"გადაწყვეტილება მიღებულია - ოლიმპიადა გადაიდება"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, დიკ პაუნდმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ტოკიოში გასამართი ოლიმპიადა გადაიდება. სავარაუდოდ, სპორტული ღონისძიება 2021 წელს ჩატარდება.

 

"საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ზუსტად არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, თუმცა ნამდვილად ვიცი - 24 ივლისს ოლიმპიადა არ დაიწყება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოლიმპიურ თამაშებს აუცილებლად გადადებენ", - თქვა დიკ პაუნდმა.

 

გეგმის მიხედვით, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარდეს. სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურმა კავშირებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ოთხწლეულის მთავარი სპორტული ღონისძიების გადადების თხოვნით არაერთხელ მიმართეს.

 

მოგეხსენებათ, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. რამდენიმე სპორტულ სახეობაში საკვალიფიკაციო ტურნირები ჯერ არ დასრულებულა. გარდა ამისა, სპორტსმენები სათანადოდ ვერ ემზადებიან, რადგან კარანტინის გამო მათ უმრავლესობას სახლში ყოფნა უწევს.