კორონო ლიგა

 

 

 

 

 

 

სამშაბათს უეფამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ევრო 2020-ის ერთი წლით გადაწევით. ეს ნიშნავს, რომ ახლა პრიორიტეტული საკლუბო ფეხბურთი იქნება და ზაფხულისთვის ეროვნული ჩემპიონატები და ევროთასები როგორმე უნდა ჩამთავრდეს.

დღეს, 19 მარტს, საღამოს, პრემიერლიგის ხელმძღვანელები უმაღლესი ლიგის ოცივე კლუბის წარმომადგენლებს დაელაპარაკებიან საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე. გადაწყდება, როგორ მოიქცნენ ახლო მომავალში.

ვიცით, რომ პრემიერლიგის მატჩები მინიმუმ 4 აპრილამდეა შეჩერებული. ცხადია, სულ უფრო გავრცელებადი კორონავირუსის პანდემია კიდევ შეიტანს ცვლილებებს განრიგში და ფეხბურთისთვის არავის ეცლება.

ვიდეოკონფერენცია პრემიერლიგის ახალი თავმჯდომარის რიჩარდ მასტერსის თაოსნობით ჩატარდება, რომელიც დიდი დებატების შემდეგ, დეკემბერში აირჩიეს.

 

Image result for premierleague

 

ყველა კლუბის წარმომადგენელი თავის არგუმენტს წარმოადგენს. იქნება ვესტ ჰემის ვიცე პრეზიდენტი კარენ ბრედი, რომელიც მიმდინარე სეზონის შედეგების გაუქმებას ითხოვს, თუ ლივერპულის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ მური, რომელიც სეზონის ჩამთავრების თავგადაკლული მომხრეა. ეს ბუნებრივიცაა, ლივერპული ხომ 25 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ სიტის და 30 წლის განმავლობაში პირველ ტიტულს ელის.

რა იქნება მთავარი? ცხადია, უსაფრთხოება. ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოთამაშეებისა და მაყურებლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღებენ. პრემიერლიგის მესვეურები მთავრობის რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებენ.

მოხერხდება თუ არა ტურნირის ჩამთავრება?

არის ვარაუდი, რომ დარჩენილი 92-ვე მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდეს. უარესი სცენარის შემთხვევაში კი, თუ სეზონი ვეღარ გაგრძელდა? ხომ არ ვიცით კორონავირუსი კიდევ რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. მაგალითად, გასულ კვირას ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ მისი აზრით, 75 პროცენტიანი ალბათობით სეზონი აღარ გაგრძელდება.

„შანსს ბუნდოვნად ვხედავ. ეს ამბავი რამდენიმე თვეს გასტანს. ეგ კი არა, შეიძლება მომავალი სეზონის დაწყებაც პრობლემური გახდეს. ძალიან ბევრი კითხვებია. ყველა დივიზიონში კლუბები ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან,“ - დასძინა ჩინოვნიკმა.

და მაინც, როდის შეიძლება განახლდეს სეზონი? 3 აპრილი პრემიერლიგის წარმომადგენლებს არარეალურ თარიღად ეჩვენებათ, მათი ვარაუდი უფრო ივნისის დასაწყისისკენ იხრება.

 

 

 

რა ვარიანტები არსებობს?

1.როცა შესაძლებლობა გაჩნდება, სეზონი ჩვეულებრივ გაგრძელდეს. ეს ყველაზე მისაღები ვარიანტია. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს პრინციპით, კლუბები ფინანსურადაც არ იზარალებენ ბევრს და აბონემენტების მფლობელი გულშემატკივრებიც კმაყოფილი დარჩებიან.

2. სეზონი გაუქმდეს. ეს ბრედისეული ვარიანტი აუტსაიდერი გუნდებისთვის იქნება ხელსაყრელი. ნორვიჩი, ასტონ ვილა, ბორნმუთი... მაგრამ რას ეუბნებიან ლივერპულის გულშემატკივრებს, რომლებიც 30 წელიწადია ტიტულს ელიან?

3. დამთავრდეს სეზონი ახლა. მიენიჭოს ლივერპულს ჩემპიონის წოდება და არავინ გავარდეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გაისად პრემიერლიგა 22 - გუნდიანი გახდება. ლიდსი და ვესტ ბრომვიჩი ხომ უნდა ამოვიდნენ ჩემპიონშიფიდან. მაშინ შემდეგ სეზონში უკვე ხუთი გუნდი უნდა გავარდეს.

 

და კიდევ, მანჩესტერ სიტის თეორიულად ხომ აქვს ლივერპულის გადასწრების შანსი, იქნებ ამ ვარიანტმა იმუშაოს?

მოკლედ, განსახილელი ძალიან ბევრია.

 

 

 

 

 

.