დღე, როდესაც ტიმ დანკანმა დამარხა შიში და ნიუ ჯერსი

სამეფო ვირუსთან ბრძოლამ NBA გააჩერა. სეზონი ისვენებს და თუ განახლდება, ფლეი ოფისთვის ბრძოლა მაგარი საინტერესო იქნება. თავისი გათვლებით, ჩხვლეტებით და დაჭრებით. ამ ბრძოლაში რჩება და ალბათ, ვერ გაქაჩავს სან ანტონიო სპერსი.

და, 17 წლის წინ, ლიგამ სან ანტონიოსგან კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი დომინანტური გამოსვლა მიიღო. სპერსი ფინალში ნიუ ჯერსის ასკდებოდა და სერიაში 3:2 ჰქონდა. მეექვსე ტესტი სან ანტონიოში იყო. მოიგე, გააცილე ლეგენდარული ადმირალი (დევიდ რობინსინი) საჩემპიონო ბეჭდით და დაისვენე.

დანკანი არ გაწვებოდა, როგორც - შაკილ ო’ნილი.

დანკანი არ ცდილობდა შენს დამცირებას, როგორც - ახალგაზრდა ლებრონ ჯეიმსი.

დანკანი არ იყო გამომწვევი და ბრექი, როგორც - იმ ეპოქის კობი ბრაიანტი.

დანკანი უბრალოდ, კალათბურთს თამაშობდა. და, ტიმი ყველა დროის საუკეთესო მეოთხე ნომერი გახდა. ტიმიმ კალათბურთი ინტელექტით, კლასიკური უნარებით და გულით ისწავლა.

ლეგენდა, რომელმაც იმ, ბოლო თამაშში ისტორიული შედეგი დასვა. ლეგენდა, რომელიც ხანდახან ზედმეტად მორიდებული იყო. რომელსაც, თითქოს, ეშინოდა დომინაციის. იმ ერთ ჩეხვაში ტიმიმ დამარხა შიში და ნიუ ჯერსი.

15 ივნისი, 2003. 21 ქულა, 20 მოხსნა, 10 პასი და 8 დაფარება.

აზრზე ხართ, რა შედეგზე ვსაუბრობთ? თითქმის ოთხმაგი დუბლი NBA-ს ფინალში.

დანკანი წინა ტესტშიც კლავდა - 29 ქულა, 17 მოხსნა.

დანკანი არ იყო სამმაგი დუბლების ექსტერტი. აქ უფრო სხვები დომინირებდნენ. ფენომენი ლებრონი, ჯადოქარი მეჯიქ ჯონსონი, ტიმის თანაგუნდელი რობინსონი. და, ადმირალს დღემდე ლიგის ისტორიაში უკანასკნელი ოთხმაგი დუბლი აქვს გაკეთებული.

ტიმ დანკანმა სან ანტონიოს მეორე ჩემპიონობა აჩუქა. ტიმიმ ლამაზად გააცილა საოცარი ადამიანი რობინსონი, რომელიც სან ანტონიოში მისი დამრიგებელი, საუკეთესო მეგობარი გახდა.

დანკანი 2003 წლის ფლეი ოფში: I წრე: 18.7 ქულა, 16.0 მოხსნა, 5.2 პასი, 3.5 დაფარება; II  წრე: 28.0 ქულა, 11.8 მოხსნა, 4.8 პასი, 1.3 დაფარება; III წრე: 28.0 ქულა, 16.7 მოხსნა, 5.8 პასი, 3.0 დაფარება;   IV წრე: 24.2 ქულა, 17.0 მოხსნა, 5.3 პასი, 5.3 დაფარება.

ტიმის ფლეი ოფის ისტორიაში ყველაზე მეტი დაფარება აქვს.

და, იცით, ტიმის საიდუმლო? ტიმი, უბრალოდ, დანკანი იყო.