სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. ოლიმპი

V ადგილი. 8:6

ლიდერები: ქულა - კორი ჰოლდენი, 13.2; მოხსნა - აკიეან ფრედერიკი, 8.4; პასი - რეზო როგავა, 4.4.

 

სეზონის წინ: ოლიმპი აგრძელებს ეტაპობრივად პროგრესირებას და ალბათ, ეს არის ის, რაც გუნდის მფლობელებს სურთ. აქცენტი პერსპექტივაზეა და ამ სეზონში ოლიმპი უფრო კარგია, ვიდრე - პირიქით. კიდევ ერთი კარგი გუნდი ოლიმპის ისტორიაში, რომელიც ყველაზე ახლოს არის (იყო, იქნება?) ფინალთან. სიღრმე, კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობა ყველა პოზიციაზე და ენერგიული კალათბურთი. მე ოლიმპი მომწონს. ალბათ, არა მხოლოდ მე.   

რეალობა: ოლიმპი აგრესიული გუნდია. ოლიმპზე ხშირად დარიმჯებიან (20.3, III შედეგი სუპერლიგაში). ოლიმპი ძალიან კარგად ასრულებს საჯარიმოებს (73.7, I) და, ოლიმპმა ისწავლა დაცვაში ზედმეტი ფოლის გარეშე თამაში. ჯარიმები არის, მაგრამ ეს კარგი ჯარიმებია და აქ ჩანს მთავარი მწვრთნელის, დმიტრი ჟაკობოვის მუშაობის შედეგი. ოლიმპი კარგად ემზადება მატჩისთვის, ოლიმპი ორგანიზებულია და ერთადერთი, რაც გუნდს აკლია, არის ჩემპიონობა. აი, ეს უკვე რთულია. გუნდი ცოტას აგდებს (VII) და გუნდი ბოლო ადგილზეა ჩაჭრებში. ფლეი ოფში ეს კომპონენტები ოდნავ მაღალ დონეზე უნდა იყოს.

ლიდერი: ბოლო წლებში აქ არაფერი არ იცვლება. რეზო როგავა არის ვოკალური ლიდერი, რომელმაც იცის მოგება. არ დამითვლია, მაგრამ ბოლო რამდენიმე სეზონში რეზოს ყველაზე მეტი გადამწყვეტი სროლა აქვს შესრულებული. და, ჩაგდებული. ძალიან კარგი პირველი ნომერი, რომელმაც გააუმჯობესა საშუალო სროლა და სამიანიდანაც სანდოა. შეგიძლია, ბოლომდე ენდო.  

კორონას რომ არ ემოქმედა: აი, აქ მართლა ვიჭედები. ქაღალდზე, ოლიმპი პირველ სამეულშია და არის თამაშები, როდესაც გუნდი დაკარგულია და ზედმეტად პასიურ კალათბურთს თამაშობს. საჩემპიონო ამბიციები აქ იკარგება. ჟაკობოვი ჭკვიანი სპეციალისტია, მაგრამ ხანდახან სიმარტივეც კარგია. მოთამაშეებმა რომ უკეთ გაგიგონ.    

შეფასება: 10-დან 6.

 

ფოტო: www.gbf.ge