ტოჩის ზედიზედ მეორე - ტამავაში დამარცხებულია!

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მერვე დღეს,  ლევან გორგაძე ტამავაშის შეერკინა. მართალია, ახლა ორივე რიგითი მაეგაშირაა (ელიტის რიგითი სუმოტორი), თუმცა ტამავაში ერთ დროს სეკივაკე იყო, ტოჩინოშინი კი - ოძეკი, 2019 წლის იანვარში იმპერატორის თასი თუ ტამავაშიმ მოიგო, 2018 წლის იანვარში ეს ქართველმა გააკეთა. ისინი ერთმანეთთან დოჰიოზე უკომპრომისო ორთაბრძოლებს გვთავაზობენ ხოლმე, თუმცა მის მიღმა კარგი მეგობრები არიან. 

 

მარტის დიდი ტურნირის მერვე დღეს, ორივე უარყოფითი ბალანსით 2:5-ით შეხვდა და თითოეულისთვის გამარჯვებას ოქროს ფასი ჰქონდა.

 

ტაკარაფუჯისთან ორთაბრძოლის მსგავსად, რომელიც გუშინ გაიმართა, ტოჩინოშინი მარცხთან ახლაც ახლოს იყო, მოწინააღმდეგე კარგად უტევდა, თუმცა ჩვენებურმა წონასწორობის შენარჩუნება მოახერხა და კიდევ ერთი გდება შეასრულა - ამჯერად, შიტატენაგე. ტოჩიმ ეს კიმარიტე (ილეთი) კარიერაში პირველად შეასრულა.

 

ქართველისთვის ამ ტურნირზე ეს მესამე გამარჯვება იყო - 3:5. მისი მიზანი კაჩი-კოშია (დადებითი ბალანსი) მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) შემთხვევაში კი, რაც უფრო მეტ ორთაბრძოლას მოიგებს, მით უფრო ნაკლებად დაქვეითდება...

 

ჰარუ ბაშოს მეცხრე დღეს, ტოჩინოშინი მიოგირიუს შეხვდება, ვისთანაც ურთიერთშეხვედრებში აბსოლიტური თანაფარდობა აქვს - 12:12. კარგი პერიოდი არც მიოგირიუს უდგას, მან 8-დან მხოლოდ 1 შერკინება მოიგო...