უნიჭო ხუმრობა და სიყალბე

ინგლისური ევერტონის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ  იტალიურ მედიის ფურცლებიდან პრემიერლიგის შეფები გააფრთხილა, სჯობს უარესი სცენარისთვის მოემზადოთო და იგივე ეხება დანარჩენ მსოფლიოსაც.

„ფეხბურთელები და მწვრთნელები ნაკლებ ხელფასებს მიიღებენ. სტადიონის ბილეთებიც გაიაფდება, რადგან ხალხს ფული აღარ ექნება. ეკონომიკა ყველა დონეზე შეიცვლება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გავიგე, რომ ზოგი ხელფასების დროებით შეკვეცას აპირებს, ზოგიც გადახდის გადავადებას ფიქრობს, მაგრამ ეს ნაბიჯები ვადაგასულია. ასეთი გადაწყვეტილებები უკვე უადგილო მგონია. ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება. სატელევიზიო ტრანსლაციათა უფლებებიც გაიაფდება. ყველაფერს აჯობებს ძირეული ცვლილებებისთვის მოვემზადოთ. დღეს, მთავარი ადამიანების ჯანმრთელობა და ვირუსის გავრცელების შეზღუდვაა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია,“ - ამბობს იტალიელი მწვრთნელი.

https://www.dailymail.co.uk/indiahome/article-3571836/Vijay-Mallya ...

არადა, წამყვანი ევროპული ლიგების თავკაცები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ შეწყვეტილი ჩემპიონატების გაგრძელებას შეძლებენ და დიდ ზარალს გადარჩებიან, მაგრამ 60 წლის ანჩელოტი, რომლის სამშობლოსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, მოვლენებს სხვანაირად უყურებს:

„არ მადარდებს როდის დაამთავრებთ სეზონს, როდის განაახლებთ თამაშებს. მნიშვნელოვნად არც ახალი თარიღები მიმაჩნია და არც სხვა დაპირებები. პრემიერლიგამ კლუბებს სამკვირიანი შვებულებების აღება აიძულა. ეს შეეხო ყველას: მოთამაშეებს, მწვრთნელებს, პერსონალს. თავიდან უნდოდათ ჩემპიონატი მაისში გაეგრძელებინათ, მაგრამ ეს გამორიცხულია. მნიშვნელობაც არ აქვს. ახლა მხოლოდ ვირუსთან ბრძოლას აქვს აზრი.  როდესაც ვიგებ, რომ ზოგი შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლების წინ პატარა მოსამზადებელ პერიოდზეც ლაპარაკობს, უბრალოდ მეცინება. ვიღაცამ თქვა, იქნებ სამკვირიანი შეკრებები მოვაწყოთო. ეს სისულელე, უნიჭო ხუმრობა და სიყალბეა,“ -  თქვა ევრტონის თავკაცმა, ვინც ამ პოსტზე ამ ორი თვის წინ დაინიშნა.