გრეგ პოპოვიჩის პირველი და უკანასკნელი

კორონავირუსის ცელქობის ჟამს, სან ანტონიო ფლეი ოფის ზონაში არ იყო. სან ანტონიოს ახალი ერა იწყება. წლები, როდესაც ტექსასური ბორმანქანა ვერ დააგროვებს 50+ მოგებას რეგულარულში. წლები მეგავარსკვლავების (ლამარკუს ოლდრიჯს და დემარ დეროუზენს დიდი, დიდი ბოდიში) გარეშე. წლები ტიმ დანკანის, ემანუელ ჯინობილის, ტონი პარკერის, კავაი ლეონარდის გარეშე.

და, სან ანტონიოში ჯერ არის დიდი ბოსი, მისტერ გრეგ პოპოვიჩი.

რომელსაც ორჯერ შევხვდი. და, ორჯერ ენთუზიაზმის, ლტოლვის, პროფესიონალიზმის და სიკეთის მარაგი წამოვიღე. გრეგი იყო ყველაფერი და გრეგი დღეს უბრალოდ, დიდ სიამოვნებას, დიდ კაიფს იღებს კალათბურთისგან.

იმიტომ, რომ ის საუკეთესოა.

ყველა დროის.

და, ალბათ, იმიტომ, რომ მან ეს, ანუ სიამოვნების მიღება დაიმსახურა. პოპოვიჩი, რომელიც ახალგზრადობაში სპეცსამსახურების ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გახდა, კალათბურთშიც ანალიტიკით, ინტელექტით იგებდა.

და, გაკაიფოთ?

გრეგის, როგორც სპერსის მთავარი მწვრთნელის პირველი მოგება თარიღდება 1996 წლის 13 დეკემბერს. დალას მავერიქსთან.

და, გრეგმა რომ კარიერა დღეს დაასრულოს, მისი უკანასკნელი მოგებაც...გაარტყით, დალასთან იქნება (2020, 10 მარტი).

დალასი, რომელიც ხშირად ასკდებოდა სპერსს ფლეი ოფში. რამდენიმე სერია მარკ კიუბანის სათამაშომ წამოიღო, მაგრამ უფრო ხშირად სპერსი იგებდა.

სიმბოლურია, რომ გრეგის უდიდესი კარიერის სტარტი და ბოლო აკორდი თანაშტატელის წინააღმდეგ იქნება.

თუ იქნება.