სუპერლიგა კორონამდე. გუნდების შეფასება. თსუ

II ადგილი. 9:6

ლიდერები: ქულა - გიორგი ტურძილაძე, 6.2; მოხსნა - გიორგი კორსანტია, 11.5; პასი - სანდრო სანაძე, 4.1.სეზონის წინ: თსუ შეიცვალა. კლუბმა აქცენტი შედეგიან მწვრთნელზე გააკეთა და დელტადან ჩემპიონი, ლექსო ლაფანაშვილი წამოიყვანა. ლექსო ბოლო წლებში გამორჩეულად წარმატებული გახდა. და, ლექსომ კარგი მოთამაშეებით ელეგანტური და მომენტებში, დაუნდობელი გუნდი შექმნა. თსუ-მ ნდობა ნიჭიერ და არასტაბილურ გიორგი ტურძილაძეს მისცა. ბევრი მსურველი ჰყავდა, მაგრამ მაინც დარჩა გუნდში გიორგი კორსანტია. სტუდენტური ამბები დალაგდა და კლუბი მზად იყო. ყველაფრისთვის. ყველასთან. ბოლომდე.  

რეალობა: ტურძილაძე რეგულარულის ყველაზე შეუჩერებელი და კორსანტია კლუბის ყველაზე სტაბილური მოთამაშეები გახდნენ. ორი გიორგი. ორმაგი ცენტრი, რომელიც ოპერირებდა როგორც სამწამიანში, ასევე - პერიმეტრზე. თუ ტურძილაძის არეალი უფრო შიგნით, ცენტრის ტერიტორიაზე იშლებოდა, კორსანტიამ გარედან ჩაგდებაც დაამუღამა. და, დანარჩენები საოცარ ფიზიკურ ფორმაში შეხვდნენ სეზონს. თსუ გარბოდა და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ამ არარეალური ტემპით ენერგიას ართმევდა. თსუ ამ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი იყო და შემდეგ, ლექსომ რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. და, გუნდი დაიშალა. ზედიზედ რამდენიმე წაგება, უხარისხო დაცვა და ქუთაისთან ჯერ მოგებული და შემდეგ, წაგებული ჩეხვა. თსუმ სეზონი მხოლოდ მეორეზე დახურა.  ტურძილაძე და კორსანტია ნაკრებში გამოიძახეს. დამსახურებული დაფასება. და, ეს ლექსოს აყვანამ და მეტმა ნდობამ მოიტანა.

ლიდერი: ალბათ, მაინც მთავარი მწვრთნელი. შარშან, როდესაც გამიმართლა და ლექსოსთან ერთად დელტაში ვიყავი, ამ ახალგაზრდა კაცის ხასიათი, მიდგომა და პროფესიონალიზმი დავაფასე. მთელმა გუნდმა დააფასა. და, დელტამ ყველა მიანგრია და ეს ლექსომ შექმნა. ეს ლექსოს კარიერული მწვერვალი გახდა. როდესაც ჩემპიონატი განახლდება, თსუმ უნდა შეინარჩუნოს ლიდერები. უნდა დაიტოვოს (თუ შეძლებს) ორივე გიორგი და მჯერა, რომ ეს კლუბი ჩემპიონობის ფავორიტი იქნება. მანამდე - თავს ვუხრით ლექსოს.  

კორონას რომ არ ემოქმედა: ლექსო დაბრუნდა, გუნდმა წააგო კაქტუსთან, მაგრამ თსუ ფლეი ოფს სრულ მზადყოფნაში ხვდებოდა. და, ორ გუნდთან ერთად ჩემპიონობის ფავორიტი იყო. სხვებმაც მოუმატეს, მაგრამ ამ გუნდმა რეგულარული გაალამაზა, ბევრი ფერი მისცა. მადლობა, ბიჭებო!

შეფასება: 10-დან 8.