სუპერლიგა. საუკეთესო მოთამაშე (MVP)

გვრჩება ერთი და, ყველაზე მნიშვნელოვანი ინდივიდუალური პრიზი.

რეგულარულის საუკეთესო მოთამაშე, MVP.

პრიზი, რომელიც ყველა ტურნირზე ყველაზე მკვლელი, ყველაზე დასაფასებელია. და, აი, აქ უკვე აუცილებელი რეგულაციები უნდა გავითვალისწინოთ.

მოთამაშეს უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა რეგულარულის სულ მცირე, მატჩების 50 პროცენტში. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ - მისი გუნდის თამაშების ნახევარში უნდა ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა. აქ, ეს უნდა დავიცვათ, რომ ყველაფერი უფრო სამართლიანი იყოს.

და, შესაბამისად, ამ გამოკითხვაში ვერ ჩაერთო ნიკოლაოს დიპლაროსი. სუპერლიგის ყველაზე კლასნი მოთამაშე. და, ამ გამოკითხვაში ვერ ჩაერთო კაქტუსის მისტერ დევისი. წარმოგიდგენთ TOP 4-ს და, ბოლოში, სუპერლიგის ნაადრევად დასრულებული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს.

 

5. ილია ლონდარიძე (რუსთავი)

4. ჯეიმს მილიკენი (ქუთაისი)

3. ნიკოლა ვუიოვიჩი (ბათუმი)

2. გიორგი ტურძილაძე (თსუ)


ამ ოთხი ბიჭიდან ყველას თავისი დიდი პლიუსი ჰქონდა.

ლონდარიძემ ბევრი წლის წინ დაამტკიცა თავისი შეუცვლელობა საქართველოს ჩემპიონატში და თუ გსურთ იდეალური ლიდერის დამატება, ილო აქ არის. მას ემატება ასაკი, მაგრამ ვეტერანი ტემპს არ აგდებს და ეს უკვე თემაა. ის თანაბრად სახიფათოა როგორც სამწამიანში, ასევე - 3-4 მეტრიდან შეტევის დროს. სტაბილური საშუალო სროლა მის წინააღმდეგ პერსონალურ დაცვას უფრო პრობლემურს ხდის. ლონდარიძე დღესაც რჩება საქართველოს ნაკრების კანდიდატად და ეს მნიშვნელოვანია. რუსთავს ოდნავ მეტი რომ მოეგო, ილოს დროც, სტატისტიკაც და ამ რეიტინგში ადგილიც გაიზრდებოდა. შეუცვლელი ლიდერი.

ჯეიმს მილიკენი შარშან გავიცანით. ნიჭიერ, მაგრამ ოდნავ დასალაგებელ და გამოუცდელ თსუ-ში ის გამორჩეულად კარგი, სანდო და ფეთქებადი ტიპი იყო. ითხოვდა იზოლაციას და ასრულებდა. ელოდებოდა პასს პირველი ნომრისგან და ასრულებდა. ხანდახან, დაცვაშიც თამაშობდა და ეს უკვე ბევრია. ქუთაისში გაიზარდა მისი შემტევი როლი და ბიჭმა ეს შანსი იდეალურად გამოიყენა. მილიკენს არ ჰქონდა ჩავარდნები. და, თუ ჩვენ ბოლო პერიოდში წარმატებული ლეგიონერების ათეულს დავაყენებთ, ჯეიმსი იქ ულაპარაკოდ შევა. საინტერესო იქნებოდა მისი თამაში ფლეი ოფში. სამწუხაროდ, ეს უკვე ისტორიაა.

ბათუმმა ორი კარგი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც დაიმატა ვუიოვიჩი. და, როდესაც დაიმატა ცენტრი, რომლის სახელი არის ნიკოლა. წარმატება გარანტირებულია. და, ნიკოლამ წამოიღო. კლასი - ადგილზეა. პროფესიონალიზმი - დიდი დოზით. მონდომებული - ნუ, ეს ალბათ, პროფესიონალიზმში შედის. და, ვუიოვიჩი ეხმარებოდა, აზღვევდა თანაგუნდელებს. ბაჯბაჯით გადადიოდა მეორე ნახევარზე, ელოდებოდა ბურთს და ასრულებდა. ძალიან საინტერესო იყო მისი და დიპლაროსის ტანდემი. ალბათ, სუპერლიგის ყველაზე შეუჩერებელი დუეტი. და, სერბს კარგად ესმოდა ბერძენის. და, ბათუმი დიდ ბონუსში იყო.

გიორგი ტურძილაძე კაქტუსში მომწონდა. უდიდესი პოტენციალი და არასაკმარისი მოტივაცია, რაც მასთან თანამშრომლობის სურვილს კლავდა. გიორგი შეუდარებელი იყო თსუ-ს სეზონის პირველ ნახევარში. როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი არ იყო დისკვალიფიცირებული. და, გიორგიმ დაგლიჯა საქართველოს ნაკრებში მოკლე მონაკვეთის დროს. უბრალოდ, ტურძილაძემ ვერ აკრიფა ბოლო ფაზაში და ალბათ, ამის გამო დაკარგა საუკეთესო მოთამაშის პრიზი. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ წლებში ჩვენ პირველი წრის გიორგის ვნახავთ და ეს ჩვენთვის და, უფრო გიორგისთვის ფასდაუდებელი იქნება. ძალიან მაგარია.

და, ჩვენი სეზონის MVP არის...

 

კოლინ მალკოლმი (ბათუმი)

თუ შეამჩნიეთ, წინა ოთხი მოთამაშის დახასიათების დროს არ გაგვირჩევია სტატისტიკა. ეს ოდნავ ადრე, სიმბოლური ხუთეულების შეკვრის დროს გავაკეთეთ და შეგიძლიათ, ციფრებს იქ გაეცნოთ. მალკოლმის შემთხვევაში, ეს აუცილებელია.

მალკოლმის გუნდმა მოიგო ყველა საშინაო თამაში. და, ბიჭი ამ 7 შეხვედრაში საშუალოდ 20.9 ქულას, 8.7 მოხსნას, 1.9 პასს, 1.6 დაფარებას და 1.1 ჩაჭრას იღებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი - ზუსტი სროლების პროცენტი არარეალურ 72.7-ზე (!!!) ავიდა.

და, მაგარი მნიშვნელოვანია, რომ ამ მატჩებში გატარებულ 34.1 წუთში მალკოლმი მხოლოდ 1.4 შეცდომას უშვებდა. ნდობა აქ არის. და, ის ამ ნდობას იმსახურებდა.

ბოლო ორ თვეში, როდესაც ბათუმმა მოგება დაიწყო, მალკოლმი შეუჩერებელი გახდა. აქ მას ეხმარებოდა დიპლაროსის ფაქტორიც, მაგრამ მალკოლმი გუნდის ყველაზე ცივსისხლიანი იარაღი იყო - 22.5 ქულა თებერვალში და ერთი ოცქულიანი გარჩევა მარტში.

5 მატჩში – 10 და მეტი მოხსნა.

7 მატჩში – 20 და მეტი ქულა.

7 მატჩში – 2 და მეტი დაფარება.

22 - ცხუმ-აფხაზეთთან ერთ მეოთხედში (!) აღებული ქულები.

მალკოლმმა მხოლოდ ორ თამაშში დაუშვა 2 შეცდომაზე მეტი.

დამსახურებული, უალტერნატივო MVP.

ვულოცავთ.