ბუბა ბერიშვილი - გუნდისთვის ყველაფერი

ყველა დროის საუკეთესო დამცველები

კარგი დამცველი არ უნდა იყოს სუსტი შემტევი. ანუ, აუცილებლად არ უნდა იყოს. კარგი დამცველი შეიძლება, უბრალოდ, ძალიან კარგი მოთამაშეც იყოს.

ბუბა ბერიშვილი ძალიან კარგი მოთამაშე იყო. აგრესიული დამცველი, რომელიც დიდ ენერგიას დაცვაში დატოვებდა და შემდეგ, არანაკლებ მიმწოლად ითამაშებდა შეტევაში.

გრძელი ხელები, კარგი აღნაგობა დაბალი მოთამაშისთვის და გუნდური ხასიათი. ის ყოველთვის საერთო, გუნდის წარმატებაზე ფიქრობდა და თუ ამისთვის პირადი სტატისტიკის, ამბიციების უკანა პლანზე გადაწევა იყო აუცილებელი, ბუბა არ დაფიქრდებოდა. ჯერ გუნდი - შემდეგ, მე, საკუთარი თავი.

ისე აეწყო, რომ არასოდეს არ ვგულშემატკივრობდი იმ გუნდებს, სადაც ბუბა თამაშობდა. და, ორმაგად ვაფასებდი ამ ბიჭს, რომელიც იქ, მოედანზე კვდებოდა.

ბევრი კარგი შემტევი გვყავდა, მაგრამ უმეტესობამ ან, არ იცოდა დაცვაში კარგი თამაში, ან - უბრალოდ, ეზარებოდა.

ბუბა გამონაკლისებში შედიოდა - კარგი შემტევი, ძალიან კარგი მსროლელი, კარგი ინტელექტი და რაც მთავარია, მაგარი დაცვა.

იმ პერიოდის ერთ-ერთი კარგი და ჩემია ზრით, დაუფასებელი მოთამაშე. რომელიც ყველას სჭირდებოდა.

 

ირაკლი ხოშტარია (საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი): ბუბას თამაში კარგად მახსოვს. ჭკვიანი, ფიზიკურად ძლიერი და რაც მთავარია, გუნდისთვის ძალიან სასარგებლო. მე და ბუბა ვიყავით თანაგუნდელები. მახსოვს, როდესაც ერთ-ერთი სეზონის წინ იწყებოდა გუნდის დაკომპლექტება, მთავარი მწვრთნელი ჩემი აზრით დაინტერესდა, რას იტყვი, ბუბა რომ დავიმატოთო? რა უნდა მეთქვა? ძალიან კარგი არჩევანი იყო. ჩვენ ვიმატებდით მოთამაშეს, რომელიც თავის პირად ამბიციებს უკანა პლანზე გადაწევდა და გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მე ბუბა ყოველთვის ასე მემახსოვრება.