ტოჩის ჰენკა და გამარჯვება - ვალი დაბრუნებულია

ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მეთერთმეტე დღეს, ერთმანეთს ტოჩინოშინი და კაგაიაკი შეერკინენ. ორთაბრძოლამდე ორივეს სარკისებური ბალანსი ჰქონდათ, თუ ტოჩიმ 4 მოიგო და 6 შეხვედრაში დამარცხდა, კაგაიაკიმ 6 მოიგო და მარცხი 4-ში იგემა. ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, აქ ქართველის უპირატესობა თვალსაჩინო იყო - 4:0

 

ლევან გორგაძე დოჰიოზე ტრავმის პირობებში ასპარეზობს, მის წინააღმდეგ ჰენკა უკვე ორჯერ გამოიყენეს (ერთხელ წარმატებით - იშიურა; ერთხელ წარუმატებლად - შოჰოძანი), ამჯერად გაბრაზებულმა ქართველმა კაგაიაკისთან ჰენკა თავად გააკეთა, თავდაპირველი შეჯახება აიცილა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა. ამ ორთაბრძოლის მოგებით, მან მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში დარჩენა გაინაღდა. 

 

 

ტოჩინოშინის ბალანსი ახლა 5 მოგება და 6 მარცხია, წინ კიდევ 4 ორთაბრძოლა გველოდება. ლევანმა 4-დან 3-ის მოგება მაინც რომ მოახერხოს, დადებით ბალანსს დააფიქსირებს და რეიტინგში დაწინაურდება. მისი მეტოქე ხვალ კი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება, რომელსაც სიცხე ჰქონდა და კორონავირუსის შიშით ჰოსპიტალიზირებული იყო, რის გამოც სამი ორთაბრძოლის გამოტოვება მოუწია და მის ანგარიშზე 5 მოგება და 6 მარცხია...