სკოტი პიპენი ტკივილში იზრდებოდა

ჩიკაგო მაიკლ ჯორდანის პერსონალური პროექტი იყო. და, 1987/1988 წლების რეგულარულში ბულზმა აუშვა სკოტი პიპენი. გამხდარი, მოქნილი და დასახვეწი ახალგაზრდა, რომელიც თავდახრილი ასრულებდა მაიკლის ნებისმიერ ბრძანებას, არ ეთაკილებოდა გამაგრილებელი სასმელის მოტანა და ბურგერებზე გაქცევა.

სკოტი იზრდებოდა. სწრაფად იზრდებოდა. და, 1992 წლის ოცნების გუნდში პიპენი უალტერნატივო არჩევანი იყო. ყველა დროის უდიდესი გუნდი სპორტში. ბითლზის, როლინგების, ზეპელინების მიქსი კალათბურთში. სკოტი იმ ეპოქის ყველაზე უნივერსალი დამცველი გახდა.

და, მანამდე იყო ტკივილი. პიპენს დეტროიტმა ატკინა.

პიპენი ტკივილში იზრდებოდა. 1989/1990 წლების რეგულარული. სეზონი, როდესაც სამყარომ გაიცნო აკრობატი ათლეტი დევიდ რობინსონი. ადმირალმა ლიგას ბევრი მისცა. და, სან ანტონიო დასავლეთში ბოლოდან თითქმის პირველზე ააგდო.

იმ სეზონში დეტროიტი მოქმედი ჩემპიონი იყო.

და, ჩიკაგო უახლოვდებოდა პანთეონს. დიდ ფინალში გასასვლელად ბულზს პისტონზი უნდა დაეჩეხა.

გუნდები იგებდნენ საშინაო ტესტებს. დეტროიტმა წამოიღო პირველი ორი თამაში საკუთარ დარბაზში. ჩიკაგომ დამაჯერებლად გაათანაბრა ანგარიში. დეტროიტმა მესამე ქულა დაირტყა და ბულზმა კიდევ ერთხელ გაუთანაბრა.

კლასიკა.

იმ სეზონში სკოტი საშუალოდ 16.5 ქულას, 6.7 მოხსნას, 5.4 პასს, 2.6 ჩაჭრას და 1.2 დაფარებას იღებდა. მკვლელი დაცვა. პიპენი კარიერით 10-ჯერ შევიდა დაცვის ხუთეულში და სკოტი იყო სადიზმი.

ის სერია დეტროიტში დაიხურა. მეშვიდე ჩეხვა, რომელშიც მაიკლი ჯორდანი იყო და 31 ქულა, 9 პასი და 8 მოხსნა შეკრა. ჰორას გრანტმა დენის როდმანთან და ბილ ლემბირთან ბრძოლაში 10+14 მოხსნა დასვა. დეტროიტმა მხოლოდ 93 ქულა დააგროვა. და, მაინც 19 ქულით გადახია ბულზი.

მიზეზი? სკოტი პიპენმა 2 ქულა დააგროვა. 42 წუთში! 10 სროლიდან პიპენმა 1 გამოიყენა. სერია დაიხურა. დეტროიტმა ფინალში 4:1 მიანგრია პორტლენდი. ერთი წლის შემდეგ ბულზი ჩემპიონი გახდება, სკოტი პისტონზს თავისუფლებას წაართმევს, მაგრამ ამ სეზონში სკოტი დაამცირეს, დაამტვრიეს, გაანადგურეს. და, ტკივილიდან გაიზარდა, დაბრუნდა ის, რომელმაც მაიკლს მეორე ინკარნაციის დროს (როდმანთან ერთად) ზედიზედ 3 ფინალი მოაგებინა.

ხანდახან, ისინი ბრუნდებიან. როგორც - სკოტი.