ირაკლი ხოშტარია. მწვრთნელი, რომელიც მზად არის

ვერამ რეგულარულში 9 თამაში მოიგო. 6 ვერ მოიგო. და, დებიუტანტისთვის ეს მისაღები შედეგი არის. ალბათ, არის. გააჩნია, როგორ მიიღო ეს სტატისტიკა ვერას მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ.

ზოგადად, ბევრი კომპლიმენტი ყოველთვის ბევრია. და, ირაკლის შემთხვევაში მხოლოდ ერთს დავამატებ - ჩვენ ვსაუბრობთ მწვრთნელზე, რომელიც ყოველთვის მზად არის. ყველაფრისთვის. ყურადღებისთვის, ახალი გამოწვევისთვის, წარუმატებელი პერიოდისთვის. და, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ის არ გაწირავს სხვას. არასოდეს. ეს ბევრია. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი. მწვრთნელს შეიძლება ჰქონდეს მძიმე ხასიათი. მწვრთნელი, შეიძლება იყოს ზედმეტად მომთხოვნი და ზოგისთვის ზედმეტად პროფესიონალი, მაგრამ თუ ამ მწვრთნელს ადამიანურად ენდობი, შენ მას ბოლომდე ემეგობრები, დაუჯერებ.

 

ირაკლიმ ვერას, საკუთარი სეზონი შეაჯამა.

ირაკლი ხოშტარია: ცოტა რთულია ამ ეტაპზე დასრულებული სეზონის შეჯამება. იწყებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - ფლეი ოფი. გუნდების უმეტესობა ცდილობს კარგ ფორმაში ამ დროს შევიდეს და ალბათ, ბევრს გული დაწყდა. ვერასთვის ეს იყო სეზონი, როდესაც ჩვენ ბევრ ნიუანსს ვაკვირდებოდით, ვცდილობდით უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი და მთლიანობაში, ცუდი არ იყო. უბრალოდ (მაქსიმალისტად ნუ ჩამთვლით), ყოველთვის მეტის, უკეთესის სურვილი გაქვს.

ვერას 9:6. მოსალოდნელი იყო ეს შედეგი?

ი.ხ: მისაღები შედეგია, თუმცა, მისაღები არ ნიშნავს - კარგს, დამაკმაყოფილებელს. ჩვენ გვქონდა ერთმანეთის უკეთ გაცნობისთვის აუცილებელი დრო, პერიოდი. ვთვლი, რომ გუნდის ყველა წევრმა მაქსიმუმი გააკეთა, რომ სეზონი კარგად წასულიყო. ყოველთვის ყველაფერი გეგმით ვერ აეწყობა, მაგრამ ჩვენ ვიღებდით დადებითს წაგებული მატჩებიდანაც და ეს განწყობა წინსვლისთვის აუცილებელი იყო.

ვერას ლეგიონერებზე.

ი.ხ: ჩვენი ორი ლეგიონერი, (ბრენდონ) სლაი და (მაიკ) ჰიუზი გუნდს A ლიგაშიც ეხმარებოდნენ და ამ დონეზე ადაპტაცია სწრაფად გაიარეს. დაგვეხმარა მესამე ლეგიონერიც (უენდელ ლიუისი). რა თქმა უნდა, ყოველთვის გაქვს სურვილი, რომ გუნდში ოდნავ მაღალი დონის მოთამაშეები გყავდეს, მაგრამ არსებული რესურსით უკმაყოფილო არ ვარ. ლეგიონერებმა გუნდს დახმარება გაუწიეს. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო.

ზოგადად, სუპერლიგის დონეზე. თქვენი აზრის მოსმენამდე, მინდა გითხრათ, რომ საერთო დონის გათანაბრებას მე უფრო ამ დონის დაცემას ვუკავშირებ, ვიდრე - პირიქით. თქვენ?

ი.ხ: გეთანხმებით. ჩემპიონატის საერთო დონის ამაღლებას ხელი უნდა შეუწყოს ყველამ ერთად. ყველა ცდილობს ამის გაკეთებას და თუ ამ მცდელობას არ დააკლებს, წინ წავალთ. გუნდებიც უკეთეს მოთამაშეებს დაიმატებენ და ეს ხელს შეუწყობს პროგრესს.

სუპერლიგაში წელს რამდენიმე მოთამაშემ მაგრად მოუმატა. გიორგი ტურძილაძემ, სოსო გოგნაძემ. და, არ შეიძლება არ დავასახელოთ თქვენი გუნდის ვეტერანი ვახტანგ ქადარია.

ი.ხ: ქადარია გამოცდილია და მან გუნდს ბევრი მისცა. პირველ რიგში, მინდა დავახასიათო ეს მოთამაშე, როგორც სანდო და ძალიან კარგ ადამიანად. რომელსაც ყველაფერში, და არა მხოლოდ კალათბურთში ენდობი. მე მას ავუხსენი, რომ ყოველთვის არის დრო საკუთარ თავზე მუშაობის, მომატების, წინსვლის. შენ უნდა ეცადო, რომ გახდე უკეთესი. და, მიხარია, რომ მან, როგორც გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ეს გაიგო. ქადარიასთან პირველად ვიმუშავე და მისგან, როგორც ადამიანისგან ბევრი ვისწავლე.

გივი ბაქრაძე.

ი. ხ: სუპერლიგის ყველა გუნდს გამოადგებოდა. გამოცდილებით, კლასით, მონდომებით. ბაქრაძე პროფესიონალია და ჩემი აზრით, ეს შესამჩნევია. გივისთან ადრე მქონდა ნამუშევარი. მესიამოვნა, რომ ეს სეზონი ერთ გუნდში გავატარეთ.

რჩებით ვერაში?

ი.ხ: გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი მქონდა გაფორმებული და მინდა, მადლობა გადავუხადო ვერას ნდობისთვის. ზოგადად, უკეთესია, თუ შენ 3, 5-წლიან პროექტში ხარ ჩართული და შესაბამისად, მეტი გარანტიები და მუშაობის თავისუფლება გაქვს, მაგრამ ეს საჭირო, დასამახსოვრებელი სეზონი იყო. იცით, 7-8 სეზონი მე ვმუშაობდი დინამოში. იყო წარმატებაც, ვიგებდით ფინალებს და იყო ჩავარდნებიც. ბევრი ვისწავლე და საიამოვნებით გავუზიარებ ამ გამოცდილებას ნებისმიერს, ვისაც ეს დასჭირდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირადად თქვენს საინფორმაციო საშუალებას მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, ბევრი პოზიტივისთვის და ჯანმრთელობა, მხნეობა ვუსურვო მთელ საქართველოს ამ რთულ პერიოდში.