ნესტა და ნოსტალგია

დღეს ფროსინონეს მწვრთნელის დაბადების დღეა. პერსპექტიულ სპეციალისტად თვლიან, გუნდი მესამე ადგილზე მიჰყავს და მაგრადაც ათამაშებს. მას დღეს იუბილე აქვს, 44 წლის გახდა.

 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობით... რა დროს ფროსინონეა, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველზე გვაქვს საუბარი. ალესანდრო ნესტაზე. ლეგენდარულ 13 ნომერს პროფესიულ კარიერაში 13 გოლი აქვს გატანილი, იტალიის ნაკრებში სულაც არ გაუტანია, მაგრამ ფროსინონესი არ იყოს, რა დროს გოლებია - ის მაინც ძალიან მაგარი მცველი გახლდათ.

 

ალესანდროც ერთ-ერთი იმათგანია, ცოტა შემთხვევით რომ მოხვდა ფეხბურთში. ზოგი ჭირი რომ მარგებელია, ის მომენტია... 7 წლის ბიჭმა ნეკნი დაიზიანა, ერთი წელი მკურნალობდნენ და სხვა ექიმთან ვიზიტისას მამამისს, რკინიგზელ ჯუზეპე ნესტას ურჩიეს, სპორტზე შეიყვანეო.

 

ნესტას ოჯახი რომში ცხოვრობდა და მამამ ბავშვი მოკრძალებული კლუბის, ჩინეჩიტას აკადემიაში მიიყვანა. იქ ყურადღება მიიქცია, რომას სკაუტებმა შეამჩნიეს და ჯუზეპე ნესტა რომ არა, ვინ იცის, ალესანდრო ნესტასაც ფრანჩესკო ტოტივით კარიერა ჰქონოდა. მითუმეტეს, თანატოლები იყვნენ.

 

ნესტას მამა ლაციოს გულშემატკივარი იყო და შვილიც საყვარელი კლუბის აკადემიას ჩააბარა. ნესტა 14-15 წლამდე ხან საყრდენი იყო, ხან მარჯვენა შემტევი, საბოლოოდ კი მცველად ჩამოყალიბდა.

 

18 წლისამ ითამაშა სერია ა-ში და პირველად, აბა, რით მიიქცია ყურადღება? ვარჯიშზე დაამტვრია ცნობილი ინგლისელი პოლ გასკოინი... არადა, სწორედ გასკოინი უხეშობდა და ნესტას, უბრალოდ, გაუმართლა იმ ეპიზოდში.  

ზდენეკ ზემანი და დინო ძოფი - მათ წამოსწიეს ნესტა, პატარა ასაკშივე ენდნენ და არც შემცდარან. ნესტამ 9 წელი გაატარა ლაციოში: კლუბის ყველაზე წარმატებულ პერიოდში... წავიდა ნესტა? ჩავარდა ლაციო. მივიდა მილანში? დაიწყო მილანის ხელახალი აღმასვლა. პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

ჭკუა, თამაშის წაკითხვა, ფეხებში ვარდნა, თავურები... ნესტა ბრწყინვალე იყო. 2006 წელი მისთვის თან ბედნიერი და თან, სევდიანი გამოდგა. მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაგრამ ჩეხეთთან ჯგუფის მატჩში მე-17 წუთზე დაშავდა და მარკო მატერაციმ შეცვალა. ესეც ბედი იყო. ნესტამ მუნდიალზე ვეღარ ითამაშა, მატერაციმ კი იქ საქმეები აკეთა, ნუ იტყვით.

 

იმავე 2006 წელს, ოღონდ, ოქტომბერში დაასრულა სანაკრებო კარიერა. თბილისში... დიახ, საქართველოსთან ჩაატარა ბოლო სკუადრააძურული მატჩი. იტალიამ 3:1 მოიგო. ის თამაშია, 1:1-ზე ჯაბა კანკავა რომ გააძევეს. ტრავმა-დისკვალიფიკაციების გამო კლაუს ტოპმიოლერის გუნდს ცხრა ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ დაახლოებით მე-60 წუთამდე არათუ ჩამორჩებოდა, იქით სჯობდა იტალიას. თუმცა ფეხბურთი 90-წუთიანია.

 

ალესანდრომ თბილისში მოგვიანებითაც ითამაშა. ეს უკვე კახა კალაძის ბენეფის-მატჩში.

 

ახლა აღარც ის მილანია და ან იტალიას სადღა ჰყავს ნესტას დონის მცველები? ან ნახევარნესტა სადაა?!