როგორც იქნა - მოიგო!

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ (მარტის) ბაშოს მეშვიდე დღეს, ტოჩინოშინის შიკონათი (მეტსახელი) ცნობილი ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის შეერკინა. 

 

ქართველის მისია ნათელია, ის მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის და ამისთვის რაც შეიძლება მეტი გამარჯვების მოპოვება სჭირდება. ზუსტად რამდენი ეყოფა ამას დანამდვილებით ვერავინ იტყვის, ყველაფერი სხვა რიკიშების ასპარეზობაზეცაა დამოკიდებული, ამიტომ თითოეულ შერკინებას ოქროს ფასი აქვს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო ლევანი კარგ ფიზიკურ ფორმაში არ არის, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მებრძოლი სული და თითქმის წაგებული ორთაბრძოლა უვატენაგეს გდებით მოიგო. ტაკარაფუჯიმ ძლიერად შეუტია, ტოჩინოშინი ტავარას (დოჰიოს გარშემო შემოვლებული თიხის წნელი) მიაყენა, თუმცა ქართველმა გაუძლო, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შერკინებაში სწორი წამი შეარჩია და მოწინააღმდეგე დოჰიოზე გააკრა. 

 

ლევანის ანგარიშზე 2 მოგება და ხუთი მარცხია. წინ 8 შერკინება გველოდება, ხვალ კი ჩვენებური დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდება.