როცა ინგლისში თამაში პირველად ჩააწყვეს...

ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის 1914-15 წლების სეზონი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საკამათო გამოვიდა, მით უფრო იმ ფონზე, რომ ის პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გაიმართა.

 

1914 წლის 4 აგვისტოს ომი ოფიციალურად გამოცხადდა, ბრიტანეთის ფეხბურთის მამები რამდენიმე დღეში შეიკრიბნენ და უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს: საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდებოდა ისე, როგორც ყოველთვის, უბრალოდ ზოგიერთ მოედანს სახელმწიფო ინტერესებისამებრ გამოიყენებდნენ. მაგალითად, ვაით ჰართ ლეინიზე (ტოტენჰემის ძველი სტადიონი) სამხედროებმა გაზის ნიღბები განათავსეს, "დეზები" კი საშინაო შეხვედრებს ჰაიბერიზე ატარებდნენ.

 

იმ დროს ბევრ ადამიანს სჯეროდა, რომ ომი მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანდა და, ამიტომაც, პირველ სექტემბერს ინგლისის პირველ-მეორე დივიზიონებმა სტარტი აიღო. პირველი ტურის გახსნით შეხვედრაში მანჩესტერ სიტიმ ბრედფორდი მიიღო და 4:1 დაამარცხა, ამ თამაშს კი 9000 გულშემატკივარი დაესწრო.

 

 

უცნაურია, მაგრამ სეზონის დასრულებამდე (1915 წლის აპრილი) არც ერთი მატჩი შეწყვეტილა და გადადებულა. გუნდები FA თასზეც თამაშობდნენ, ფინალურ შეხვედრას კი ოლდ ტრაფორდმა უმასპინძლა. დღეს სეზონის გაგრძელების მთავარ მიზეზად მორალური არგუმენტი მოჰყავთ, რადგან ფეხბურთი საზოგადოებას ცუდი ამბებისგან განტვირთვის საშუალებას აძლევდა. 

 


ფეხბურთი, როგორც ადამიანებისთვის უარყოფითი ემოციებისგან დაცლის საშუალება, ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. სპორტის ფსიქოლოგი მაიკლ კოლფილდი ამბობს, რომ სპორტს, განსაკუთრებით კი ფეხბურთს, შეუძლია ადამიანებს სიხარული განაცდევინოს და კრიზისის დროს რეალობას მოსწყვიტოს

 


"სპორტი ენერგიის წყაროა. ეს საზოგადოებისთვის წებოა, რომელიც სკოლებს, სოფლებს, ქალაქებს და ნაციებს აკავშირებს. ჩვენ მის მნიშვნელობას კიდევ ვერ ვაფასებთ და მისი გავლენის დანახვა გვიჭირს"

 



1914 წელს ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ომის დროს საფეხბურთო ლიგის გაგრძელება მიუღებელი იყო, თანაც იმ ფონზე, რომ სპორტის სხვა სახეობები, მაგალითად - რაგბი არ დაწყებულა, კრიკეტი კი 1914 წლის სექტემბერში შეჩერდა. 

 


ინგლისელ კრიკეტის მოთამაშეს, უილიამ გრეისს არ ესმოდა ფეხბურთის თამაში რატომ გრძელდებოდა და ამაზე საუბარს საჯაროდაც არ ერიდებოდა. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ მისი განხილვა ინგლისის პალატას დასჭირდა. 

 


დიდი ბრიტანელი ექიმი და მწერალი, სერ არტურ კონანდოილი სპორტული ცხოვრების გაგრძელების წინააღმდეგი იყო

 


"თუ ფეხბურთელს ფეხებში ძალა აქვს, მაშინ ის ბრძოლის ველზე მარშირებისასაც გამოიყენებს," - თქვა მან

 

 


ამხელა კრიტიკის ფონზე, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის წევრები სამხედროებს შეხვდნენ და საფეხბურთო დანაყოფის შექმნა გადაწყვიტეს. დანაყოფი ბატალიონის ნაწილი იყო და იქ 30 ფეხბურთელი გაერთიანდა, 1915 წელს კი ეს რიცხვი 122-მდე გაიზარდა. ეს იყო ძალა, რომელსაც საზოგადოების უარყოფითი განწყობა უნდა განემუხტა.

 


ვალტერ ტალი ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ბატალიონს შეუერთდა. ის თავდაპირველად კლეიპტონში თამაშობდა, სადაც სამოყვარულო ლიგა მოიგო, შემდეგ კი ტოტენჰემში გადავიდა. ტალი პირველი შავკანიანი ბრიტანელი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, შემდეგ კი პირველი შავკანიანი ბრიტანელი ოფიცერი. მან ჯილდო სიმამაცისა და გამბედაობისთვის მიიღო, როდესაც 26 ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. ტალი 1918 წლის მარტში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს. 

 

 


ამ წელს ყველა, 760 შეხვედრა ჩატარდა. ომმა თანდათან უფრო მეტი რესურსი წაიღო, ფეხბურთელები ქალაქიდან ქალაქში უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებოდნენ და ბატალიონებში წევრიანდებოდნენ. ამ სეზონის შემდეგ, ფეხბურთის თამაშს მხოლოდ 1919 წელს, ომიდან 1 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ. 

 


1914/15 წლების ჩემპიონი ევერტონი გახდა, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ ოლდჰეემ ათლეთიქს 1 ქულით გაუწრო, თუმცა უფრო საინტერესო ამბები ცხრილის ქვედა ნაწილში მოხდა. ჩელსიმ და ტოტენჰემმა სეზონი მე-19 და მე-20 ადგილებზე დაასრულეს, რაც მეორე დივიზიონში დაქვეითებას ნიშნავდა. ჩელსის მანჩესტერმა მხოლოდ 1 ქულით გაასწრო და ისიც ლივერპულთან ბოლო ტურში მოგებული თამაშის შემდეგ (2:0)

 


მატჩის მიმდინარეობამ და შედეგმა კითხვები მაშინვე გააჩინა. შემდეგ, ხმები გავრცელდა, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელები ინგლისის რომელიღაც პაბში შეიკრიბნენ და ფსონი მანჩესტერის გამარჯვებაზე დადეს. 

 


ფეხბურთის ლიგამ გამოძიება ჩაატარა და ეჭვები დადასტურდა - თამაში გაყიდული იყო. ორივე გუნდში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ამ შეხვედრის გაყიდვით ფული აიღეს. ეს ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თამაშის გაყიდვა დადასტურდა - ამის შემდეგ, მანჩესტერის სამ და ლივერპულის 4 ფეხბურთელს ფეხბურთის თამაში სამუდამოდ აეკრძალათ.