ჯონ ჯონსი დაიჭირეს! მთვრალი იარაღს ისროდა...

TMZ Sports-მა ინფორმაციით, რომელიც შემდეგ UFC-მაც დაადასტურა, ხუთშაბათს, ჯონ ჯონსი ნიუ მექსიკოში დააკავეს. 

 

პოლიცია ამბობს, რომ პირველ საათზე შეტყობინება მიიღეს, სადაც ამბობდნენ, რომ ალბუკერკში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგონეს. როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, პარკში ჯონსი დახვდათ, რომელიც 2019 წლის ჯიპში იჯდა, ძრავი კი ჩართული ჰქონდა.

 

გამოკითხვის დროს, ჯონსმა სროლა უარყო, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობა ეჭვის საფუძველს იძლეოდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოფიცრებმა მას ტესტირება ჩაუტარეს და სწორ ხაზზე გავლა სთხოვეს, რომელიც UFC-ის მებრძოლმა წარმატებით ვერ ჩააბარა. 

 

შემდეგ მას სპეციალურ მოწყობილობაში ორჯერ "ჩააბერინეს" და პასუხი ორივეჯერ ერთი აღმოჩნდა - ჯონსს ალკოჰოლი ზომაზე მეტად ჰქონდა მიღებული. 

 

მანქანის ჩხრეკის დროს, პოლიციელებმა შავი იარაღი და ნახევრად ცარიელი ტეკილას ბოთლი იპოვნეს. 

 

 

ჯონსს ბრალად მანქანის მთვრალი მართვა და მომაკვდინებელი იარაღის დაუდევრად გამოყენება ედება. ასევე, იარაღი ექსპერტიზაზე იქნა გადაგზავნილი და შემოწმდება რომელიმე სხვა კრიმინალურ საქმეში ხომ არ არის გამოყენებული. ამერიკელ სპორტსმენს იარაღის ფლობისთვის/ლიცენზირების დამადასტურებელი საბუთები თან არ ჰქონდა. ჯონსი გაათავისუფლეს, თუმცა მისი სასამართლო 9 აპრილსაა ჩანიშნული. 

 

ჯონი მანქანის მთვრალი მართვისთვის აქამდეც დაუკავებიათ - ეს 2012 წელს მოხდა, როდესაც ის ბენტლით ავტოავარიაში მოყვა. მაშინ მან სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენება აღიარა, მათ შორის კოკაინის, ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ ასეთ რამეს აღარასდროს გაიმეორებდა. 

 

UFC-ის გულშემატკივრებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი ჯონსს ამ სპორტის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად განიხილავს...