ბიჭი, რომელიც ბალახს ჭმუჭნიდა

 

 

 

 

 

 

 

დღეს საქართველო ბელარუსს უნდა შეხვედროდა. რამდენი ხანია ჩვენს გუნდს ასეთი პრინციპული თამაში აღარ ჰქონია. მომენატრა. მე კიდევ რა, თაობებია წამოსული, რომელთაც ქართული გუნდის გადამწყვეტი შეხვედრა არ უნახავთ. უნერვიულიათ ბარსელონაზე, რეალზე, მილანზე, ლივერპულზე… თავიანთი გუნდის  ნახევარფინალი და ფინალი კი არ დაუგემოვნებიათ.

ამიტომაც, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. გადაიდო თამაში. 2 ივნისს დანიშნესო. იმედია, მანამდე ამ კორონას ან გავაგდებთ, ან თავისით წავა. ისიც ცოცხალი ორგანიზმია ბოლოს და ბოლოს, იქ უნდა სადაც წყნარად იცხოვრებს. ადამიანის ორგანიზმში კი ყველა ვარიანტში კვდება. ან მარტო, ან ადამიანთან ერთად.

ის კი არა, მთელი ევრო 2020 გადაიდო. ევრო 2021 გახდა და სახელწოდებით კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს დაემსგავსა — ევრობასკეტ 2021-ს, რომლის მასპინძლები ჩვენც ვართ. კიდევ კარგი, 2021 წლის 2-19 სექტემბერი შორს არის და კორონა ვერ მიწვდება.

და აი, ასე გადავედი ფიქრით ფეხბურთიდან კალათბურთზე, კალათბურთმა კი ჩემი წიგნი, „ჩვენი კოლია დერიუგინი“ გამახსენა. ის ქართული სპორტის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს ეძღვნება და… მოდი, დღეს ამ წიგნიდან გავიხსენებ ერთ ფრაგმენტს. თან, ცოტას შევამცირებ, რომ არ დაგღალოთ. რა ვიცი, საინტერესო მგონია:

Image result for ნიკოლოზ დერუგინი 

„…ერთადერთი, რაც თბილისური შეჯიბრებებისა არ მომწონდა, ქუთაისიდან მატარებლით მგზავრობა იყო. სულ პლაცკარტით ვმგზავრობდით, არადა ტანი რომ ავიყარე, საწოლზე ვეღარ ვეტეოდი და გამვლელები, განსაკუთრებით ხაშურსა და გორში ჩამსვლელ–ამომსვლელი მგზავრები, თუ ქვემოთ ვიწექი, ფეხს წამომკრავდნენ ხოლმე, ხოლო თუ ზევით, ჩემი ფეხები ხვდებოდათ თავში. მოგვიანებით, კიდევ უფრო რომ ავიყარე ტანი, გუნდისგან დამოუკიდებლად ავტობუსით ვმგზავრობდი. ღამით დავჯდებოდი ავტობუსში და დილით, ექვს–შვიდ საათზე უკვე თბილისის ვაგზალზე ვიყავი, საიდანაც „ლენინის დარბაზისკენ“ გზა ზეპირად ვიცოდი. რომ იტყვიან, ავტოპილოტით გავდიოდი ჩემთვის ცნობილ თბილისურ მარშრუტს.

სულიკო თორთლაძეს, როგორც მწვრთნელს, ძლიერი ალღო ჰქონდა. ახალგაზრდას თავიდანვე ატყობდა რა მონაცემები ჰქონდა და იმის მიხედვით ავარჯიშებდა. ჩვენი გუნდის ვარჯიშებს ის მთლიანად ჩემს გარშემო აწყობდა. თორთლაძე კალათბურთელებს ქმნიდა და არა გუნდს. ის „დინამოსთვის“ ამზადებდა ვარსკვლავებს. მან შექმნა მიშა ქორქია, ზურაბ საკანდელიძე, გელა დარსაძე... დარწმუნებული ვარ, მას კარგი გუნდის ჩამოყალიბებაც შეეძლო, მაგრამ არა. მისი მთავარი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდის ძლიერ, გამოკვეთილი თვისებების მქონე მოთამაშედ აღზრდა იყო. წლების შემდეგ, როდესაც ალექსანდრ გომელსკიმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მათამაშა, მან სწორედ  ჩემი ის თვისებები გამოიყენა, რომელიც ბავშვობაში სულიკომ განმივითარა.

თხუთმეტი წლისა ლევან მოსეშვილმა შემამჩნია და თბილისში გადმომიყვანა. თავიდან, ერთი წელიწადი დიღომში, კალათბურთელების ბაზაზე ვცხოვრობდი როლანდ გარუჩავასთან ერთად. იქ ჯერ მხოლოდ ხის სახცოვრებელი კოტეჯები იყო, დარბაზი კი მზად არ ჰქონდათ და სავარჯიშოდ კლარა ცეტკინის ქუჩაზე, „ლენინის დარბაზში“ დავდიოდით. დიღომში, იქვე ახლოს ცხოვრობდა ვეტერანი კალათბურთელი, ლევან მოსეშვილის მარჯვენა ხელი ამირან სხიერელი. ის ხშირად მოდიოდა, ბავშვებს გვპატრონობდა და თან გვაკონტროლებდა კიდეც. მახსოვს, ქუთაისიდან თბილისში გამომგზავრების წინ, სულიკო თორთლაძემ სპეციალური, ექსპერიმენტული კედები მაჩუქა. ახლა, რომ ვფიქრობ, მგონია, საგანგებოდ ჩემთვის ინახავდა. დიღმის ბაზაზე გადმოსახლებულს ჩვევად მქონდა, დილის ექვს საათზე ვდგებოდი და ფეხბურთელების უკანა მოედანს (მოგეხსენებათ, ფეხბურთელ და კალათბურთელ დინამოელთა ბაზები გვერდიგვერდაა) სირბილით წრეებს ვუვლიდი. დილაობით კი მოედანი ცვრიანი იყო და თორთლაძის ნაჩუქარი, ერთადერთი კედები მისველდებოდა, ამიტომ ფეხშიშველი დავრბოდი. ერთხელაც, ნისლიან დილას, ფეხშიშველა სირბილის დროს ჩემს წინ მსუქანი ადამიანი აღიმართა. გამაჩერა და ვინ ხარო, მკითხა. ვუპასუხე ვინც ვიყავი და ვუთხარი, რომ „დინამოში“, ლევან მოსეშვილთან ვვარჯიშობდი.

— მერე, ბალახს რატომ მიჭმუჭნი? — გამიბრაზდა უცნობი.

დავიბენი, მაგრამ, ბედად, სწორედ ამ დროს ამირან სხიერელი გამოჩნდა და მასთან ლაპარაკი საკუთარ თავზე აიღო, მე კი სირბილი გავაგრძელე. ალბათ მიხვდით, რომ იმხანად ჩემთვის უცნობი მსუქანი კაცი ნოდარ ახალკაცი იყო, ფეხბურთელთა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. 

ერთი წლის შემდეგ კი თბილისში ბინაც მოგვცეს ანუ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დედაქალაქში დაგვასახლეს, ქუთაისის ბინა კი ჩაგვაბარებინეს.

თხუთმეტი–თექვსმეტი წლისამ, ბუნებრივია, თბილისი კარგად არ ვიცოდი, ჰოდა, რომ მითხრეს ეკოლოგიურად სუფთა რაიონში შეგასახლებთო, დავთანხმდი. და იცით, სად გაგვიშვეს? ჯერ კიდევ მშენებარე გლდანის მე–6 მიკრორაიონში. მივედით და რას ვხედავთ, გარშემო სულ მშენებლობებია, თან ირგვლივ ჩეხური პროექტის კორპუსებს აგებენ, შუაში კი დგას ყველაზე უხარისხო „მოსკოვის პროექტი“. აი, მაინცდამაინც იქ, მესამე სართულზე იყო ჩვენი ბინა, რომელშიც, რომ შევედი, ჭერს მივარტყი თავი.

Image result for nikolai deriugin

ამ ბინაში სამი თვე ვიცხოვრეთ. ეს სამი თვე კლარა ცეტკინზე, ვარჯიშებზე იქიდან დავდიოდი. მოკლედ, როდესაც გლდანის მშენებარე მე–6 მიკრორაიონი უკვე ნაჩვევ დიღომს შევადარე, „დინამოს“ ხელმძღვანელებთან მივედი და ვთხოვე, რომ სადმე, ბაზასთან ახლოს გადმოვეყვანეთ. თან, სკოლაც ხომ დიღომში, კინოთეატრ „თბილისის“ უკან იყო, სადაც უკვე მეგობრებიც გავიჩინე. საბედნიეროდ, ჩემი თხოვნა  დააკმაყოფილეს. დიღომში სწორედ იმხანად ამთავრებდნენ სამი თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობას და  ბინებსაც ანაწილებდნენ. მართალია, მაშინ, ჯერ სპორტული სიმაღლეები დაპყრობილი არ მქონდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ცნობილი ვიყავი და როდესაც აღმასკომში მიმიყვანეს, მკითხეს, რა ნომრით თამაშობო. მე ვუპასუხე, რომ ბავშვობიდან მეთერთმეტე ნომერი ვიყავი. კარგი, მაშინ, მეთერთმეტე სართულს მოგცემთო, მითხრეს და ასე გადაწყდა ეს ამბავი“. 

 

 

 

 

 

 

.