ითამაშეთ, გაერთეთ, მოიწყინეთ და კალათბურთიც დაბრუნდება

NBA-ს გაფიცვამ 1998/1999 წლების სეზონის პირველი ნაწილი წაგვართვა. გუნდებმა ფორსირებულად დაიწყეს რეგულარული, დათქმულ დროზე ჩაატარეს ფლეი ოფი და ჩემპიონი გახდა სან ანტონიო სპერსი.

არც მანამდე და არც იმ, ჩემი საყვარელი გუნდისთვის ისტორიულ სეზონში კალათბურთი NBA-ს გარეშე არ ყოფილა.

დღეს ოდნავ სხვა რეალობა გვაქვს. კალათბურთი დაისვენებს. მთლიანად. ყველა ლიგა. და, მათ შორის - NBA. სპორტი ყველაზე გემრიელი სტეიკის, ყველაზე ტკბილი და ფაფუკი კრუასანის, ყველაზე მდიდარი გემოს მქონე ფრეშის გარეშე დარჩა.

ხომ გახსოვთ სიტყვები - ეს არის NBA. და, ეს არის ფანტასტიკა.

ცალკე სამყარო, რომელიც რუდი გობერის ავადმყოფობამ გააჩერა. შემდეგ, იგივე დაავადება დონოვან მიტჩელს დაუდგინეს. ჯერ, მხოლოდ ეს არის. და, ლიგა აიღებს პაუზას. კომისარმა, ადამ სილვერმა აღნიშნა, რომ თუ სეზონი განახლდება, აუცილებლად ყველა გუნდი ყველა თამაშს ჩაატარებს, მაგრამ არც ის გამორიცხა, რომ სეზონი ჩაიშალოს, დაიკარგოს.

ძალიან რთულია კალათბურთზე შეყვარებული ბავშვისთვის, ზრდასრულისთვის, ასაკში შესული გულშემატკივრისთვის ალტერნატივის მიღება. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება ატარებთ ჰიუგო ბოსს და უცბად, გთავაზოვენ საეჭვო თურქული წარმოების ფეიქს. წარმოიდგინეთ? ალბათ, ვერ აიტანთ ამ ცვლილებას და ალბათ, მეც ვერ ავიტანდი.

კალათბურთი ამ შემთხვევაში ჰიუგო ბოსია.

რა შეცვლის, როგორ შეგვიცვლის კალათბურთს?

პირველი ვარიანტი - გადახედეთ რეტრო-მატჩებს. ნამდვილად მისაღები თემაა. განსაკუთრებით, თუ თქვენ ლარი ბერდის, მეჯიქ ჯონსონის და მაიკლ ჯორდანის ზღაპარზე იზრდებოდით.

მეორე ვარიანტი - წაიკითხეთ კალათბურთი. მოიპოვეთ საინტერესო ლიტერატურა, ჩაუჯექით და მიიღეთ კაიფის დიდი დოზა.

მესამე ვარიანტი - უბრალოდ, ჩადით ეზოში, ჩაიტანეთ კალათბურთის ბურთი და დააკაკუნეთ, ისროლეთ, გაეკიდეთ ბურთს და მოკალით დრო.

მეოთხე ვარიანტი - ყოველთვის არის ვიდეო-თამაში. NBA 2020, ან 2019, ან აზრზე არ ვარ, რომელი. მოკალით დრო მეგობართან, ცოლთან, ქმართან ან - შვილთან ერთად. გაასწორებს.

ბოლო ვარიანტი - უბრალოდ, შეეგუეთ, რომ ჯერ ვერ ნახავთ მიმდინარე საკალათბურთო სეზონს და მოიწყინეთ. ხანდახან, ეს შველის. ან, შეიძლება, არ შველის.

მაგრამ კალათბურთი აუცილებლად დაბრუნდება. როგორც ის, საოცარი პროპელერიანი კაცი, რომელიც გაფრინდა და შეგვპირდა, რომ დაბრუნდებოდა.