კორონავირუსის ელჩი, მოსიე გობერი

რუდი გობერი თავს უკეთ გრძნობს. იუტას ცენტრი, კორონავირუსის ოფიციალური ელჩი NBA-ში, გვერდში დგომისთვის, დადებითი ენერგიისთვის მადლობას უხდის გულშემატკივრებს. და, მეთოდურად ახსენებს ახალგაზრდობას, რომ სახლში მისვლისთანავე, აუცილებელია ელემენტარული ჰიგიენის დაცვა.

დიდი მადლობა გობერს რჩევისთვის.

დიდ ბიჭს არ გაუმართლა. როდესაც კორონავირუსის მატარებელი გახდა. და, ამ ფაქტმა გააჩერა კალათბურთი. ამერიკაში, ალიასკაზე, სატურნზე, საბურთალოს ქუჩაზე. ყველგან შეაჩერა.

რეგულარული 30 დღით დაასვენეს, მაგრამ დიდი შანსია, რომ უკეთეს შემთხვევაში, სეზონი ივნისში განახლდება. ამ ეტაპზე, ამერიკის ყველა შტატის ტერიტორიაზე აკრძალულია იმ სპორტული ღონისძიების ჩატარება, რომელსაც სულ მცირე, 50 ადამიანი დაესწრება.

სპორტი ისვენებს. NBA ისვენებს. გობერი დაისვენებს.

და, რუდიმ ეტაპობრივად გააცნო ცუდი დაავადება აუდიტორიას.

დაავადებულია რუდის თანაგუნდელი დონოვან მიტჩელი.

დაავადებულია ბავშვი, რომელმაც გობერისგან ბოსტონში ავტოგრაფი მიიღო.

დაავადებულია დეტროიტის ცენტრი კრისტიან ვუდი, რომელიც რუდის პერსონალურად იჭერდა.  

გობერი დათრგუნულია. და, პროცესში, ქველმოქმედებაზე უკვე გაუშვა 800 000 დოლარი. უნდა გაუშვას. ასე უკეთესი იქნება. რუდისთვის, პირველ რიგში.

 რუდი ბოლო ორ სეზონში ლიგის საუკეთესო დამცველად დაასახელეს.

და, ფრანგმა ვერ დაიცვა საკუთარი თავი და შემდეგ, კალათბურთი კორონავირუსისგან.

რუდის შემთხვევამ სპორტი მთელ მსოფლიოში გააჩერა.

ელჩი.