მე ჯერ კიდევ ვიცი, რას გააკეთებ შემდეგ ზაფხულს

მილუოკი საჩემპიონო ბენდი იყო. კარგი, აწყობილი ბენდი. და, ამ ჯაზ-ანსამბლში ყველას თავისი როლი, დრო, დატვირთვა ჰქონდა. რომელიმე ინსტრუმენტალისტის ავადმყოფობა არ ცვლიდა იდეალურ ჟღერადობას და ბაქსი კლავდა სტაბილურობით.

ეს გუნდი გასული იყო. ეს გუნდი ბისზე ყოველთვის ახალ კომპოზიციას ასრულებდა და მსმენელი ნირვანაში რჩებოდა. მილუოკიმ საჩემპიონო კალათბურთის თამაში ისწავლა.

გუნდმა ბოლო ხუთი ტესტიდან 4 წააგო და დამარხა სეზონის 70 მოგებით დასრულების შანსი. ან, თითქმის დამარხა - ბაქსმა დარჩენილი დისტანცია წაუგებლად უნდა დაფაროს. რთული შეკვეთაა. ალბათ, ზედმეტად რთული. თუნდაც, ამ არაჩვეულებრივი გუნდისთვის. 1995/1996 ჩიკაგო და 2015/2016 გოლდენ სტეიტი 70(+) მოგებით დარჩებიან. სხვები ჯერ უკან ზიან.

და, მილუოკის ბოლომდე არ ენდობიან.

გუნდმა მოუმატა (შარშანდელთან შედარებით) დაცვაში და მაინც, სკეპტიკოსები ხედავენ ბაქსის პოტენციურ სისუსტეებს და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას სტაბილურობას.

ერიკ ბლედსოუ კიდევ ერთხელ დაიკარგება ფლეი ოფში. ეს (ჯერ) ფაქტია.

იანის ანტეტოკუმპოს ამ ფლეი ოფშიც დააღალატებს საშუალო სროლა და სამიანი. ეს (ჯერ) ფაქტია. უბრალოდ, ისიც ფაქტია, რომ აღმოსავლეთში აღარ არის სერიული მკვლელი კავაი.

კრის მიდლტონი რეგულარულის კაცია, რომელსაც ეწყება ფლეი ოფის შიში. მან იცის, რომ დაიძინებს და შეიძლება, ვერ გაიღვიძოს. იქ, სიზმარში მოვლენ ფრედი კრიუგერი ან - ჯეისონი. საკალათბურთო ენაზე - ლეონარდი ან - ლებრონ ჯეიმსი.

მილუოკიმ არ იცის ზონის დაშლა. და, როდესაც ფლეი ოფში გუნდის ლიდერები ორჯერ მეტ დარტყმას მიიღებენ, ნაქები და რაფინირებული შეტევა დაიშლება. უნდა დაიშალოს. ესეც ფაქტია. მილუოკიმ შარშან 2:0 წაუყვანა ტორონტოს და დადგა. ჩემპიონები არ ჩერდებიან.

და, მილუოკის არ აქვს გარანტირებული ფინალში გასვლა. ჯერ მოუგოს ულეონარდო, მაგრამ ტიტულის დასაცავად მებრძოლ ტორონტოს, რომელიც მხოლოდ კავაი არ ყოფილა, არა?

ჯერ მოუგოს საკუთარ თავს და შემდეგ, გადავიდეთ ფინალზე, სადაც დაღლილი, მაგრამ მაინც მილუოკიზე უკეთესი გუნდი უნდა წამოვიდეს.

აი, იქ რეალური ჩეხვა იქნება. და, თუ მილუოკი წააგებს, მე უკვე ვიცი, რას გააკეთებს გუნდი შემდეგ ზაფხულს.

მაგრამ ეს - მომავალში. ბაქსმა ჯერ უნდა წააგოს. ან - მოიგოს და დაიწყოს ფიქრი იანისის შენარჩუნებაზე, როდესაც ბერძენი თავისუფალი აგენტი გახდება.