პირველად იყო მერცხალი

 

 

 

 

 

 

2005 წელს დაუვიწყარი ამბავი გადამხდა თავს. კვირა დილა იყო, როდესაც უფროსმა მეგობარმა ილია მხეიძემ დამირეკა. ღელავდა. უნდა მიშველო, ოც წუთში ჩემთან სტუდიაში უნდა იყო, თორემ „რეპროდუქტორი“ იწყება, ორიდან ერთი სტუმარი კი ცუდად არის და ვერ მოდის, გადაცემა მიფუჭდებაო. ჩემი სახლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, ცნობილი კოსტავას 68 ისეთ მანძილზეა, რომ თავქუდმოგლეჯილმა, თუ ტრანსპორტიც დროზე მოვა, შეიძლება მიასწრო. რას ვეტყოდი, მოვრბივარ, მეთქი მაგრამ თემამ და მთავარი სტუმრის ვინაობამ ამაფორიქა.

თემა ასეთი იყო: „პირველი მერცხალი“ 30 წლისაა; სტუმარი: რეჟისორი ნანა მჭედლიძე.

ვაიმე, დედა! სად მირბიხარ, რომ მირბიხარ, ადამიანო? ლეგენდარული ქართული ფილმისადმი მიძღვნილ საიუბილეო გადაცემაზე, ოღონდ სადღაც დარბაზის ბოლო რიგში, მეასე კაცად კი არა, სამკაციან გადაცემაში, რეჟისორთან ერთად! მარტო წამყვანი, ის და მე… არადა, „პირველი მერცხალი“ არის კინო, რომლის ტექსტებიც ხალხმა დღემდე ზეპირად იცის და ქალი თუ კაცი ცალკეულ ფრაზებს ისე იმეორებს, რომ ხანდახან მათი წარმოშობა არც ახსოვს. ეს არის ფილმი, რომელიც ქართულ ძარღვში გაჯდა და სისხლს შეერია. და თან, უნდა მივიდე არც მეტი-არც ნაკლები გურამ ლორთქიფანიძის ნაცვლად. გურამ ლორთქიფანიძე კი ყველამ იცით, ლეგენდარული აგული „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“, რომელიც „პირველ მერცხალშიც“ თამაშობს და მერე როგორ.

 

პირველი მერცხალი (1975) - Pirveli mertskhali ...

 

აი, „პირველი მერცხლის“ ფეხბურთელებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ტექსტს ამბობენ, სიტყვებიანი როლები აქვთ. გურამ ლორთქიფანიძე კი მთელ ფილმში მხოლოდ ერთ-ორ ფრაზას ამბობს, მეტწილად „მუნჯი კინოს“ ხერხებით არის შემოფარგლული, მაგრამ გამორიცხულია, არ დაგავიწყდება.

გავრბოდი თავქუდმოგლეჯილი კოსტავას ქუჩისკენ და ვფიქრობდი - რაღა მე ამირჩია ილიკომ? ტელეფონით ასე ამიხსნა: ქალბატონი ნანა საკუთრივ ფილმზე ილაპარაკებს, გადაღების დროინდელ ამბებს მოიგონებს, შენ კი „პირველ მერცხალზე“ დაყრდნობით საქართველოში ფეხბურთის შემოსვლისა და საერთოდ ქართული ფეხბურთის ფენომენის თემას განავრცობო.

აუფ! და საერთოდ, ვინ ხარ? ვის დაკარგვიხარ?

რა ვილაპარაკე არ მახსოვს. გონებას კი მხოლოდ უბრალო, თავმდაბალი ქალბატონის სახე შემორჩა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს დიდი არაფერი გაუკეთებია. თითქოს, უბრალოდ მჭადი გამოაცხო და მეტი არაფერი.  

არადა, ფილმში ყველა წვრილმანი აქვს გათვლილი. თავიდან ცოლიანები უცოლოებს ეთამაშებიან. შემდეგ, იასონს ნამდვილი გუნდის შექმნის იდეა მოსდის, სადაც ცოლიანებიც ითამაშებენ, უცოლოებიც, მეგრელებიც და გურულებიც... მერე, კადრში ჩანს აფიშა:

„დღეს, 10 ენკენისთვეს, ნაშუადღევს. ქალაქ ფოთის საჯირითო მოედანზე გაიმართება ფეხბურთის თამაში ფოთელებს და სენაკელებს შორის. დაუკრავს დუხოვოი მუზიკა შვიდი კაცის შემადგენლობით“.

- მარტო ფეხებით თამაშობენ? - კითხულობს ნიფხვებში მორბენალი კაცების დანახვით გაოგნებული სოფლიდან ფოთში ლუკმა-პურის საშოვარზე ჩამოსული ხვიჩა ქარცხია.

- ფეხებით, აბა?!

- ხელებით?

- არ შეიძლება! ეს ლელო კი არ არის! - უბრაზდება ტლუ სოფლელს ვიღაც გამოსული ფოთელი და… ასე იწყება ზღაპრული თავგადასავალი დიდი დოდო აბაშიძით მთავარ როლში.

 

კვირის პალიტრა - მოედანზეა ქალი, ანუ ...

 

ღმერთო, რა სასაცილოა, ახლა კინაღამ დავწერე აი, მეტს კი აღარ მოგიყვებით, დანარჩენი თავად ნახეთ და ისიამოვნეთ, მეთქი. რა უნდა მოგიყვეთ, ის რაც ზეპირად იცით?

და საერთოდ, რამ გამახსენა „პირველი მერცხალი“?

წარმოდგენა არ მაქვს. ისე კი, თუ 2005 წელს 30 წელი შეუსრულდა, ახლა 2020-ია ანუ 45 წელი გასულა.

და ხუთ წელიწადში ძალიან დიდი იუბილე თუ არ გადავუხადეთ, არ ვიქნებით მართლები. მგონი, ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფილმია ქართული კინოს ისტორიაში.

მანამდე კი, ამ კორონავირუსის გამო მაინც სახლში ვსხედვართ და „ზომბი აპოკალიფსების“ ყურებას მოდი ერთხელაც „პირველი მერცხალი“ ჩავრთოთ. თუნდაც მეათასედ.  გეფიცებით, ძალიან ისიამოვნებთ.