რექვიემი

 

 

 

 

 

 

 

2014 წელს, მე და ვაჟა სიმონიშვილი შინ ვესტუმრეთ. კოლია დერიუგინზე წიგნს ვწერდით, მისი მოგონების გარეშე კი ეს საქმე არ გამოვიდოდა. კარი სიმპათიურმა მოხუცმა გაგვიღო. შეგვიპატიჟა. დასხედითო. თავად ჩვენს წინ დაბრძანდა. დაჯდომა და ადგომა უჭირდა. ოთახში იყო ძველი რემონტი, ძველი ავეჯი და ძველი ლეგენდა. 

თასებით და მედლებით გაწყობილი „დიდების კუთხე“ არ მახსოვს. რომ ყოფილიყო დამამახსოვრდებოდა.…

ჩემი ცხონებული მშობლებისგან ვიცი, რომ შორეულ ბავშვობაში მის იჯახთან ერთად თურმე სურამში ვისვენებდით. ბავშვები ერთად თამაშობდითო. ეტყობა, ჩემი ხნის შვილები ჰყავს. თბილისში რომ ვბრუნდებოდით, თურმე, ჩაბარგების ფაციფუცს ავყოლივარ. 

- უთო არ დაგვავიწყდეს; ქვაბი არ დაგვავიწყდეს, — იძახდნენ დედა და ბებია. მე კი მისი შვილების, აგარაკზე გაცნობილი პატარა მეგობრების სახელების ყვირილი დამიწყია, ისინი არ დაგვავიწყდესო.

მაშინ ჯერ კიდევ თამაშობდა. ქართული კალათბურთის ვარსკვლავი გახლდათ.

 


თითქოსდა, რა მოსაგონებელი ამბავი ეს იყო, მაგრამ ალბათ მიმიხვდით, რომ მასთან დაკავშირებულ თითოეულ ძაფს ვებღაუჭები და იმედია მაპატიებთ.

ულამაზესი წყვილი იყოო, ესეც ჩემებისგან ვიცი. შემდეგ, მეუღლე გარდაეცვალა და ქალაქში მარტო დადიოდა. ლეგენდარული და შარმიანი. მოდიოდა და ქუჩა მოჰქონდა.

მე მისი თამაში არ მახსოვს. სამაგიეროდ მახსოვს, წუთშესვენებისას თავადივით რომ იდგა მოედნის კიდესთან. ის იდგა, გარს კი ძიძიგური, დერიუგინი, ორი ქორქია, ჩიხლაძე, ჩხიკვაძე, ბიჭიაშვილი, პულავსკი, დარსაძე, გრძელიძე, გურასპაული და სხვები ერტყნენ. ზოგი ძველი და ზოგიც ახალი თაობის. გარს ერტყნენ და უსმენენ. შესჩერებოდნენ. ის კი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ჟესტიკულაციით უხსნიდა რაღაცას.

რაც ახლა ავღწერე, ორნაირად მახსოვს: როგორც კადრი ტელეეკრანიდან და როგორც საკუთარი თვალით ნანახი, სპორტის სასახლის ტრიბუნიდან.

მახსოვს, უფროსები მეუბნებოდნენ თამაშის წარმართვაშია ძალიან ძლიერი; დააკვირდი, ზუსტ შეცვლებს აკეთებს, შემადგენლობას ისე გადააწყობს, თუ ჩამორჩენაა - ამოქაჩავს, თუ ვიგებთ - ან უპირატესობს გაზრდის ან შეინარჩუნებს მაინცო. მეც ვაკვირდებოდი. ვაკვირდებოდი და ჩემს გონებაში იხატებოდა იმ ადამიანის სახე, რომლიც კალათბურთში ისეთ ნიუანსებს ხედავდა, სხვები რომ ვერ ამჩნევდნენ.

ცსკა-ს, სტროიტელს, ლენინგრდის სპარტაკს, მოსკოვის დინამოს, ჟალგირისს გრძელი სათადაირგოთა სკამი ჰქონდათ, მას კი ალღოთი, მახვილგონიერებით უწევდა წინააღმდეგობის გაწევა…

…90-იან წლებში, პირველად ვნახე ძალიან ახლოდან. ვერის ბაღში. საქართველოს ჩემპიონატზე. მე უკვე ჟურნალისტი ვიყავი და „სარბიელისთვის“ ვწერდი. ის უკანა რიგში დაჯდა. 

მგონი მოედნისკენ არც გამიხედავს. შემოვტრიალდი და მას ვუყურებდი. მერე ვიღაცამ უთხრა:

— ლევან, აბა, ეხლა შენ აქ უნდა იჯდე? იქ არ უნდა იყო? —  და დინამოს სათადარიგოთა სკამისკენ მიუთითა.

მან გაუღიმა. 

— ჩემო (სახელით მიმართა), ხომ იცი, უკვე ჩვეულებრივი მაყურებელი ვარ. მაყურებლის უპირატესობა კიდევ ის არის, რომ უნდა აქ დაჯდება და უნდა აი, იქ! — და ხელი გადაღმა, სანახევროდ ცარიელი ტრიბუნის ყველაზე ზედა რიგისკენ გაიშვირა. 

 

რატომ იყო მაყურებელი?

არ ვიცი. მართლაც, რატომ უნდა ყოფილიყო მაყურებელი?

ცხოვრებაში ეტყობა ყველაფერი ხდება.

როგორ არა, მერე ერთხანს კიდევ იმუშავა, მაგრამ ისიც არის, რომ თანდათან სხვა ეპოქა მოდიოდა. წლები კი გარბოდა. დროს თავისი მიჰქონდა. დროს ალბათ ჯანმრთელობაც მიჰქონდა…

2020 წლის 5 მარტს, ქართული კალათბურთის ლეგენდა ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

.