სტივ ნეშის ოლიმპიადა

2000. სიდნეი. ოლიმპიური თამაშები ოცნების გუნდთან ერთად. ამერიკის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ზედიზედ მესამედ Dream Team-ის სახელით.

ის ამერიკა იყო: სტივ სმიტი, გარი პეიტონი, ალონზო მურნინგი, ანტონიო მაკდაიესი, ჯეისონ კიდი, ალან ჰიუსტონი, ტიმ ჰარდევეი, რეი ალენი, შარიფ აბდურ-რაჰიმი, ვინ ბეიკერი, ვინს კარტერი, კევინ გარნეტი.

ის ამერიკა გადარჩა ნახევარფინალში ლიტვასთან. და, იმ ამერიკამ ფინალში საფრანგეთი გადატეხა. მარტივად.

ის ოლიმპიადა კანადის ნაკრების გენიალური ფლეიმეიქერის სანაკრებო პიკი გახდა.

გაიცანით, სტივ ნეში.

გენიოსი, რომელმაც ამერიკული კარიერა 17 387 ქულით და 10 335 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. გენიალური, ზღაპრული ნეში. და, კანადა დიდ ტურნირებზე სტივი უანდერის გარეშე თამაშობდა. იმ ოლიმპიადის შემდეგ ნეშმა დატვირთვები შეამცირა. და, ნაკრებს ბოდიში მოუხადა. იმ ოლიმპიადაზე სტივი ტურნირის საუკეთესო პირველი ნომერი გახდა.

13.7 ქულა და 6.9 პასი. სტივიმ დაგლიჯა და კანადამ შვიდიდან მხოლოდ 2 თამაში წააგო.

კანადამ ჯგუფში აწყენინა ლიუკ ლონგლის, კრის ენსტის, ენდრიუ გეიზის და შეინ ჰილის ავსტრალიას 101:90. ნეშმა 15 ქულა და 15 პასი გაშანსა.

კანადა გაერთო ანგოლასთან (99:54) და ნეშმა ლიმიტირებულ დროში 9+5 დატოვა, დაისვენა.

კანადამ მოუგო ძალიან კარგ ესპანეთს, სადაც იდგნენ ხორხე გარბახოსა, ჯონი როჯერსი, ალბერტო ერეროსი, როდრიგო დე ლა ფუენტე. 91:77.

კანადამ ვერ გაქაჩა რუსეთთან 59:77 და მთელ რუსეთს პატარა სტივი (15+4) შეასკდა.

და, ჯგუფის ბოლო მატჩში კანადამ დალეწა ფავორიტი, სერბეთი 83:75. და, იმ სერბეთში იყვნენ პრედრაგ დანილოვიჩი, დეიან ბოდიროგა, პრედრაგ სტოიაკოვიჩი, დეიან ტომაშევიჩი, ჟეიკო რებრაჩა, პრედრაგ დრობნიაკი და დრაგან ტარლაჩი. ნეში - 26 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.

ფლეი ოფში კანადა  საფრანგეთთან გაჩერდა 63:68. ვერ გაქაჩა. სტივიმ 10 ქულა და 8 პასი შეკრა.

ბოლო ტესტში კანადა უგებს რუსეთს 86:83 და ნეში ტურნირს 14+3 პასით ამთავრებს. კლასი.

სტივ ნეშმა ვერ ითამაშა ფინალი, მაგრამ ის ტურნირის ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი გახდა. ვინს კარტერის ჩატენვასთან და უიღბლო ლიტვასთან ერთად. ბრავო, სტივი. ბრავო!