ლევან კუტალია: უფეხბურთოდ ძალიან მიჭირს

კორონავირუსმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და ქვეყანათა უმეტესობაში საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერებულია. გამონაკლისი არც ყაზახეთია, სადაც რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. ერთ-ერთი მათგანი ლევან კუტალიაა, რომელიც ირტიშში რამდენიმე თვის წინ თბილისის დინამოდან გადავიდა. ამ ტრანსფერს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, რადგან ლევანი დედაქალაქელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო. გემახსოვრებათ იგი შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 20 გატანილი გოლით.

 

ყაზახეთის ჩემპიონატზე, მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის გამო უფეხბურთობაზე და კიდევ სხვა თემებზე სასაუბროდ ლევანს ყაზახეთში დავუკავშირდით. 

 

- რა ვითრებაა ამჟამად ქვეყანაში?

 

- არაფერი განსაკუთრებული. 31 მარტიდან 15 აპრილამდე საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ყველანი სახლებში ვართ, ქალაქები ჩაკეტილია. 31-დან საგანგებო მდგომარეობასთან ერთად კომენდანტის საათიც ამოქმედდა. ინფიცირების 300 შემთხვევა დაფიქსირდა და ყველანაირად ცდილობენ ეს რიცხვი არ გაიზარდოს. მეც სხვების მსგავსად სახლში ვარ და გარეთ გასვლას ვერიდები, უფეხბურთოდ ძალიან მიჭირს. 

 

- ალბათ ასეთ დროს ძალიან რთულია ოჯახისგან და ახლობლებისგან შორს, სხვა ქვეყანაში ყოფნა.

 

- რა თქმა უნდა, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ვერაფერს შევცვლით. აუცილებელია დავრჩეთ სახლში და კომპეტენტური ადამიანების რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. მჯერა უფლის წყალობით სიტუაცია მთელს მსოფლიოში მალე გამოსწორდება. 

 

- მართალია ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ირტიშში გადახვედი, მაგრამ მაინც გკითხავ. როგორ შეეგუე ახალ ჩემპიონატს?

 

- ჯერ ბევრს ვერაფერს გეტყვით, ძირითადში მხოლოდ ერთხელ მომიწია თამაში და რთულია დასკვნების გამოტანა. რისი შემჩნევაც მოვასწარი ისაა, რომ კარგი ლეგიონერები ჰყავთ და ბევრი ორთაბრძოლაა. გარდა ამისა ტემპიც მაღალია. ახლა ყველაზე მთავარია ამ სიტუაციამ გადაიაროს და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. 

 

- ვლადიმირ ვაისი ნაკრებში მუდამ იძახებს ყაზახეთის ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს. რამდენად არის ეს შენთვის სტიმული? 

 

- რა თქმა უნდა ეს დიდი სტიმულია. ამ ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ არჩევანი ირტიშზე შევაჩერე. 

 

- როგორც ვიცი სხვა ქვეყნებიდანაც გქონდა შემოთავაზებები...

 

- ასეა, ირტიშის გარდა რუსული, აზერბაიჯანული და უნგრული კლუბებიც მიწვევდნენ. 

 

- შარშანდელი სეზონის შემდეგ დინამომ კონტრაქტის გახანგრძლივება თუ შემოგთავაზა?

 

- დიახ, დინამომ ხელშეკრულების გაგრძელება შემომთავაზა, თუმცა მე სხვა ქვეყანაში მსურდა ძალების მოსინჯვა და ამიტომაც დავტოვე თბილისელთა რიგები.