გაზეთი ტუალეტის კედელზე

 

 

 

 

 

 

 

ესპანურ ფეხბურთს კორონავირუსმა უკვე წაართვა ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი. 21 მარტს მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი, 76 წლის ლორენსო სანსი ამ ეპიდემიის მიზეზით გარდაიცვალა.

17 მარტს ის მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს და კორონავირუსი დაუდგინეს. იქამდე მან არ მოისურვა ჰოსპიტალში ყოფნა და რვა დღე შინ თვითიზოლაციაში გაატარა. თუმცა ამან მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ისევ მოხვდა სამედიცინო დაწესებულებაში, უკვე ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით. ექიმებმა მისი გადაჩენა ვეღარ მოახერხეს.

რეალს ბევრი პრეზიდენტი ჰყოლია, მაგრამ ამ ადამიანს განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებენ ხოლმე. მან ხომ სამეფო კლუბს ევროპის ჩემპიონის სტატუსი დაუბრუნა. მანამდე ამას მადრიდელები 32 წლის განმავლობაში ელოდნენ.

 

Image result for lorenzo sanz in as end klarens zeedorf

 

ჩემპიონთა ლიგის 1998 წლის  ფინალის შემდეგ, რომელშიც რეალმა იუვეტუსი 1:0 დაამარცხა, პრეზიდენტმა სანსმა, გაზეთ AS-ის თავფურცელი მოხია, სადაც ეწერა: მეფეთა მეფე, დიდ ფოტოზე კი თავად იყო გამოსახული, თასშემართული მხრებზე ეჯდა კლარენს ზეედორფსა და საკუთარ შვილს, ფერნანდოს. ეს ფურცელი საკუთარ ტუალეტში კედელზე გააკრა.

„ეს როგორ უნდა დამვიწყებოდა. ყოველ დილით, გაღვიძებისას, შევდიოდი და ამ ტრიუმფალურ საოცრებას ვუცქერდი,“ - იხსენებდა მერე სანსი.

ორ წელიწადში რეალმა ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სულ ორი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც ფეხბურთელებმა  საზეიმოდ გაწუწეს შამპანურით, რომ კლუბის პრეზიდენტად არჩევნებში მის მაგიერ ფლორენტინო პერესი აირჩიეს. ხუთ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მოგება საკმარისი არ აღმოჩნდა.

სანსი მადრიდის რაიონ ჩამბერიში დაიბადა 1943 წელს. ის მოყვარული მოკრივის შვილი გახლდათ, უფროსი 10 დედმამიშვილს შორის. ის ყოველთვის ამაყობდა, რომ მამასთან ერთად დაესწრო ჩემპიონთა თასის მეორე ფინალს. ბერნაბეუზე სიარული კი 10 წლისამ დაიწყო ბებიასთან ერთად, რომელიც სტადიონზე წყალს ჰყიდდა.

სანსი ერთ ხანს ადგილობრივი სამოყვარულო გუნდის მეაკრე იყო. მის შვილებსაც ჰქონდათ შეხება სპორტთან. უფროსი ლორენცო ორი წლის განმავლობაში რეალის საკალათბურთო გუნდის წევრი იყო.

 

Image result for lorenzo sanz in as end klarens zeedorf

 

პაკომ რვა მატჩი ითამაშა პრიმერაში ოვიედოსა და მალიორკას შემადგენლობაში. ფერნანდო კი ოთხი სეზონი რეალის პირველ გუნდში თამაშობდა, თუმცა მწვრთნელი ფაბიო კაპელო შემდეგ ამბობდა, მაიძულებდნენ მის ძირითად შემადგენლობში დაყენებასო. მოგვიანებით ისინი გრანადასა და მალაგას პრეზიდენტები გახდნენ. უფრო სწორად, მალაგა სანსმა იყოდა 2006-ში, ხელმძღვანელობა კი ფერნანდოს გადააბარა. ოთხ წელიწადში მალაგა ყატარელებს მიჰიდეს.

სანსის უფროსი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა რეალის ვარსკვლავს მიჩელ სალგადოს.

სანსმა ახალგაზრდობაში მუშაობა პირველად საპარიკმახეროში დაიწყო. შემდეგ კი უძრავი ქონების სფეროში გადაერთო და წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ძალიან ხმაურიანი კარიერა ჰქონდა. ხშირად უხდებოდა სასამართლოებში სიარული, ბრალს სდებდნენ მაქინაციებში, საბანკო ანგარიშების გაყალბებასა და კულტურული ღირებულებების კონტრაბანდაში.

 

Image result for lorenzo sanz in as end klarens zeedorf

 

სანსი რეალის პრეზიდენტად 1995 წელს აირჩიეს და 2000 წლამდე, ანუ ხუთი წლის განმავლობაში  რვა მწვრთნელი გამოცვალა: ხორხე ვალდანო, არსენიო იგლესიასი, ფაბიო კაპელო, იუპ ჰაინკესი, ხოსე ანტონიო, გუს ჰიდინკი, ჯონ ტოშაკი და ვისენტე დელ ბოსკე...

ფეხბურთელებზე საუბარი აღარ არის.

სანსი მაინც მადრიდელთა ერთ-ერთი გამორჩეული პრეზიდენტი იყო.

 

 

 

 

 

.