არ გეკადრება, სესკ!..

სესკ ფაბრეგასის რამდენიმე დღის წინანდელ ინტერვიუს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მონაკოს ესპანელმა ნახევარმცველმა კარიერის საუკეთესო წლები გაიხსენა, როცა ლონდონის არსენალში თამაშობდა და ცუდიც ბევრი გაურია.  

 

აი, რამდენიმე ამონარიდი:

 

„როცა არსენალის კაპიტანი ვიყავი, წნეხს მაშინ უფრო ვგრძნობდი. წაგებას ვერ ვიტან და ზოგიერთი მატჩის მერე კლუბის ავტობუსში ვტიროდი. წარმოიდგინეთ, მე განვიცდიდი, ვტიროდი, განადგურებული ვიყავი, რამდენიმე ფეხბურთელი კი იცინოდა და იმას  განიხილავდნენ, ღამე სად წასულიყვნენ გასართობად“.

 

„ბოლოს არსენალი დასუსტდა. ჩემი დონის ფეხბურთელები მხოლოდ ვან პერსი და ნასრიღა იყვნენ“.


 

მაშინდელი არსენალის მარჯვენა მცველი ბაქარი სანია ფაბრეგასის ნათქვამმა გააბრაზა.

 

„როცა სესკის ინტერვიუ წავიკითხე, ძალიან გამიკვირდა. ის მართლაც ლიდერი იყო და როცა ლიდერი ხარ, ასეთ რაღაცეებს არ უნდა ლაპარაკობდე. გამიკვირდა თუნდაც იმიტომ, რომ კარგ ადამიანად ვიცნობდი და სიმართლე ვთქვა, არც ახლა შემიცვლია აზრი. ის არსენალმა აქცია ძლიერ ფეხბურთელად და საყვარელი კლუბის ფეხბურთელებზე ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. ეს კლუბის შეურაცხყოფაა.

 

...იმ დროს პრესა წერდა, რომ ფაბრეგასი ცოტას დარბოდა და უკან არ ჩამოდიოდა. სხვა ფეხბურთელებსაც შეეძლოთ მისი გაკრიტიკება, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ავიღოთ დღევანდელი ლივერპული, იქ ყველა ბევრს დარბის.

 

...გუნდში ყველა ფეხბურთელის დონე განსხვავებულია. ზოგიერთი ფიზიკურად არის კარგი, ზოგიერთი ტექნიკურად, მაგრამ როგორც ფაბრეგასი აფასებს, ასე არ შეიძლება“.

 

ისე, ფაბრეგასი ადრეც გამოირჩა უცნაური განცხადებით. როცა ყველაზე ძლიერ ნახევარმცველებზე ჰკითხეს, ჟილბერტო სილვა და მეტიუ ფლამინი დაასახელა. არც ჩავი, არც ანდრეს ინიესტა... თუმცა სესკმა მალევე განაცხადა, რომ  სწორად ვერ გაიგო და ეგონა, რომ კონკრეტულად მეთოფეებზე ეკითხებოდნენ.