მიდი, შენ მაინც შემოარტყი

ხუან მარტინ დელ პოტრო მეექვსედ ააწყვეს

არგენტინა არ არის მხოლოდ ემანუელ ჯინობილი. არგენტინა არ არის მხოლოდ ლეო მესი. არგენტინა არის ეს დიდი, ბუნჩულა კაცი, რომელიც ბოლო დროს მერი შელის ბესტსელერის ერთი ცნობილი პერსონაჟი გახდა.

ის, ვინც აწყობილია.

ის, ვინც ტკივილით ცხოვრობს.

ხუან მარტინ დელ პოტრო.

31 წლის არგენტინელი მაიამიში იმყოფებოდა. სარეაბილიტაციო კურსზე. ხუან მარტინს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს და დიდი ბიჭი თითქმის არ გადიოდა ჰოსპიტალიდან. შარშან, ლონდონში დენის შაპოვალოვის გაჩერების შემდეგ, დელ პოტრომ ფელიციანო ლოპესთან ვერ ითამაშა. კიდევ ერთი სერიოზული ტრავმა. კიდევ ერთი მოტეხილობა. და. ლოპესმა ის ტურნირი წამოიღო. და, ესპანელმა გადაიფიქრა ჩოგბურთიდან წასვლა. დარჩა.

მაიამიში ხუან მარტინი მაიამიში პროფესიული ფეხბურთის გუნდის -  მარლინზის ექიმის, ლი კაპლანის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. სერიოზული სპეციალისტი სერიოზული სკალპელით, რომელმაც ბევრი ცნობილი სპორტსმენი ააწყო.

დელ პოტრო ზაფხულში დაბრუნებას გეგმავდა. პრიორიტეტად არგენტინელმა ტოკოის ოლიმპიადა დაასახელა. რაც, უკვე ისტორიაა.

დელ პოტროსთვის ეს არ იყო მუხლის პირველი ტრავმა. არგენტინელმა ორი წლის წინ, შანხაიშიც იტკინა მუხლი. და, იმ მომენტში ხუან მარტინს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. დელ პოტრომ ინდიან უელსის მასტერსის ფინალში მოუგო როჯერ ფედერერს და პირველად გახდა ამ კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი. ბიჭი გავიდა ამერიკის ღია პირველობის ფინალამდე. პირველი ფინალი მეიჯორზე 2009 წლის შემდეგ. პლიუს, აკაპულკოს ჯეკპოტი და როლან გაროს ნახევარფინალი. მკვლელი სეზონი, რომელიც კიდევ ერთი ტრავმით დაიხურა.

არგენტინელი მეექვსედ გაჭრეს. არგენტინელი მეექვსედ ააწყვეს. და იმ დროს, როდესაც სპორტს ვირუსმა ნავახა ამოუღო, ეს გოლიათი და მისი ოპტიმიზმი, მისი დადებითი აურა რეალური იარაღია.

რომ სპორტს ღიმილი და ლტოლვა დაუბრუნოს. და, თუ საჭიროა ჩოგბურთში უძლიერესი დარტყმით შეარყიოს მოწინააღმდეგე.

მიდი, შემოარტყი!