აზნაური

 

 

 

 

 

 

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, მიშელ იდალგო, 87 წლისა გარდაიცვალა.

იდალგო მარსელში, მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. ოჯახში განაცხადეს, რომ ყოფილი მწვრთნელი ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა. აღნიშნავენ, რომ იდალგომ მაინც ვერ გადაიტანა თავისი უახლოესი მეგობრის, რაიმონ კოპას სიკვდილი. იდალგოს მარსელში დაკრძალავენ.

ძველი ყაიდის კაცი იყო. მისთანები დღეს თითქმის აღარ არიან. გვარიც გამორჩეული ჰქონდა - იდალგო (Hidalgo) ესპანურად ხომ აზნაურს ნიშნავს.

ცნობილი ფეხბურთელი არ ყოფილა, ჰავრში, რეიმსსა და მონაკოში თამაშობდა. თუმცა, რეიმსის შემადგენლობაში ჩემპიონთა თასის სულ პირველ ფინალში უთამაშია მადრიდის რეალის წინააღმდეგ 1956 წელს (3:4) და გოლიც გაუტანია.

 

 

1966-ში ფეხბურთელის კარიერა დაამთავრა და მწვრთნელობა დაიწყო. მუშაობდა მონაკოს სათადარიგო გუნდთან, შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მწვრთენლის თანაშემწედ. 1976-84 წლებში კი „სამფეროვანთა“ დამრიგებელი გახლდათ. 1986-91 წლებში მარსელს თავკაცობდა, 2004-06-ში კი კონგოს რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს.

თუმცა, მისი კარიერის პიკი სწორედ საფრანგეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობის დროს ემთხვევა. მან საფრანგეთის ნაკრები საერთაშორისო ფეხბურთში დააბრუნა.

„სამფეროვანთა“ მწვრთნელად ის 1976 წელს დანიშნეს სტეფან კოვაჩის ნაცვლად. ამ დროისათვს ფრანგთა ეროვნულ გუნდს კრიზისი ჰქონდა. მსოფლიო თასზე ბოლოს 1966 წელს ეთამაშა. დიდი ეპოქის ფუძემდებელი გახლდათ. მაშინ ფრანგულ ფეხბურთში ოქროს თაობა მოვიდა, მაგრამ იდალგოს გარეშე არაფერი იქნებოდა. მისი ფილოსოფიის მთავარი სიტყვები იყო: „ყველაფერი შეტევისათვის!“  სხვა დინამკა შესძინა გუნდს, ჩამოყალიბებული და გასაგები სათამაშო პრინციპები დაამკვიდრა.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, ლამაზი და რომანტიკული გუნდი იყო: პლატინი, ჟირესი, ტიგანა და მათი მეგობრები ყველას აღაფრთოვანებდნენ.

აბა, როგორ უნდა დაგვავიწდეს მათი 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა, დრამატული ნახევარფინალი დასავლეთ გერმანიის ნაკრებთან, რომელიც მუნდიალების კლასიკაშია შესული. ან 1984 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ფრანგებმა ტრიუმფით მოიგეს. ეს „სამფეროვანთა“ პირველი სანაკრებო ტიტული გახლდათ ისტორიაში.

tphoto on Twitter: "France:MariusTrésor8,Jean-LucEttori22 ...

 

მიშელ პლატინი: „იდალგოს როლი ფრანგულ ფეხბურთში განუსაზღვრელია. მისი საფეხბურთო ხედვა და მეთოდები დღესაც გამოიყენება ჩვენს ეროვნულ გუნდში. მან შეძლო და ყოველ ჩვენგანს ბოლომდე გამოავლენინა საკუთარი შესაძლებლობები, ინდივიდუალური თვისებები. ჩემს ხსოვნაში ის დარჩება როგორც  ჰუმანური, კეთილშობილი და მამობრივი მზრუნველობით გამორჩეული კაცი. ძალიან დიდი როლია იდალგოსი იმაში, რასაც მე მივაღწიე.“

ჟან ტიგანა: „ძალიან სამწუხაროა. ეს იყო კაცი, რომელსაც შეეძლო ადამიანების გაერთიანება ერთი მიზნის გარშემო. ყოველთვის პოულობდა სწორ სიტყვებს. მან ფრანგულ ფეხბურთს დინამიზმი შემატა და არნახულ სიმაღლეზე აიყვანა.“

ალენ ჟირესი: „თებერვლის შუა იქნებოდა, როცა მასთან მარსელში ვისადილეთ. სასიამოვნო იყო. თითქოს არ ჩანდა ძალიან ავად. დასანანია.“

 

 

 

 

 

.