რა იქნება ესპანეთში???

ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ვარაუდობს, რომ ევროპის ტოპ ლიგები მაისში ჩემპიონატებს განაახლებენ. ტებასმა მარკას მისცა ინტერვიუ, რომელიც გადმოვაქართულეთ. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს.

რა მონაცემები გაქვთ ხელთ პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით? 

— ფეხბურთელებს შორის სურათი ზუსტად იგივეა, რაც საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. საქმე ის არის, რომ ვირუსი ჯერჯერობით აღმავლობას განიცდის და კიდევ ორი კვირის განმავლობაში ასეთსავე ვითარებას უნდა ველოდოთ.  ამასთან, ვინაიდან ფეხბურთელებს ნავარჯიშები, ძლიერი ორგანიზმები აქვთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა ისინი მაღალი რისკის ჯგუფს არ განეკუთვნებიან. არის ქრონიკული დაავადების რამდენიმე შემთხვევა, რომელთაც, ჩემი ინფორმაციით, კლუბებში სათანადო ყურადღებას აქცევენ.

 ესპანიოლმა, ვალენსიამ და ალავესმა დაადასტურეს, რომ მათ კლუბებში არაერთი დასნებოვნებულია, თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზული გართულებები არ აქვთ. გაქვთ რაიმე გეგმა თუკი მოვლენები დრამატულად განვითარდება? არის კი მზად ლა ლიგა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებისთვის?

 — არა. არსებობს მოვლენათა განვითარების ისეთი სცენარები, რომელთა საწინააღმდეგოდაც ვერაფერს დაგეგმავ. გულწრფელად რომ გითხრათ, არანაირი შესაბამისი გეგმა არ გვაქვს.

 

Image result for xavier tebas

 

 როდის არის ლა ლიგის თამაშების განახლება ყველაზე რეალისტური?

 — გეგმის თანახმად გვინდა, რომ მხოლოდ ლა ლიგა კი არა, ევროპის ყველა წამყვანი ჩემპიონატი მაისის შუა რიცხვებში განახლდეს. უკლებლივ ყველა. რასაკვირველია, ყველაფერი პანდემიის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ჩემპიონატები უფრო ადრეც კი განვაახლოთ, მაგრამ საბაზისო ვარიანტად მაისის შუა გვაქვს დათქმული.

თამაშები მაყურებლის გარეშე ჩაივლის?

 — ეს ყოველი კონკრეტული ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტროზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ერთად უნდა მოვამზადოთ 30-ზე მეტი ლიგის კალენდარი. ყველაფერი ურთიერთშეთანხმებული უნდა იყოს.

ახლანდელი სეზონის გადაკეთებაზე უფრო ადვილი 2020-21 წლების სეზონის შეცვლა ხომ არ არის?

— ჩვენ არც ერთი სეზონის გადაკეთება არ გვინდა. ასეთი რამ გეგმაში არ გვაქვს. შექმნილ მდგომარეობაში ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ შემჭიდროებულ ვადებში თამაშის სცენარზე. თუ პრობლემას მოკლე ვადაში ვერ გადავჭრით, მაშინ გვექნება მეტი დრო მისი გრძელვადიანი მოგვარებისთვის. თუმცა, ამაზე ჯერ არ გვიფიქრია.

ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაზე რაღას იტყვით? ამ ორ შეჯიბრებასთან დაკავშირებით ყველაზე რეალისტური სცენარი რა გაქვთ?

— იგივე. ყველაფერი იმავე პერიოდში უნდა მოვასწროთ. ვფიქრობ, უეფა მხარში გვიდგას და ყველას კარგად მოგვეხსენება, რაზე დაგვჭირდება წასვლა პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენი მიზანია ყველა შეჯიბრება განვაახლოთ. ყველაფერს ერთობლივი ძალებით ვუხელმძღვანელებთ. ცალკე ესპანეთის ჩემპიონატს ვერაფერს ვუზამთ.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა თქვენს ინიციატივას, ტესტირება ჩაუტარდეს ყველა პროფესიულ კლუბს, არაპატრიოტული უწოდა. მისი აზრით, არ შეიძლება ფეხბურთელების შემოწმება, როდესაც რიგით მოქალაქეებს ამის საშუალება არ აქვთ.

— ეს სამსახური ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე მუშაობდა. ის სრულიად კერძოა და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ჩვენ ის რეალური სურათის დახატვისთვის გვჭირდებოდა. რაც შეეხება ცნებას „არაპატრიოტული", ეს დემაგოგიაა. ახლა ის დრო არ არის, ერთმანეთს ვუმტკიცოთ ვინ უფრო დიდი პატრიოტია. მეეჭვება რუბიალესმა იცოდეს რა მოხდა სინამდვილეში.

და ერთადერთი კლუბი, რომელმაც თქვენს ინიციატივაზე უარი განაცხადა, ვალიადოლიდი იყო. რას იტყვით ამაზე?

— მირჩევნია, დეტალებში არ შევიდე. ზოგი დემონსტრაციული ნაბიჯი მაოცებს. მიჯობს, ტესტირებაზე უარის თქმის ნამდვილ მიზეზებზე ახლა არ ვილაპარაკო.