ნევერკუზენი

 

 

 

 

 

 

 

ვიდრე საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი გაჩერებულია, თავის შესაქცევად, ალბათ, დადგა დრო ძველი საინტერესო ამბები გავიხსენოთ.

გახსოვთ ლევერკუზენის  ბაიერი ორიათასიანების დასაწყისში? გუნდი, რომელიც ოთხ წელიწადში სამჯერ გავიდა ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე და ჩემპიონი მაინც ვერ გახდა.

თიკუნი „ნევერკუზენიც“ (ინგლისური never - არასოდეს) სწორედ მაშინ გაჩნდა.

ახლა ბაიერი საშუალო გუნდია, კორონავირუსის გამო შეჩერებულ  ბუნდესლიგაში 25 ტურის შემდეგ, 47 ქულით მეხუთე ადგილზეა და უახლოეს ხანში ძნელი წარმოსადგენია ბაიერნს, დორტმუნდს ან ლაიფციგს საჩემპიონო კონკურენცია გაუწიოს, თუნდაც შემადგენლობის, ან ფინანსური თვალსაზრისით. ამიტომ, ახლო მომავალში ფარმაცევტებს ნათელი დღეები არ ექნებათ. მაშინ კი...

 

Image result for leverkusen 2001 topmioler

 

„მუდამ მეორეს“ სახელი ლევერკუზენელებმა მათთვის კატასტროფული და ამავე დროს ტრიუმფალური 2001-02 სეზონამდე დაიგდეს. ოთხი წლის განმავლობაში, (1997-2000) ლევერკუზენი სამჯერ გახდა ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი.

განსაკუთრებით საწყენი მათთვის 1999-2000 წლების სეზონის დასასრული გამოდგა. ბოლო ტურის წინ კრისტოფ დაუმის გუნდი ბაიერნს სამი ქულით უსწრებდა, ტიტულის მოსაპივებლად ფარმაცევტებისთვის საკმარისი იყო სტუმრად საშუალო უნტერჰახინგთან არ წაეგოთ. მაგრამ ბაიერი 0:2 დამარცხდა. ბაიერნმა თავისი შეხვედრა მოიგო და დამატებითი უკეთესი მაჩვენებლების წყალობით ჩემპიონი გახდა.

მაშინ ბავარიელთა პრეზიდენტმა ული ჰიონსმა წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა: ბაიერი კიდევ 100 წელიწადს ვერ მოიგებს ბუნდესლიგასო. 20 წელიწადი უკვე გავიდა და ჩანს, ჰიონესის სიტყვები მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა. შანსი თავის დროზე უნდა გამოეყენებინათ.

2001 წლის ზაფხულში ლევერკუზენელებმა მწვრთნელად ჩვენთვის კარგად ნაცნობი კლაუს ტოპმიოლერი დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გადასხვაფერდა. შემტევი ფეხბურთის თამაში დაიწყო და მეტი გულშემატკივარიც შეიძინა. ფეხბურთელებიც შესანიშნავი ჰყავდა. მეკარე-პენალტისტი ჰანს-იორგ ბუტი, ცენტრალური მცველები ლუსიო და კაპიტანი იენს ნოვოტნი, ჩინებული საყრდენი კარსტენ რამელოვი და ტექნიკური შემტევები ზე რობერტო, ბერნდ შნაიდერი და ოლივერ ნოივილი, გენიალურ მიხაელ ბალაკზე აღარაფერს ვამბობთ, რომელიც გუნდის სული და გული იყო.

პირველ 14 ტურში ტოპმიოლერის გუნდმა 11 თამაში მოიგო და არცერთხელ დამარცხებულა. გახდა ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონი. დამთავრებამდე სამი ტურით ადრე ყველას ეგონა, რომ ლევერკუზენი ამჯერად მაინც აღარ გაუშვებდა ხელიდან ოქროს მედლების მოპოვების შანსს, ბაიერი უშუალო კონკურენტს ხუთი ქულით უსწრებდა.

მაგრამ გადაღლამ და ფსიქოლოგიურმა წნეხმა თავისი გააკეთა. ფარმაცევტებმა შინ წააგეს ვერდერთან (1:2), სტუმრაად ნიურნბერგთან (0:1), ამიტომ ბოლო ტურის წინ ჰერტას წინააღმდეგ, ყველაფერი მათ ხელთ უკვე აღარ იყო. საჭირო გახლდათ დორტმუნდის წაფორხილებაც. ლევერკუზენმა 2:1 გაიმარჯვა, მაგრამ მოიგო ბორუსიამაც და გაჩემპიონდა.

 

Image result for leverkusen 2001 topmioler

 

ჰერტასთან მატჩი 4 მაისს გაიმართა. ერთ კვირაში ტოპმიოლერის გუნდს გერმანიის თასის ფინალი ელოდა შალკეს წინააღმდეგ. მანამდე ფარმაცევტებს საშინაო თასი მხოლოდ ერთხელ, 1992-93 წლების სეზონში მოეპოვებინათ და ამ ტურნირში გამარჯვებაც მათთვის დიდ მიღწევად ჩაითვლებოდა, მაგრამ 2:4 დამარცხდნენ.

კიდევ ოთხ დღეში კი სეზონის მთავარი მატჩი ელოდათ: ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდის რეალთან. ალბათ გახსოვთ როგორი გოლი გაიტანა მაშინ რეალელმა ზინედინ ზიდანმა. გოლი, რომელიც ლიგის კლასიკაშია შესული. რეალმა კი 2:1 გაიმარჯვა.

ანუ 11 დღის განმავლობაში ლევერკუზენმა 3 ტიტული დაკარგა...

ტოპმიოლერი ამბობდა, ყველაფრის მიუხედავად, ლევერკუზენშსი მუშაობა ჩემი კარიერის საუკეთესო ხანი იყოო.

შესაძლოა, ასეც იყოს. ამის შემდეგ მან ერთ წელიწადს დაჰყო ჰამბურგში, მერე საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა (2006-08). ეგ იყო და ეგ.

 

 

 

 

 

.