ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება!

 

 

 

 

 

 

 

„გინდათ გითხრათ, როგორი სტადიონია სან სირო? ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები სრულდება“  —  თქვა ერთხელ ჯაჩინტო ფაკეტიმ. მე კი იქ ნამყოფი ვარ და ეს ამბავი ადრეც დამიწერია, მაგრამ…

დღეს მილანში საშინელი ამბებია. დღეს კაცს იტალია რომ გაგახსენდეს ამაში გასაკვირი არაფერია. დღეს იმ ქუჩებში, სადაც ოდესღაც გულშემატკივრის ნაკადი მიდიოდა, დღისით თუ ღამით სიცარიელე დადის.

და ვიფიქრე, თუკი სიტყვას ძალა აქვს, იქნებ ჩემი კეთილი მოგონება რამენაირად შეეწიოს, მეთქი.

ფაკეტი: „ჩემთვის სან სირო ყოველთვის შთაგონების წყარო იყო. იტალიაში არ არსებობს ბიჭუნა აქ თამაშზე რომ არ ოცნებობდეს. რაც უფრო დიდი საერთაშორისო ქალაქი ხდება მილანი, მით უფრო იზრდება სან სიროს მნიშვნელობაც“.

არადა, ცოტა ხნის წინ სადღაც-სადღაც ეწერა, დანგრევას და მის ადგილზე ახლის აშენებას აპირებენო. გაუგებარია.

მე რომ ვიყავი, ფაკეტის ინტერი პიაჩენცას ხვდებოდა. ვერ გეტყვით ესწრებოდა თუ არა იმ თამაშს თავად ფაკეტი, მაგრამ ჩვენ, რამდენიმე ქართველმა გადავწყვიტეთ მილანელებისთვის პატივი გვეცა და სტადიონის წინ, დახლებზე, სუვენირები ვიყიდეთ. მერაბმა ინტერის შარფი შეიძინა და თავზე წაიკრა. ჰოდა, კონტროლიორმა რომ შეხედა, ხულიგანი ტიფოზი ეგონა. გაჩხრიკეს და ჯიბეში ჯაყვა უპოვეს. მაგარი ჯაყვა იყო.  თბილისიდან ჰქონდა წამოღებული.

 

Giuseppe Meazza (Stadio San Siro) - YouTube

 

უთხრეს, ამით ვერ შეგიშვებთო. გავშალეთ ხელები. ვუმტკიცებდით, უცხოელები ვართ, მართლა ინტერის ფანები ხომ არ გგონივართ, არავის დაჭრათ არ ვაპირებთო, მაგრამ გაგონება არ უნდოდათ. ბოლოს, კარაბინიერმა თუ კონტროლიორმა თვითონ მოიფიქრა — აგერ, სადაც ეს შარფი იყიდეთ, იმ დახლიდარს დაუტოვეთ და რომ გამოხვალთ გამოართმევთო. ასეც მოვიქეცით. მერე შეგვიშვეს.

ისე, მე ხმა დიდად ამომეღებოდა, რადგან ინტერის თამაშის დღეს ნათლულს მილანის მაისური ვუყიდე და… პარკში საგულდაგულოდ მქონდა ჩამალული. რობერტო ბაჯოს მაისური იყო, 23 ნომრიანი.

ინტერში მაშინ ხავიერ ძანეტი, იური ჯორკაეფი და ივან სამორანო ბრწყინავდნენ. იმ თამაშში ჯორკაეფმა ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა — შორეულ ძელთან, ორთაბრძოლაში, ფეხით მაღალი პასი ჩამოხსნა, დატრიალდა, მცველი მოტეხა, გააკონტროლა და ზუსტად დაარტყა. არის იუთუბზე, თუ გაინტერებთ…

…ისტორიულ სტადიონს კი მალე საუკუნე შეუსრულდება. აქ ჩატარებულა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, ჩემპიონთა თასის (ლიგის) ოთხი ფინალი.

ზოგი ამბობს, რომ „ფეხბურთის ლა სკალა“ ნამდვილ ლა სკალაზე ცნობილია. ინგლისური გაზეთი ტაიმსი კი წერდა: „ის მილანის გარეუბანში აგებულ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს. იმდენად შთამბეჭდავია, რომ ჯორჯ ლუკასის „ვარსკვლავურ ომებიდან“ გეგონებათ“.

სახელწოდება სან სირომ უბნიდან მიიღო. პირველ შეხვედრაში ინტერმა მილანს 6:3 მოუგო. 1927-ის 20 თებერვალს იტალიის ნაკრებმა ჩეხოსლოვაკიასთან 2:2 ითამაშა, ხოლო შვიდი წლის შემდეგ სან სიროზე 1934 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სამი შეხვედრაც გაიმართა.

ის რომ სან სირო ჯუზეპე მეაცას სახელობისაა, იმდენად ცნობილი ამბავია, რომ მისი შეხსენებით აღარ დაგღლით. მეაცა ძველი იტალიელი თავდამსხმელი იყო, რომელიც სხვადასხვა დროს ინტერშიც თამაშობდა და მილანშიც.

მეაცა მოდის მიმდევარი, მექალთანე კაცი იყო. მოედანზე ჩინებული დრიბლინგით და ზუსტი დარტყმით გამოირჩეოდა. იტალიის ნაკრები 1934 და 1938 წლებში მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, მისი დიდი დამსახურებაცაა. „როდესაც ის მოედანზეა, თამაში 1:0-ით იწყება“ — ამბობდა „სკუადრა აძურას“ მაშინდელი მწვრთნელი ვიტორიო პოცო.

 

InterLegends - Giuseppe Meazza: Italian Football's Greatest Of All ...

 

მეაცა 1979 წელს გარდაიცვალა. 1980 წლის მარტში სან სიროს მისი სახელი უწოდეს...

…შემდეგ კი ჩვენ სტადიონიდან გამოვედით და დახლიდარი მოვძებნეთ. ის პატიოსნად გველოდა, მერაბისთვის ჯაყვა რომ დაებრუნებინა.

მერე გულშემატკივრებთან ერთად ქუჩას მოვუყვებოდით და ისევ ფეხბურთზე ვლაპარაკობდით. საღერღელი გვქონდა აშლილი. ერთს ბრაზილია მოსწონდა, მეორეს გერმანია…

მე იტალია მიყვარდა და ვერ წარმოვდგენდი, რომ წლების შემდეგ იქ, იმ ქუჩაზე, გულშემატკივარი ნაკადად ვეღარ გაივლიდა. რაღაც ისეთი მოხდებოდა, უნიჭო ამერიკულ პოსტაპოკალიფსურ ფილმებში რომ მაქვს ნანახი.

მაშინ კი მოვდიოდით და გატაცებით ვლაპარაკობდით. გარშემო ათასობით იტალიელი ყაყანებდა.

P.S. მაგრამ, ეს ყველაფერი დასრულდება. აუცილებლად ჩაბარდება წარსულს. ჟამიანობა ხომ მუდმვი არ არის. და იქნებ მერე ბედმაც გამიღიმოს, კიდევ ერთხელ ჩავჯდე ჯორჯ ლუკასის კოსმოსურ ხომალდში და რამე ფეხბურთს დავესწრო. პრეტენზია არ მაქვს. იყოს ისევ ინტერი - პიაჩენცა.

 

 

 

 

 

 

.