მეივეზერების ტრაგედია - მსოფლიო ჩემპიონი წავიდა

ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, როჯერ მეივეზერი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდებული სპორტსმენის გარდა, ლეგენდარული მოკრივის, ფლოიდმეივეზერ უმცროსის ბიძაცაა

 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში ნელ-ნელა უარესდებოდა და ეს ტრაგედია მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. 2015 წელს ფლოიდმა თქვა, რომ ბიძამისს რინგზე მიღებული ტრავმების გამო მეხსიერება დაუქვეითდა და ნელ-ნელა ყველაფერი ავიწყდებოდა. 

 

ბიძა-ძმიშვილის სიყვარულზე მევეზერ უმცროსის სიტყვები ყველაზე უკეთ მეტყველებს

 

"ბიძაჩემი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. თავდაპირველად, ის დიდი ჩემპიონი იყო, შემდეგ კი დიდებული მწვრთნელიც გამოდგა. საუბედუროდ, მისი ჯანმრთელობა წლების განმავლობაში უარესდებოდა, დღეს კი საბოლოოდ დაისვენა. 

 

როჯერი ჩემთვის მთელი სამყარო იყო, ისევე როგორც მამაჩემისთვის, ბიძაჩემი ჯეფისთვის და ამ სპორტში მოღვაწე ადამიანებისთვის. 

 

მან კრივს ძალიან ბევრი რამ მისცა - რინგი ხომ მისთვის პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო," - თქვა ფლოიდმა. 

 

როჯერ მეივეზერი პროფესიონალურ კრივში 1981 წლიდან 1999 წლამდე ასპარეზობდა, სადაც 72 შეხვედრა გამართა, საიდანაც 59 მოიგო, 13-ში კი - დამარცხდა. 

 

აღსანიშნავია, რომ ფლოიდ მეივეზერის ყოფილი მეგობარი გოგონა, რომელთანაც 3 შვილი ჰყავს, მანქანაში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს.