1941, 1992... ომი და ვირუსი

 

 

 

 

 

 

 

„შეჩერდა“, „შეწყდა“, „გაგრძელდება?“, „გადაიტანეს“... კორონავირუსმა საფეხბურთო ამბებიც აურია და დაურია. აი, დღეს ლა ლიგის ჩემპიონატის უდროოდ ჩამთავრებაზეც დაიწერა; ევრო-2020 საგაისოდ (ან დეკემბრისთვის) გადადების პირასაა; ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა, სავარაუდოდ, ოთხთა ტურნირის ფორმატში გაიმართება.

 

საინტერესოა, აქამდე რომელი ჩემპიონატები შეწყვეტილა. რომელი? როდის? რატომ? ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო და თბილისის დინამოსაც შეეხო...

 

პირველად ეს მოხდა 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის გამო. საბჭოეთის ჩემპიონატი შეწყდა. ან ვის ეფეხბურთებოდა? 1941 წლის 22 ივნისისთვის საბჭოეთში 10 ტური იყო ჩატარებული. მოსკოვის დინამო ლიდერობდა, მაგრამ მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებდა თბილისის დინამოს... ორივეს 15-15 ქულა ჰქონდა.

 

ჩემპიონატი 4 წლის შემდეგ გაგრძელდა. 1945 წლის, ომის დამთავრებიდან ოთხ დღეში (წარმოიდგინეთ, 13 მაისს!) თბილისის დინამომ შინ, ლავრენტი ბერიას სახელობის სტადიონზე 2:0 მოუგო ლენინგრადის დინამოს. მატჩს 30 000 გულშემატკივარი დაესწრო. ისე, რა თქმა უნდა, არაოფიციალური მონაცემებია...

 

დინამოს შემადგენლობა: სანაია, გაგუა, ფროლოვი, კიკნაძე, ბერძენიშვილი, ჭელიძე, ჯეჯელავა, ანთაძე, პანიუკოვი, ბერეჟნოი, ღოღობერიძე.

 

ორივე გოლი ვიქტორ პანიუკოვმა გაიტანა. თბილისელებმა 1945 წლის სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს.

 

 

1992. მოლდოვაში შეწყდა ჩემპიონატი. მიზეზი? კონფლიქტი მოლდოველებსა და ქვეყანაში არსებულ დნესტრისპირეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. ოთხი ტური იყო დარჩენილი და ფედერაციამ თამაშები აკრძალა. დაინიშნა მხოლოდ ოქროს მატჩი პირველ-მეორე ადგილოსნებს შორის: კიშინიოვის ზიმბრუ და ტირასპოლის ტილიგული უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. დნესტრისპირეთის (ტირასპოლი) გუნდმა ომის გამო კიშინიოვში ჩასვლა ვერ მოახერხა და ზიმბრუს ჩაახუტეს ტიტული...

 

1991/1992 წლების სეზონი იუგოსლავიაში ძლივს დაასრულეს. ხშირ-ხშირად რამდენიმე ხნით წყდებოდა ჩემპიონატი ომის გამო... მერე ისევ აგრძელებდნენ. იუგოსლავიაში უკვე აღარ თამაშობდნენ ხორვატიისა და სლოვენიის კლუბები, რაც შეეხებათ ბოსნიურებს, აქ არეულობა იყო... ჟელეზნიჩარმა პირველი წრეც არ დაასრულა და გავიდა ჩემპიონატიდან. მეორე წრეში კი კიდევ სამმა გუნდმა (სარაევომ, სლობოდამ და ველეჟმა) განაცხადა უარი. ეს 6 ტურით ადრე. მათთან ვისაც დარჩენილი ჰქონდა მატჩი, ყველას 3-3 ქულა დაუწერეს.

 

ბოსნიისა და სერბეთის გუნდების შეხვედრებს ფეხბურთი ნაკლებად ერქვა. კარის უკანაც კი ავტომატიანი კაცები იდგნენ. იმ წელს ჩემპიონი ბრწყინვალე ცრვენა ზვეზდა გახდა. 

 

და 1992 წელს რომ ევროპის ჩემპიონატზე საოცარი ამბავი მოხდა, ეს გეცოდინებათ. ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღით ადრე უეფამ იუგოსლავიის ნაკრები მოხსნა და მათ ნაცვლად შესარჩევის ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ დანიას აუნთო მწვანე.

 

დანიამ კი თასი ასწია! თუმცა ეს სხვა ისტორიაა.   

 

 

 

 

 

 

.