შებერილი

 

 

 

 

 

 

 

არადა, რა დაქოქილები ვიყავით… ხალხი, ყოველ შემთხვევაში. იმედი მაქვს, ფეხბურთელებიც. ალბათ ბელარუსებიც, მაგრამ უპირატესობა ჩვენი იყო. ჯერ ერთი თამაში ჩვენთან ტარდებოდა და მეორეც, ვინც რა უნდა თქვას, მაინც ჩვენ ვჯობივართ. ჩვენ გვყავს რამდენიმე ისეთი მოთამაშე მათ რომ არ ჰყავთ. თამაშების ბედს კი ნიჭიერები წყვეტენ. ერთი ფინტი, ერთი მოულოდნელი დარტყმა, ერთი რამე წკაპი და ეგაა. სხვა შემთხვევაში მოწინააღმდეგემ ტოტალურად უნდა გაჯობოს, დაგპრესოს, დაგჭმუჭნოს. ასეთებიც მომხდარა, რასაკვირველია, მაგრამ ბელარუსებთან თამაშს სამაგისო პირი თითქოს არ უჩანდა.

კიდევ, შეიძლება შენ თვითონ ვერ ივარგო. კი ხარ მეტოქეზე ნიჭიერი, მაგრამ ნერვიულობისგან ორი ღამე ვერ დაიძინო და მოედანზე აშლილი პიანინოსავით გახვიდე.

თუმცა, ახლა ყველაფერი ყირაზე დადგა. კორონა მოვირუსებულა.

 

Image result for თორნიკე ოქრიაშვილის გოლი ბელარუსთან

 

ისე, სადღაც, გულის სიღრმეში ისიც კი ვიფიქრე, რომ თამაშის გადადება ისევ ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. გამორიცხავთ? ნუ, უმაყურებლო ვარიანტს რომ სჯობია, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ცარიელი ტრიბუნების წინ გვათამაშონ ნეპალის ან სამხრეთ სუდანის ნაკრებთან ამხანაგური (თუ გინდა ოფიციალური), ბელარუსთან ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფი კი ნურას უკაცრავად. გარდა ამისა, მესია მეთქი არ ვამტკიცებ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე თამაშს მზად შეხვდეს. ჯერჯერობით, ახალი გამოჯანმრთელებულია და მგონი საუკეთესო ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება. ჰოდა, ა ბატონო დრო. სეზონი მალე რომც არ განახლდეს, თუ გიო მანამდე ინდივიდუალურად ივარჯიშებს და მოღონიერდება ესეც ძალიან კარგი იქნება, ხოლო თუ კორონა უკან დაიხევს და ბურთის გაგორებასაც მეტად მოსწრებს, მთლად გადასარევი.

გინდა იგივე ოთო კაკაბაძე. ხორვატიასთან ამხანაგურში რომ დაშავდა, მას მერე არ უბურთავია. ჩვენ კი დღეს ნაკრების მოთამაშეების დაკარგვის ფუფუნებას თავს ნამდვილად ვერ მივცემთ. არ გვიდგას ის დრო, თითო პოზიციაზე სამი თანაბარი ძალის ფეხბურთელი რომ ბრდღვინავდეს.

ზოგადად კი, ოლოლო მას, ვინც ამ პაუზას (შესაძლებლობების ფარგლებში, რასაკვვირველია) უკეთ გამოიყენებს.

კიდევ, მგონი ვაისის კონტრაქტის პრობლემაა. ძველი ხელშეკრულება მარტში უმთავრდება, კორონამ კიდევ გადავადება თუ ახლის გაფორმება მოითხოვაო.

იმედია, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის შეფები სლოვაკ მწვრთნელთან საერთო ენას გამონახავენ. ყველანაირად სჯობს გადამწყვეტი თამაშებიც იმ კაცის ხელმძღვანელობით ჩატარდეს, ვინც გუნდი აქამდე მოიყვანა. უფრო ლოგიკურია, უფრო ლამაზია, პრაქტიკულია. სხვამ სიტუაცია რომ არ აურიოს, ან თავი უნდა მოივაისოს ან მაინცდამაინც გადამწყვეტ შეხვედრებში უნდა დაიწყოს თავისი იდეების დანერგვა.

თანაც, მართალი გითხრათ, ძალიან მეეჭვება ახლა გამოჩნდეს ვიღაც, ვინც იტყვის, ყველანი გაიწით, ეშაფოტზე მე ავალ, ფლეი-ოფში გუნდი მე უნდა გავიყვანოო და ნახევარფინალში ან ფინალში წაგების შემთხვევაში (ჯვარი გვწერია!) პასუხისმგებლობასაც იკისრებს. სხვა სიტყვებით, თავზე მეხის დასახლელადაც ისევ ვაისი სჯობს, რომელსაც პირადად მე გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას.

 

Image result for გიორგი ჩაკვეტაძე

 

რაც შეეხება, იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს ნაკრები ტრადიციულად მარტში უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ივნისში (როდესაც სავარაუდოდ ფლეი-ოფი უნდა ჩატარდეს), რას გეტყვით, იცით? ამ კორონას ხელში ვინ როდის როგორ ფორმაში იქნება და საერთოდ, ივნისი მართლა ივნისია თუ რომელიმე სხვა თვე, არავინ იცის. ხომ ხედავთ მთელს მსოფლიოში რა ხდება: ზოგი უბერავს რადგან, ვერ იმორჩილებს სულს. ზოგიც უბერავს რადგან… (დანარჩენი ნიკოლშოუს ჰკითხეთ)

 

 

 

 

 

 

.