1941-1945 გერმანიაში: ომი და ფეხბურთი...

რამდენიმე დღის წინ ვწერდით იმ შემთხვევებზე, როცა ქვეყნის ჩემპიონატი შეწყდა და აღარ გაგრძელდა (https://leadersport.ge/ge/news/details/13347). თემატურია... ყველამ იცის, რაც ხდება კორონავირუსის გამო.

 

ბევრს დააინტერესებს, როგორი იყო გერმანიის ჩემპიონატი მეორე მსოფლიო ომის დროს. სხვათა შორის, უშუალოდ ომის პერიოდში მხოლოდ ერთი სეზონი ჩავარდა: ადოლფ ჰიტლერის ბრძნება იყო, რომ ჩემპიონატი არ შეწყვეტილიყო, რადგან გერმანელ ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარდა და ჰიტლერიც ხშირად ესწრებოდა თამაშებს.

 

ბუნებრივია, ყველა მატჩი იწყებოდა ნაცისტური მისალმებით.

 

ცნობილია, რომ ფაშისტის საყვარელი კლუბი გელზენკირხენის შალკე იყო და არავის გაუკვირდება, თუ ცხრილს ჩახედავს და ნახავს, რომ 1933 წლიდან მოყოლებული (როცა ჰიტლერი გერმანიის პირველი კაცი გახდა), შალკეს ზეობა დაიწყო. პირველივე სეზონში (1933/1934) გელზენკირხენის გუნდი ჩემპიონი გახდა... მთლიანობაში, იმ წლებში 6-ჯერ მოიპოვა ტიტული. რატომ მაინცდამაინც შალკე? საქმე ისაა, რომ გელზენკირხენი მეშახტეების და ზოგადად მუშთა კლასის ქალაქია, ეს კი ჰიტლერის აზრით, მუშების გამარჯვება იყო. 

 

აი, გავყვეთ: 1934-შალკე, 1935-შალკე, 1936-ნიურნბერგი, 1937-შალკე, 1938-ჰანოვერი, 1939-შალკე, 1940-შალკე, 1941-რაპიდი (ვენა), 1942-შალკე, 1943-დრეზდენი, 1944-დრეზდენი... შემდეგ?

 

1944-1945 წლების სეზონი დაიწყო, მაგრამ სამი კვირის დაგვიანებით. ქვეყანა აგონიის პირას იყო, ადამიანური რესურსი აღარ არსებობდა. სადღა თამაშობდნენ ებრაელები... ზოგიერთი მატჩი ეზოს დონეზე ტარდებოდა და ერთხელ სარეკორდო 32:0 დაფიქსირდა. ჰიტლერი მოითხოვდა ჩემპიონატის გაგრძელებას, მაგრამ კლუბები იშლებოდნენ. პოლონეთის, ავსტრიისა და ლუქსემბურგის რეგიონებში საერთოდ გაჩერდა ფეხბურთი...

 

ან იქამდე როგორ ჩატარდა? არსებობდა რეგიონალური ლიგები, რომლებსაც გაულიგა ერქვა. ამ ლიგებში ირკვეოდნენ ჩემპიონები და მერე ერთმანეთში თამაშობდნენ. მაშინდელ გერმანიაში შედიოდნენ ავსტრია, საფრანგეთის ნაწილი, ლუქსემბურგი, პოლონეთის ნაწილი, ჩეხეთი... ასეთი გაულიგა 1943 წელს უკვე 31 იყო!

 

და ომის მერე? 1945 წლის 4 ნოემბერს (ომის დასრულებიდან ექვს თვეში) გერმანიაში პირველად ჩატარდა საფეხბურთო მატჩი. ქვეყნის სამხრეთში დაიწყო ობერლიგა, რომელიც შტუტგარტმა მოიგო. მერე სხვა რეგიონებშიც დაიწყეს... 1948 წელს ომის მერე პირველად გამოვლინდა ჩემპიონი - ნიურნბერგი. 1963 წლამდე ასე ხდებოდა, ტარდებოდა რეგიონული ლიგები, მათი გამარჯვებულები კი მოკლე დროში ერთმანეთში არკვევდნენ ჩემპიონის ვინაობას. ცოტა არ იყოს, არასრულფასოვანი სქემით ატარებდნენ ჩემპიონატს.

 

თუმცა ამ არეულ-დარეულ და არასრულფასოვანი სქემის ფონზე კი, გფრ მსოფლიო ჩემპიონი გახდა! ბერნის სასწაული, გზა ფინალამდე და იქ უნგრეთთან მოგება - ორბურთიანი ჩამორჩენის მერე 3:2.  

 

აი, 1963 წელს კი ბუნდესლიგა დაარსდა და ყველაფერი დალაგდა.

 

ისე, ომისდროინდელი გერმანული ფეხბურთი მართლაც ცალკე ფენომენი იყო. ოფიციალურად, მეორე მსოფლიო ომის დროს ბოლო მატჩი 1945 წლის 23 აპრილს შედგა. მიუნხენური დერბი, ბაიერნი-მიუნხენ 1860 3:2.

 

ზოგადად, მიუნხენი და მთლიანად ბავარია ამერიკელების ხელში იყო, მათ კი გერმანელებს თამაშის ნება დართეს.  

 

სეზონის მიმდინარეობა: (1940-1941) https://schalke04.de/verein/tradition/alle-spiele-alle-tore/dfb-pokal/deutscher-pokal-1941/