ხელი გაწიე, იდიოტო

 

 

 

 

 

 

ცოტა უცნაური საცქერი იყო ოთხშაბათის საღამოს ენფილდი, სადაც ლივერპული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში მადრიდის ატლეტიკოს მასპინძლობდა (2:3). გადაჭედილი სტადიონი, ემოციები და ეს ყველაფერი გაქანებული კორონავირუსის პერიოდში...

ეპიდემიის არსებობა იმ საღამოს მხოლოდ ორი ნიუანსით გაცხადა. ერთი, როცა კლოპი და სიმეონე ხელის ჩამორთმევის მაგიერ ერთმანეთს იდაყვებით მიესალმნენ და მეორე -კლოპის რეპლიკა, როცა გასახდელიდან გამოსვლისას ტრიბუნიდან  ჩამოსართმევად ხელგაშვერილ გულშემატკივრებს მიაძახა: „ხელები გაწიეთ, იდიოტებო.“ 

გასულ კვირას კლოპმა ერთობ მჭახე პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას კორონავირუსის შესახებ: „მე რას მეკითხებით, ბეისბოლის კეპი მახურავს და გაუპარსავი ვარ. ვინც ამ საქმის მცოდნეა, იმას ჰკითხეთ.“

თუმცა ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ უფრო სერიოზული იყო: „არის რაღაცეები, რაც ფეხბურთზე გაცილებით მნიშვნელოვანია. დიდი სიფრთხილეა საჭირო, ამიტომ არ ვართმევთ ერთმანეთს ხელს. 22 აბსოლუტურად ჯანმრთელი ფეხბურთელი კი საზოგადოებას დადებით გზავნილს აწვდის და იმედს უსახავს.“

He even made Diego Simeone elbow bump him instead of shake hands ahead of Atletico game

 

ამასობაში, ინგლისის მთავრობა უახლოეს ხანში საგანგებო განკარგულების გაცემას აპირებს, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყველა სპორტული ღონისძიება დახურულ კარს მიღმა, ანუ უმაყურებლოდ ჩატარდება. საფეხბურთო მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს გააუქმებენ პაბებში და ბარებშიც, რათა იქ ბევრი ხალხი აღარ შეიკრიბოს.

The Times წერს: „მიმდინარე სეზონი არ გადაიდება, მაგრამ ყველა მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება. საწყენია, მაგრამ სეზონური აბონემენტების მფლობელებს მატჩების ცქერა შინ, ტელევიზორებში მოუწევთ“.

პრემიერლიგის, საფეხბურთო ლიგისა და ასოციაციის  წარმომადგენლებს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ მთავრობასთან, რათა ერთობლივად მოძებნონ სიტუაციიდან გამოსავალი. 

გადაწყვეტილება შეიძლება ამოქმედდეს, როცა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 500-ს მიაღწევს. დღეის მონაცემებით, ბრიტანეთში ასეთი 460 ადამიანია.


პირველი სიგნალი სიტი - არსენალის მატჩის გადადება გახლდათ. ახლა არსენალი თავის სტადიონსა და საწვრთნელ ბაზაზე დეზინფექციის ჩატარებას გეგმავს. ასევე არკვევს ვინ იმყოფებოდა მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში ოლიმპიაკოსის მფლობელის ევანგელოს მარინაკისის გვერდით (რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა), ევროპა ლიგის მატჩის დროს ოლიმპიაკოსსა და არსენალს შორის.

ევროპა კი ძრწის კორონავირუსის შიშით. იტალიაში 3 აპრილამდე ყოველგვარი სპორტული ღონისძიება გაუქმდა. იუვენტუსის ფეხბურთელი დანიელე რუგანი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გახდა, ვინსაც ეს ვირუსი შეეყარა. ახლა იმ პირების ვინაობასაც არკვევენ, ვისაც ბოლო დღეებში მასთან კონტაქტი ჰქონდა. 

 

Macros Llorente shifted the ball on the edge of the box to create some space before curling a brilliant effort past Adrian


ესპანეთში პირველი და მეორე დივიზიონების მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება, ეს მიმდინარე კვირაში, შემდეგ შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს თამაშები.

საფრანგეთში ლიგა 1 და 2-ის შეხვედრებზე დასწრების უფლება 15 აპრილამდე არა უმეტეს 1000 ადამიანს ექნება.

ცარიელი ტრიბუნები იქნება ევროპა ლიგის მატჩებში ავსტრიაში, ლასკსა და მანჩესტერს, ასევე საბერძნეთში, ოლიმპიაკოსსა და ვულვერჰემპტონს შორის.

ამავე ტურნირში სევილია - რომასა და ინტერი - ხეტაფეს შეხვედრები გადაიდო.

 

 

 

 

 

 

.