გაკეთებულია სენეგალში

 

 

 

 

 

 

 

ლივერპულის ვარსკვლავის, სადიო მანეს შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელსაც „გაკეთებულია სენეგალში“ ჰქვია. მანე ყვება როგორ იმოქმედა მასზე მამის ადრეულმა გარდაცვალებამ და რა გეგმები აქვს მშობლიურ სენეგალთან დაკავშირებით.

„შვიდი წლის ვიყავი, ფეხბურთის თამაშს ვაპირებდით, როცა ბიძაშვილი მოვიდა და მითხრა: მამაშენი გარდაიცვალაო. მეგონა ხუმრობდა, ვერ ვიჯერებდი, - ყვება მანე, - მამას მძიმე დაავადება აწუხებდა და რაღაც ბალახებისგან მომზადებული წამალი მივუტანეთ, რომელმაც სამი-ოთხი თვით დააწყნარაა. მაგრამ ტკივილების გამეორებისას ამ წამალმა აღარ უშველა. ჩვენს სოფელ ბამბალიში საავადმყოფო არ იყო, მეზობელ სოფელში უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ასე არ მოხდა.

მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ამაყობდა ჩემით. დიდი გულის კაცი იყო და მისმა გარდაცვალებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. მაშინ ვთქვი, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ დედას დავეხმარო-მეთქი.“

 

Sadio Mane 'accepts' Liverpool may be denied Premier League title ...

 

ამ ამბის შემდეგ ოცი წელიწადი გავიდა და მანე თავის სოფელში საავადმყოფოს აშენებს, რომელიც ექვს თვეში გაიხსნება. იქვე სკოლა უკვე ააშენა. მანე ამბობს, რომ მისი ქველმოქმედების მთავარი მიზეზი სწორედ მამის გარდაცვალებაა. მის სედჰიუს პროვინციაში ხომ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით,  მოსახლეობის 70 პროცენტი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

„მახსოვს, ჩემი დაც სახლში დაიბადა, რადგან საავადმყოფო არ გვქონდა, - აგრძელებს მანე, - ამიტომ მინდოდა ჰოსპიტალი ამეშენებინა, რათა ადამიანებისთვის იმედი მიმეცა.“

სადიოს თავიდანვე ფეხბურთელობა უნდოდა, ოჯახი ეწინააღმდეგებოდა და 15 წლისა ის მეგობრის დახმარებით, სახლიდან დედაქალაქ დაკარში გაიპარა.

„ძალიან ძნელი იყო, იმიტომ, რომ იქ არავინ მყავდა. მაგრამ ოცნება არასოდეს მიმიტოვებია. ვგრძნობდი, რომ ერთხელაც წარმატებული ადამიანი გავხდებოდი. ნელ-ნელა ოჯახმაც გაითავისა, რომ სხვა გზა არ მქონდა და დახმარება დაიწყეს“, - იხსენებს სადიო.

დაკარის Generation Foot-ის აკადემიაში, სასინჯ მატჩში ოთხი ბურთი გაიტანა და მისი კარიერაც დაიწყო. ძალიან დაეხმარა მედი ტურე, რომელსაც სადიო „მეორე მამას“ უწოდებს. სწორედ ტურეს დახმარებით, მანე 2011 წელს ფრანგულ მეცში აღმოჩნდა. 18 თვეში კი ზალცბურგის რედ ბულში გადავიდა. ამავე დროს დიდი როლი ითამაშა 2012 წლის ოლიმპიადაზე სენეგალის ნაკრების მეოთხედფინალში გასვლის საქმეში.

იურგენ კლოპს მისი გადაბირება ჯერ კიდევ 2014 წელს უნდოდა დორტმუნდის ბორუსიაში, მაგრამ მაშინ მოლაპარაკება ვერ შედგა.

თუმცა 2016-ში, როცა სადიო უკვე საუთჰემპტონის ფეხბურთელი იყო და ლივერპულს სამ მატჩში ოთხი გაუტანა, კლოპი მისით საბოლოოდ მოიხიბლა.

ფილმში კარგად ჩანს როგორი პატივისცემა აქვს სენეგალელს გერმანელი სპეციალისტის მიმართ.

ასევე ნაჩვენებია სადიოს ემოციები ბარსელონასთან ჩემპიოთა ლიგის საპასუხო შეხვედრის შემდეგ, რომელიც ლივერპულმა 4:0 მოიგო.

 

Jürgen Klopp: Signing Sadio Mane was a win-win situation ...

 

„კლოპს განსაკუთრებულს ის ფაქტი ხდის, რომ ყოველთვის ბოლომდე სჯერა თავისი პრინციპებისა და ფეხბურთელების, - ამბობს მანე, - ტოტენჰემთან ფინალში გამარჯვებაც მისი არაადამიანური ენერგიისა და ემოციური დარიგებების შედეგი იყო. უამისოდ არაფერი გამოვიდოდა.“

ფილმში ნაჩვენებია ლივერპულის ფეხბურთელების ზეიმი ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ. მაგრამ ეს არაფერია იმ დიდებულ დახვედრასთან შედარებით, რაც მშობლიურ ბამბალიში მოუწყვეს.

„განათლება გასაღებია. - ეუბნება სადიო ადგილობრივ ახლგაზრდებს, - ჩემს დროს რომ სოფელში უკეთესი სკოლა ყოფილიყო, ალბათ მეტად ნასწავლი ვიქნებოდი. განათლება მთავარია წარმატებული ცხოვრებისთვის.“

ახლახან მან სენეგალის მთავრობას 40 ათასი გირვანქა გადაურიცხა კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.