სუპერლიგა. საუკეთესოები. II ხუთეული

სეზონის ბოლო საუკეთესოების დასახელება ყველაზე საინტერესო და რთულია. აქ, ჩვენთან ორმაგად რთულია. მაინც, შევეცადოთ და შევკრათ სეზონის ორი ხუთეული.

იდეაში, აქ არ უნდა იყვნენ მოთამაშეები, ვისაც ჩატარებული მატჩების 50 პროცენტი არ აქვს დაფარული. და, თუ სეზონი არასრული იყო, ეს გამონაკლისებიც დავუშვით. ეს გამონაკლისი არ შეეხება სეზონის საუკეთესო მოთამაშის, MVP-ს დასახელებას. იქ, უკვე 50 და მეტი პროცენტით უნდა იყო წარმოდგენილი.

მოკლედ, წავედით, ჩვენი ორი ხუთეული.

 

მეორე ხუთეული

დაბლები

ლუკა ბულაშვილი (დინამო) – 16.8 ქულა, 6.4 პასი, 3.9 მოხსნა, 1.8 ჩაჭრა. მოკლედ: ყველაზე ახალგაზრდა გუნდის ლიდერი. ლუკა იღებდა დიდ დროს და დიდ ნდობას. ის იყო დინამოს მთავარი მწვრთნელის, მუია ტაჩის ჯოკერი და ხანდახან, დაღლამდე იდგა ხუთეულში. ბულაშვილმა მაღალ დონეზე ჩაატარა ის თამაშები, სადაც დინამოს წაგების უფლება არ ჰქონდა. დამსახურებული არჩევანი და გვსურს, რომ ეს ლუკას ბოლო წარმატება არ იყოს.

ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი) – 19.1 ქულა, 3.3 მოხსნა, 3.0 პასი, 1.1 ჩაჭრა. მოკლედ: მილიკენი იცნობდა სუპერლიგას. შარშან, თსუ-ში სოლიდური სეზონის შემდეგ, მან კარიერა ქუთაისში გააგრძელა და გუნდის ყველაზე შეუცვლელი მოთამაშე გახდა. ჯეიმსი ინდივიდუალისტია, მაგრამ ქუთაისის შემტევი კალათბურთიდან გამომდინარე, გუნდი მას სრულ თავისუფლებას აძლევდა. ძალიან მაგარი ერთი-ერთზე თამაშის დროს და არ ერიდებოდა ბოლო სროლის აღება.

 

ფორვარდები

კახა ჯინჭარაძე (ოლიმპი) – 13.0 ქულა, 6.6  მოხსნა, 2.7 პასი, 1.1 ჩაჭრა. მოკლედ: კახამ კარგად დაბალანსებულ გუნდში ყველაზე სტაბილურად ითამაშა. ხანდახან, იყო ზედმეტად მონდომებული, მაგრამ უფრო - სოლიდური და მიმწოლი. ჰქონდა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი ზუსტი საჯარიმოების პროცენტით და ალბათ, დარჩება ყველაზე მოთხოვნად ქართველ მესამე ნომრად. ძალიან კარგი, ძალიან სრული სეზონი კახასგან. ბრავო, დაგლიჯა.

გიორგი კორსანტია (თსუ) – 15.1 ქულა, 11.5 მოხსნა, 2.4 პასი, 1.1 ჩაჭრა. მოკლედ: ყველაზე სტაბილური ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ჰქონდა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი ქულებში, მოხსნებში, პასებში და ზუსტი საჯარიმოების პროცენტში. კორსანტია მაქსიმალურად იტვირთებოდა, როდესაც თსუ-მ ტრავმის გამო დაკარგა ძირითადი ცენტრი და გიორგი მეტ დროს იღებდა. დააფასეს და გამოიძახეს, ათამაშეს საქართველოს ნაკრებში. ბიჭი მოუმატებს.

 

ცენტრი

ნიკოლა ვუიოვიჩი (ბათუმი) – 17.2 ქულა, 11.1 მოხსნა, 2.7 პასი. მოკლედ: კლასი. კლასიკური ცენტრი დახვეწილი მოძრაობებით და ხანდახან, ზედმეტად კარგი არა მხოლოდ მოწინააღმდეგისთვის, არამედ - თანაგუნდელებისთვის. ვუიოვიჩი ვერ გარბოდა პირველ შეტევაში, მაგრამ სერბი პოზიციურად საუკეთესო იყო. ჭკვიანი და მომთმენი მეხუთე ნომერი, რაც დღევანდელ კალათბურთში იშვიათობაა. ბათუმმა გაარტყა ლეგიონერებით და ვუიოვიჩი ფლეი ოფისთვის ლეტალური უნდა ყოფილიყო. შეასრულა.