ტრასის ჯადოქარი

აირტონ სენა 60 წლის გახდებოდა.

 

1994 წლის 1 მაისი... იმ დღეს აღდგომის დღესასწაული იყო. შუადღით ფორმულა 1-ში სან-მარინოს გრან-პრი დაიწყო. რიგით მესამე. წინა ორი აირტონ სენას წაგებული ჰქონდა და ბევრი ელოდა, რომ ამჯერად ყველაფერს თავის ადგილზე დასვამდა და ორ საათში კვარცხლბეკზე შამპანურით იწუწავებდა.

 

ლიდერობდა კიდეც, მაგრამ მერე რაც მოხდა, ყველამ იცის. შეჯახება, უგონოდ ყოფნა, სასწრაფოდ გადაყვანა ბოლონიის საავადმყოფოში, თუმცა ამაოდ: სენა გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

აირტონ სენა ფორმულა 1-ში ისეთივე იყო, როგორც ბრაზილია ფეხბურთში. როგორც სელესაოს შერჩა „ბურთის ჯადოქრების“ სახელი, ასე ეძახდნენ სენას „ტრასის ჯადოქარს“. მან ახალი ელემენტები შეიტანა: რისკი, მოულოდნელი გასწრებები, არსაიდან მოგებული რბოლები. ჯერ კიდევ სუსტ „ლოტუსში“ იჯდა, როცა გრან-პრი მოიგო, რაც იმ დროს წარმოუდგენელი ჩანდა.

 

მოკლედ რომ ვთქვათ, სენა ციფრებზე და მათემატიკაზე მაღლა იდგა. თან, გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო ძალიან უყვარდათ. დიდი ქველმოქმედი იყო, ბრაზილიაში კი ღარიბებს რა გამოლევდა. არადა, თავად მდიდარ ოჯახში დაიბადა, მამამისი მილტონ და სილვა სან-პაულოს დიდი ავტოქარხნის მეწილე გახლდათ. ბრაზილიაში ხომ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ღარიბი ოჯახის შვილები ხდებოდნენ დიდი სპორტსმენები...

 

ერთი განსაკუთრებული მომენტი გავიხსენოთ: 1993 წელი, დიდი ბრიტანეთის გრან–პრი, დონინგტონ პარკი... ბევრი სპეციალისტის აღიარებით, ეს საუკეთესო მომენტია ფორმულა 1–ის ისტორიაში. კონკრეტულად ერთ წრეში მსგავსი რამ რომელიმე პილოტს მოემოქმედებინა, არც მანამდე ყოფილა და არც მას შემდეგ.

 

წვიმა იყო, წვიმაში კი სენა ძალიან მაგარი იყო. ბრაზილიელის მაკლარენი სტარტზე მეოთხე იყო, მაგრამ ერთი წრეც არ იყო გასული, როცა პირველი მიჰქროდა.

 

საოცარი ისაა, რომ მეოთხე ხომ იყო, სტარტიც ცუდად აიღო, მაგრამ ჯერ კარლ ვენდლინგერს გაუსწრო, მესამე მოსახვევში მიხაელ შუმახერს გასცდა, მეშვიდე მოსახვევში დეიმონ ჰილს ცხვირწინ ჩაუქროლა, ხოლო შემდეგ – ალენ პროსტს.

 

 

სენა სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი (1988, 1990, 1991) და იმ წლებში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარებდნენ. ბრაზილიაში აირტონ სენა და სილვა პოპულარობით ყველა ფეხბურთელს უსწრებდა. ბრაზილიაში! ფეხბურთელებს! ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს...

 

1994 წელი. სენას გარდაცვალებიდან ორთვენახევარში ბრაზილია ფეხბურტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. იტალიასთან ფინალის მერე ფეხბურთელებმა „ტრასის ჯადოქრის“ ხსოვნისადმი საპატივსაცემო ტრანსპარანტი ასწიეს.