ციხეში მოგებული ღორის ამბავი

 

 

 

 

 

 

სამხრეთ ამერიკაში, ისევე, როგორც ყველგან, კორონავირუსის გამო ფეხბურთი თითქმის დაკეტილია. მაგრამ ერთი ბრაზილიელი ვარსკვლავი თამაშს ისევ აგრძელებს. რონალდინიომ, რომლის ბოლო პროფესიონალური მატჩი ფლუმინენსეში 2015 წლით თარიღდება, გასულ უქმეებზე ხუთი ბურთი გაიტანა და ექვსიც საგოლედ უპასა...

ეს ამბავი პარაგვაის ციხეში მოხდა და საკმაოდ დაიწერა კიდეც, მაგრამ ახლა აქამდე უცნობ ამბებზე გეტყვით.

პარაგვაული გაზეთის, La Nación-ის ცნობით, რონალდინიო ქვეყნის დედაქალაქ ასუნსიონში 6 მარტს დააკავეს. ძმასთან ერთად, საზღვარზე ყალბი საბუთებით გადასვლა დააბრალეს, თუმც მისი ადვოკატი ამტკიცებს, რომ თავად რონალდინიომ დოკუმენტების ფალსიფიკაციის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ისინი მას ადგილობრივმა სპონსორმა გადასცა.

 

 

სხვათა შორის, რონალდინიოს უდისციპლინობის ამბავი ახალი არ არის. კარიერის ბოლოს მასზე ხშირად ამბობდნენ, ვარჯიშებზე ნასვამი მიდის, დებოშებს აწყობს და ყველას ნერვებს უშლის, მაგრამ იმხელა ავტორიტეტი აქვს, ხმას ვერავინ სცემსო.

პრობლემები ჰქონდა ბრაზილიის მთავრობასთანაც, უკანონო მშენებლობების გამო. ედავებოდნენ გადასახადების გადაუხდელობასაც.

ახლა ყოფილი სუპერვარსკვლავი ციხეშია, თუმცა მისი საკანი „სასტუმროს უფრო ჰგავსო“ - ამბობენ თვითმხილველნი. ამავე ბლოკში იხდის სასჯელს პარაგვაის საფეხბურთო ასოციაციის ყოფლი პრეზიდენტი, რომელიც  ფულის გათეთრების გამო დაუპატიმრებიათ.

სამხრეთამერიკელი და ესპანელი ჟურნალისტები, ცხადია ცდილობენ რაიმე ინფორმაცია მოიპოვინ ციხიდან, აინტერესებთ, როგორ ცხოვრობს ყოფილი ვარსკვლავი.

ადგილობრივ რადიო-შოუში კი ციხის მეთვაყურემ თქვა: პატიმარი #194 დილის რვა საათზე იღვიძებს. შემდეგ ყოფილ პარაგვაელ ვარსკვლავ ნელსონ კუევასს მოინახულებს ხოლმე. სულ გაღმებულია.

 

Image result for ronaldinho in paraguay

 

ციხეში მისი საფეხბუთო კარიერის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც  მთავრობამ 1,6 მილიონდოლარიან გირაოზე უთხრა უარი.

მეთვალყურე ჰყვებოდა, რომ 39 წლის რონალდინიოს რამდენიმე მატჩის ჩატარება სთხოვეს. პრიზი 16 კილოგრამიანი შემწვარი ღორი გახლდათ.

მალე სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოჩნდა, სადაც 2005 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, ფიფას ვერსიით 2004 და 2005 წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბრთელი, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, თავის ახალ გუნდში - ნეგრო კამბიეროში ბურთაობს. თეთრი უსახელო მაისურა, ჭრელი შორტი და შავი წუღები აცვია. თუმცა ამ წარმოდგენას ფუტსალი უფრო ჰქვია, ვიდრე ფეხბურთი.

თამაში არ დავიწყებიაო, ამბობენ თვითმხილველები. ისეთები აკეთა, თავისიანებიც და მოწინააღმდეგეებიც პირდაფჩენილნი უცქერდნენო. მისმა ნეგრო კამბიერომ 11:2 გაიმარჯვა და გენიალურმა ბრაზილიელმა ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა, როგორც ზემოთ ვთქვით, ხუთი თავად გაიტანა და ექვსიც თანამესაკნეებს გაატანინა.

მერე, შემწვარ ღორსაც მადიანად შექცევიან.

 

 

 

 

 

 

.