ნაკრებში ისევ გამოიძახეს.ვალენტინ რონჟე, რომელიც გასულ ზაფხულს დაიმატეს ნანტიდან, პორტუგალიელის ხელში ნახევარდაცვის ნამდვილ ლიდერად გადაიქცა. და დიმიტრი პაიეტი გახსოვთ? მიმდინარე სეზონში მან 26 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე პასით გამოირჩა.

ინგლისში მუშაობისას ვილაშ-ბოაშს ჩელსშიც და ტოტენჰემშიც  ფეხბურთელებთან შეექმნა პრობლემები. წამყვანი მოთამაშეები მისი მუშაობის სტილით იყვნენ უკმაყოფილო. მარსელში კი  სხვა ვითარებაა:

 

„ანდრესთან თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ვარჯიშებიც სასიამოვნოა და ურთიერთობებიც ჩინებული,’“ - ამბობს ჩალეტა-ცარი.

ინგლისში ყოფნისას ვილაშ-ბოაშს სატრანსფერო პოლიტიკის მხრივაც აკრიტიკებდნენ. თუ ჩელსიში მან რომელუ ლუკაკუ და ხუან მატა იყიდა, რაც ეფექტურ შენაძენებად შეფასდა, ტოტენჰემში იგივე პროცესი არცთუ წარმატებული იყო. სწორედ მაშინ გაყიდეს რეალში გარეთ ბეილი და პორტუგალიელს საყვედურობდნენ, ამ ტრანსფერიდან შემოსული უზარმაზარი თანხა სწორად ვერ გამოიყენაო. მარსელში ამ მხრივაც განსხვავებული ვითარებაა. 

22 მარტს მარსელი პსჟ-ს უმასპინძლებს. პარიზელების დაწევა ამ სეზონში ძნელი იქნება, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში დადასტურდება, რომ პსჟ-ის ღირსეული მოწინააღმდეგე გამოუჩნდა შიდა სარბიელზე.

 

 

 

 

 

 

.