სუპერლიგა. სეზონის საუკეთესო დამცველი

მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი)


რუსთავმა სეზონის განმავლობაში ვერ დაალაგა პრობლემები. და, ამ გუნდის ორი ყველაზე ნათელი წერტილი იყო ორი ვეტერანი. საქართველოს ნაკრების ორი წევრი, თუმცა, ეს ამ გუნდის თითქმის ყველა ქართველს ეხება.

შეტევაში შეუცვლელი იყო ილია ლონდარიძე.

დაცვაში ყველაზე ნაკლებ შეცდომას მერაბ ბოქოლიშვილი უშვებდა.

ბოლო წლებში მერაბი უკეთესი გახდა. და, ეს პირველ რიგში, მის დაცვას, დაზღვევას ეხება. მერაბი კარგია, როგორც დამხმარე დამცველი, რომელიც დროულად ადის ორმაგი მეურვეობის დროს თანაგუნდელის კაცზე. და, მას არ ეზარება მუშაობა, სწავლა.

თუ ბოლო პერიოდში საუკეთესო ქართველ დამცველებზე ვსაუბრობთ, ყველაზე კარგი (ძალიან დიდი უპირატესობით) ლევან ფაცაცია იყო. და, მგონია, რომ ლევანი ბოქოლიშვილზე ბევრ კარგს იტყვის.

საუკეთესო დამცველი არ უნდა იყოს საუკეთესო დაფარებების და ჩაჭრების საერთო და საშუალო რაოდენობით. ის, უბრალოდ, ყველაზე სასარგებლო უნდა იყოს. სტატისტიკაზე შეყვარებულები ჩვენც გვყავს, მაგრამ აქ სხვა შემთხვევაა. ბოქოლიშვილის სტაბილურობა დაცვაში გუნდისთვის ფასდაუდებელია.

მერაბი არა მხოლოდ კარგი, ამ შემთხვევაში, საუკეთესო დამცველია. მან გააუმჯობესა სამიანების პროცენტი და ამ სეზონში კარიერაში ყველაზე კარგი პროცენტით (35.7) ისროდა გარედან. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რუსთავი დასალაგებელი იყო. რუსთავი ძალიან კარგი იყო ეპიზოდურად და ძირითადად, გუნდი მძიმედ თამაშობდა. ამ კომპონენტში მერაბი ყველაზე მეტი (ლონდარიძესთან ერთად) ენთუზიაზმით გამოირჩეოდა.

მოთამაშე, რომელიც არ გიგდებდა ტემპს შეტევაში და დამცველი, რომელიც სიამოვნებით ადიოდა მეორე გუნდის საუკეთესო მსროლელზე ან, ეპიზოდურად, პირველ ნომერზე.

მთელი ეს პროცესი მერაბ ბოქოლიშვილს დამსახურებულად აძლევს სუპერლიგის საუკეთესო დამცველის (ჯერ) არაოფიციალურ ტიტულს.

ძალიან კარგი იყო. მართლა, ძალიან კარგი.

 

ფოტო: www.gbf.ge