თითქმის ჯორდანი. NBA Top 50.

კლაიდ დრექსლერი  (38).

კარიერა: 1983-1995 (პორტლენდი), 1995-1998 (ჰიუსტონი).

NBA-ს ჩემპიონი (1995).

ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე (10).

სეზონის პირველი ხუთეული - 1 (1992).

სეზონის მეორე ხუთეული - 2 (1988, 1991).

სეზონის მესამე ხუთეული - 2 (1990, 1995).

ოლიმპიური ჩემპიონი (1992, ბარსელონა, Dream Team I).

სტატისტიკა: 20.4 (22 195) ქულა, 6.1 (6 677) მოხსნა, 5.6 (6 125) პასი.

მეტსახელი: The Glyde

კლაიდ დრექსლერის ნომერი (22) პორტლენდის და ჰიუსტონის უკვდავებში შევიდა.

 

ბევრი წლის წინ მაიკლ ჯორდანს კლაიდ დრექსლერს ადარებდნენ. ელეგანტური, ხანდახან, შეუჩერებელი მეორე ნომერი, რომლის სანახავად სხვა ქალაქებიდან, სხვა შტატებიდან დადიოდნენ. და, როგორც დრექსლერი (რომელიც მაიკლის დებიუტის დროს უკვე იყო NBA-ს ოჯახის წევრი პორტლენდში), მაიკლი ითხოვდა ბურთს და თავდახრილი აწვებოდა მოწინააღმდეგეს. ნუ, ასე ფიქრობდა ამერიკა. ასე არ ფიქრობდა ჯორდანი, რომელიც კალათბურთის ღმერთი გახდა. მოთამაშე, რომელიც აკონტროლებდა მწვრთნელს, თანაგუნდელებს, ლიგას. და, მოთამაშე, რომელიც ყოველთვის კლაიდზე ოდნავ წინ იყო.

ისევე, როგორც ჯორდანის შემთხვევაში, კლაიდ დრექსლერის დებიუტს მისი ორივე მშობელი მოესწრო. და, ამ მხრივ პირველი და ყველაზე დიდი ოცნების გუნდი მდიდარია - შვილების თამაში ამერიკისთვის ნახეს მისტერ და მისის ჯორდანმა, ჯონსონმა, რობინსონმა, დრექსლერმა, სტოქტონმა, მულინმა, იუინგმა. ბევრს აკლდა დონატი და შოკოლადი (დრექსლერებს, იუინგებს, ჯონსონებს), მაგრამ ყველას აერთიანებდა ის, რაც მათ ბოლომდე გასვლაში, ლეგენდარული სტატუსის მოპოვებაში დაეხმარება - ლტოლვა და კალათბურთის სიყვარული.

და, ვუბრუნდებით კლაიდს. მისტერ დრექსლერი. ჰიუსტონის საკოლეჯო გუნდის ვარსკვლავი, რომელმაც ზედა დონეზე ერთადერთი ჩემპიონობა ჰიუსტონ როკეტსთან ერთად დაირტყა. და, იქ, იმ მშრომელ და დაუღლელ გუნდში იდგა კლაიდის მეგობარი სტუდენტობიდან, ჰაკიმ ოლაჯუონი. ის, ვინც დიდ პატივს სცემდა დრექსლერის უნარებს და ყოველთვის ენდობოდა ნაკითხ და ჭკვიან მეგობარს. ისევე, როგორც - კლაიდი ენდობოდა ჰაკიმს. მეგობრები ბოლომდე. მეგობრები ყველგან. სამაგალითო მეგობრები.

კლაიდი ნიუ ორლეანზში დაიბადა. ოჯახს არ ულხინდა. ოჯახში სტაბილურად მხოლოდ დედა მუშაობდა. ჰიუსტონთან, South Park-ში როს სტერლინგის სკოლაში კლაიდის კლასელი იყო ზინა გარისონი, რომელიც ძალიან ძლიერი ჩოგბურთელი გახდა. და, როგორც დრექსლერი იხსენებს, გარისონთან მეგობრობამ მას მთავარი თვისება მისცა - თავმდაბლობა. ზინა თავიდანვე გამოირჩეოდა სპორტული უნივერსალიზმით (ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა - სამივე სახეობაში, ის ჯერ სკოლის და შემდეგ, კოლეჯის დედოფალი გახდა), ზინას ჰქონდა ყველაზე კარგი ნიშნები და ამავე დროს, პატარა გარისონი ყველაზე მორიდებული გოგონა გახლდათ.

კლაიდმა თავიდავე აკრიფა. მაკდონალდსის საკვების მოყვარულმა ბავშვმა შეცვალა მიდგომა და ბურგერები ჯანსაღ საკვებზე შეცვალა. როგორ ფიქრობთ, ვისი რჩევით? მართალია, ზინა გარისონის. კლაიდი შევიდა ბეისბოლზე და იქ, სკოლის გუნდის ყველაზე კარგი დამცველი და მესამე ბაზა გახდა. და, კლაიდი სკოლაშიც და კოლეჯშიც ცენტრს თამაშობდა. აზრზე ხართ? ტიპი, რომელიც მოგვიანებით (მაიკლთან და დომინიკ უილკინსთან ერთად) ლიგის ყველაზე სადისტი აგრესორი გახდება, თავიდან, სამწამიანში მეხუთე ნომრის მოძრაობებებს ამუღამებდა და საკმაოდ კარგი ცენტრი იყო. ერთ-ერთ შეხვედრაში შარფსთაუნის სკოლის წინააღმდეგ, მისტერ დრექსლერმა 34 ქულა, 27 მოხსნა და 14 დაფარება დააგროვა. ფენომენი.

დრექსლერი ბოლომდე დარჯა კოლეჯში, მიიღო უმაღლესი განათლება, ჩაიბარა ფინანსისტის დიპლომი და მოემზადა ახალი ეტაპისთვის. კლაიდს NBA ელოდებოდა. ლიგამ მისტერ დრექსლერი პორტლენდს ჩააბარა. და, დაიწყო კარიერა, რომელმაც დრექსლერს აღიარება, ტკივილი და ნანატრი ჩემპიონობა მოუტანა.

1992. 11 მაისი. კლაიდ დრექსლერი ემზადება პირველი მკვლელი ტესტისთვის. კლაიდი და პორტლენდი ფინალში გავიდნენ და იქ დაიწყება სისხლიანი გარჩევები მაიკლ ჯორდანის ჩიკაგოსთან. ყოველთვის ვერიდები რომელიმე გუნდის მოთამაშესთან გაიგივებას, მაგრამ ის ბულზი ჯორდანის პერსონალური პროექტი გახდა.

მოკლედ, დრექსლერი ემზადება ჯორდანისთვის.

და, პარალელურად, მიდის პირველი ოცნების გუნდის დაკომპლექტება. აიყვანეს 10 კაცი. და, მთავარი მწვრთნელი ჩაკ დეილი ფიქრობს. ერთი ადგილი ყველა ვარიანტში საუკეთესო სტუდენტის, ნიჭიერი, ბრექი და არაპოპულარული კრისტიან ლეიტნერის არის. და, მთავარმა მწვრთნელმა უნდა გააკეთოს არჩევანი კლაიდ დრექსლერს, დომინიკ უილკინსს და აიზია ტომასს შორის. გულშემატკივრები ითხოვენ ტომასს, რომელიც კარიერის პიკზეა. რომელმაც დეტროიტს ორჯერ ჩემპიონობა აჩუქა. რომელიც საუკეთესო გამთამაშებელი იყო. და, რომელიც მაგრად არ მოსწონდა ჯორდანსს. და, თუ მაიკლი ტომასის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო, იგივეს იტყოდა სკოტი პიპენიც. და, დიდი ალბათობით, მეჯიქ ჯონსონიც. ლარი ბერდი დისტანციას იცავდა. მის აზრს დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ ბერდი არ აქტიურობდა. ისევე, როგორც დამთმობი და ყველასთვის დადებითი დევიდ რობინსონი. ადმირალი მეგობრობდა კლაიდთან, მაგრამ დიდ პატივს სცემდა აიზიასაც.

და, NBA-მ თქვა - დრექსლერი. ეს ჩაკ დეილის და გუნდის ბოსების არჩევანი იყო. ამ ხალხმა ყველაფერი გაითვალისწინა. და, პირველ რიგში ის, რომ ჯორდანი ბარსელონაში ტომასთან ერთად არ გაფრინდებოდა. და, ჯორდანი იმ გუნდში უნდა ყოფილიყო. მაიკლის გარეშე არ ითამაშებდა სკოტი. მაიკლის გარეშე მოიწყენდა მეჯიქი. და მოწყენილ მეჯიქთან ერთად მოიწყენდა ლარიც. არ გამოდიოდა. ტომასი მოტეხეს. კლაიდს დაუძახეს.

დრექსლერი ბევრს მოსწონდა, მაგრამ კლაიდის მოწინააღმდეგეები თვლიდნენ, რომ ის მხოლოდ მეორე, (ოდნავ) შეზღუდული არსენალის მქონე ჯორდანი იყო. ამავე დროს, კლაიდს კარიერაში საუკეთესო სეზონი (25.0 ქულა, 6.7 პასი, 6.6 მოხსნა) ჰქონდა. და, რეალურად, არ იყო გადამწყვეტი, ვის დაიმატებდა დეილი. იმ გუნდში ყველაფერი დალაგებული იყო.

გამთამაშებლები და უნივერსალი ტიპები, რომლებიც იდგნენ და დადგებოდნენ პირველ ნომერზე: მეჯიქი, სტოქტონი, მაიკლი და სკოტი.

მკვლელი მომხსნელები - რობინსონი, იუინგი, კარლ მელოუნი და ჩარლზ ბარკლი.

პერიმეტრის ბოსები - კრის მალინი, ჯორდანი და ბერდი.

იდეალური დამცველები - პიპენი, ჯორდანი და რობინსონი.

შეუჩერებელი - ბარკლი.

ვინ მოამარაგებდა გუნდს ყავით და დონატებით? კოლეჯის ბიჭი (ლეიტნერი) იქ იყო. უბრალოდ, დეილის უნდა გაეკეთებინა არჩევანი და დაემატებინა დარჩენილებიდან ყველაზე ძლიერი მოთამაშე. ყველაზე ძლიერი, რომელიც არ უნდა ყოფილიყო აიზია ტომასი. წლების განმავლობაში ჯორდანი თუ დრექსლერი? თემა ყველა საკალათბურთო დონეზე ირჩეოდა და თითქმის ყველგან (ალბათ, გამონაკლისი მხოლოდ პორტლენდი იყო) მაიკლს თავს უხრიდნენ. უნდა დაეხარათ. ის ჯორდანი იყო.

პორტლენდმა დრაფტზე  დრექსლერის არჩევის დროს აირჩია მომავალი. და, პორტლენდმა შემდეგი დრაფტის დროს კალათბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც მაიკლ ჯორდანზე წინ ცენტრი სემ ბოუი დააყენა. აზრზე ხართ, მაიკლი და კლაიდი ერთ გუნდში? უფფ, წამოიღებდა. პორტლენდი დრექსლერის გუნდი იყო და ქალაქს სჭირდებოდა, რომ კლაიდი მაიკლზე უკეთესი ყოფილიყო. ეს ქალაქის არჩევანი იყო. პორტლენდის ხმა, ლეგენდარული სტივ „სნეპერ“ ლიუისი დრექსლერს ყოველთვის ჯორდანზე წინ აყენებდა და ერთ-ერთი გულშემატკივრისგან მიიღო წერილი. იქ ერთი წინადადება იყო. „თქვენ, პორტლენდში ტელევიზორები არ გაქვთ?“

და, კლაიდიც სადღაც, დაკომპლექსდა. რას აკეთებს მაიკლი ისეთს, რაც მე არ შემიძლია? რეალურად, კლაიდს შეეძლო ყველაფრის ჯორდანის დონეზე გაკეთება. უბრალოდ, მაიკლი ამას ოდნავ უკეთ ასრულებდა.

და, კიდევ ერთი „უბრალოდ“ - ჯორდანი ჩემპიონი იყო. სისხლით, ხასიათით, თვალებით. მაიკლი კლაიდზე უკეთ იცავდა თავს ერთი-ერთზე. მაიკლი კლაიდზე უკეთ ასრულებდა სროლას მოძრაობაში. მაიკლი იყო უკეთესო დამცველი, მეპასე და მომხსნელი.

და, პორტლენდმა ფინალში მაგრად დაიწყო. აკრიფა. პირველი თამაშის პირველი მეოთხედი კლაიდის ბანდამ აგრესიულად, თავისუფლად გახსნა და შემდეგ, წავიდა ჯორდანის სამიანები. 1, 2, 3, 4...6!!! მაიკლმა 6 სამიანი გლიჯა. არც ჯორდანი და არც დრექსლერი არ ითვლებოდა კარგ სნაიპერად. კლაიდი სამიანებს 31 %-ით აგდებდა. იქვე იყო მაიკლიც. და, ფლეი ოფში დრექსლერის პროცენტი დაეშვა 28-მდე და ჯორდანის ადის 33-ზე. უმნიშვნელო, მაგრამ მაინც მაიკლის უპირატესობა.

მაიკლმა ჩააგდო მეექვსე სამიანი და ხელები გაშალა, მხრები აიჩეჩა. რა ხდება? აზრზე არ ვარ! რატომ ვაგდებ ამდენ სამიანს, ეკითხებოდა მაიკლი აუდიტორიას? და, აუდიტორია აზრზე არ იყო. ისინი მხოლოდ ჩვეულებრივ, ჩემპიონ ჯორდანს ხედავდნენ. და, კლაიდმა წააგო სერია 2:4. ისევე, როგორც მანამდე, აიზიას, ბილ ლემბირის, ჯო დუმარსის და დენის როდმანის დეტროიტთან. კლაიდი აგებდა ფინალებს და ჯორდანი ამ ფინალებს იგებდა. პერსონალურად.

კლაიდი იყო ზედმეტად მოწესრიგებული. კლაიდი იყო ზედმეტად დამთმობი. კლაიდი იყო ზედმეტად თავმდაბალი. მშვენიერი თვისებები, თუ თქვენ საკოლეჯო გუნდის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრით კენჭს. და, არასაკმარისი არგუმენტები, რომ შენ მაიკლ ჯორდანზე უკეთესი იყო. ნამდვილად არასაკმარისი. კლაიდი თამაშობდა მსუბუქ ფორვარდს ჰიუსტონის კოლეჯში და ცენტრს - როს სტერლინგის სკოლაში. კლაიდი იყო უნივერსალი, მაგრამ ის არ იყო ჯორდანი. ის ვერ იქნებოდა ჯორდანი. ვერავინ ვერ იქნებოდა ჯორდანი.

კლაიდი მხოლოდ მარჯვენა მხრიდან გიტევდა. შეზღუდული არსენალი ლიდერისთვის, მაგრამ ლიგის ისტორიაში ბევრი ცალხელა ტიტანი იყო. ყველამ იცოდა, რომ ლენი უილკენსი ყოველთვის მარცხნიდან შეგიტევდა და ჯერი უესტი გამოკვეთილი მემარჯვენე გახლდათ. იგივეს თქმა შეიძლება კლაიდზეც. მოთამაშეზე, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა ყველა მწვრთნელს (ჯეკ რამსეი, მაიკ შულერი, რიკ ადელმანი). 1992-ში დრექსლერი ჯორდანის შემდეგ ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო. უკვე დიდი აღიარება. ის იყო ყველაზე დისციპლინირებული შავკანიანი მოთამაშე დევიდ რობინსონის და ჯორდანის შემდეგ. და, ამ ორ მკვლელთან ერთად, კლაიდი ყველაზე მაგარი ათლეტიც გახდა.

1995 წლის 9 აპრილს კლაიდმა ბოლო წამზე დენვერს ჩაუგდო. და, მოაგებინა ჰიუსტონს. რამდენიმე თვით ადრე როკეტსმა ფანების ფავორიტი ფორვარდი ოტის ტორპი პორტლენდს დაუთმო. და, წამოიყვანა დრექსლერი. ჰიუსტონს დასაცავი ჰქონდა ტიტული. ჰიუსტონს სჭირდებოდა მეორე ვარსკვლავი ოლაჯუონთან ერთად. და, ჰიუსტონმა გაარტყა. იმ თამაშში, დენვერთან არ იყო ტრავმირებული ჰაკიმი და გუნდის ლიდერი გახდა კლაიდი. ლოგიკურად.

კლაიდმა ფლეი ოფში დაგლიჯა. ჰიუსტონი აგებდა პირველ წრეში (სამ მოგებამდე სერიაში) იუტასთან 1:2 და დრექსლერმა სერიის ბოლო თამაშში 72 ქულა წამოიღო. დრექსლერმა ფინიქსთან (და, ჩარლზ ბარკლისთან) მეშვიდე მატჩში 29 ქულა დასვა და ჰიუსტონი დიდ ფინალში გადავიდა. და, როდესაც ჰიუსტონმა ზღაპარში მოუგო ფინალის პირველი შეხვედრა შაკის ორლანდოს ორლანდოში, დრექსლერის ანგარიშზე 23 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი გახლდათ. იმ ფლეი ოფში კლაიდი 20.4 ქულას, 7.0 მოხსნას, 5.0 პასს და 1.5 ჩაჭრას იღებდა.

და, ყველაზე მთავარი - ის გახდა ჩემპიონი. უბრალოდ, კლაიდი არ იყო მაიკლი. თითქმის ჯორდანი? დიახ. უბრალოდ, ეს კლაიდისთვის საკმარისი არ ყოფილა.

მოწყენილი ლეგენდა, რომელიც ვერასოდეს ვერ დაეწია მაიკლს.