ქონორ ო’ში: ჩვენ უდიდეს წნეხს გავუძელით

10 ნოემბერს გამართული იტალიისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებთა მატჩი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ფლორენციაში, მასპინძლებმა ბორჯღალოსნები 28:17 დაამარცხეს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქონორ ო’ში საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩს გამოეხმაურა. 

“50-ე წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩემი ბიჭები შესანიშნავად ირჯებოდნენ. დასკვნით ნახევარ საათში კი გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. ჩემი გუნდის მიერ შექმნილი არაერთი ხელსაყრელი მომენტი მათი დისციპლინირებული მოქმედებებით იყო გამოწვეული.

მეორე ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოვიპოვეთ და  28:7 დავწინაურდით. ამ დროს გავიფიქრე, რომ დარჩენილი დროც საჩვენოდ წარიმართებოდა, თუმცა საქართველოს ნაკრებს საჯარიმო ლელომ დიდი სტიმული მისცა. მატჩამდე დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ამ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში რეიტინგში საგრძნობ პრობლემებს გვიქმნის და გვავიწროვებს. ამიტომაც ჩვენთვის ეს ფუნდამენტალური გამარჯვება გახლდათ. თან ისიც სათქმელია, რომ აქამდე მხოლოდ ფიჯისთან და იაპონიასთან გვქონდა მოგებული.

მთელი წლის განმავლობაში, ყველანი მხოლოდ საქართველოსთან თამაშზე საუბრობდნენ და ჩვენ ამ ზეწოლას გავუძელით“ - აღნიშნა იტალიის ნაკრების დამრიგებელმა.