სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. რუსთავი.

VIII ადგილი. 6:8

ლიდერები: ქულა - დენზელ ლივინგსტონი,  13.9; მოხსნა - ნიკოლა ტადიჩი, 7.3; პასი - ოთარ ფხაკაძე,  5.3.

 

სეზონის წინ: რუსთავმა ამ გუნდის დაკომპლექტება ჯერ კიდევ შარშანდელი სეზონის დროს დაიწყო, რაც ბევრისთვის უსიამოვნო გახდა. რამდენიმე მოთამაშეს წინასწარი კონტრაქტი იმ დროს ჰქონდა გაფორმებული, როდესაც ისინი ჯერ კიდევ სხვა გუნდის საკონტრაქტო ვალდებულების ქვეშ იმყოფებოდნენ. ბერძენი კეცელიდისი (რომელიც ამ სეოზნის დროს გაუშვეს) ესწრებოდა ამ მოთამაშეების შეხვედრებს და იგეგმებოდა სუპერლიგის მთავარი ფავორიტის შექმნა.

რეალობა: ის, რომ კარგი მოთამაშეების ერთობლიობა არ არის წარმატებული სვლის გარანტია, ამ გუნდის თამაშმა, შედეგმა დაადასტურა. რუსთავი ქაღალდზე ყველაზე წინ არის და წლევანდელი სეზონით ამ გუნდიდან მაქსიმალურ შეფასებას იმსახურებენ ილია ლონდარიძე (12.4, 5.4 მოხსნა, 50.7 % თამაშიდან), ნიკოლა ტადიჩი (11.1, 7.3 მოხსნა, 2.5 პასი), რუსთაველი გულშემატკივრები და გუნდზე შეყვარებული პრეზიდენტი კობა კობიაშვილი. დანარჩენებმა ბოლომდე ვერ გაქაჩეს.  ქართული ჩელსის შემქნის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.

ლიდერი: რუსთავში ლიდერი რუსთაველი უნდა იყოს. შეიძლება, ეს ძველი კლიშეა, მაგრამ თითქმის ყოველთვის ასე იყო. მე გავიზარდე რამაზ გოგობერიშვილის, ირაკლი ჯაფარიძის, ვოვა ბოსიას თამაშზე და მაშინაც კი, როდესაც ენერჯი-ინვესტად შენიღბული გუნდი ყველაფერს იგებდა, აქ გოგობერიშვილი ლიდერობდა.  რუსთავი ქაღალდზე ქართული ლეიკერსია და რეალურად, სადღაც, შარლოტის დონის გუნდი. მაგარი მშრომელია ანატოლი ბოისა, მაგრამ მთავარ მწვრთნელად მისი გადაყვანა ოდნავ დაჩქარებული იყო. წარმატება ახალგაზრდა სპეციალისტს მოავალში.

კორონას რომ არ ემოქმედა: ამ გუნდისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ჩემპიონობა? ნაკლებად. თამაშის ხარისხი მიუღებელი იყო. ერთ გუნდში ყველა ლიდერი ვერ იქნება.   

შეფასება: 10-დან 4.

 

ფოტო: www.gbf.ge