ირაკლი ხოშტარია - დიდი გული

საუკეთესო ქართველი მსროლელები (მეორე ნომრები)

ეს ამპლუა ზოგადად, არ ასახავს იმ დატვირთვას, რაც ირაკლი ხოშტარიას ჰქონდა.

იმ თაობაში იყვნენ ვარსკვლავები. იმ თაობაში იყვნენ კარგი, სანდო მოთამაშეები. იმ თაობაში იყვნენ დაცვაში გამორჩეულად კარგები. და, იმ თაობაში იყვნენ ბიჭები, ვისაც არ გაუმართლა.

და, იმ თაობას ჰყავდა ირაკლი ხოშტარია.

მოთამაშე, რომელიც თავის საქმეს ყოველთვის თავისით აკეთებდა. უბრალოდ, იდგა ხუთეულში და იბრძოდა. იშვიათი შემთხვევა, როდესაც ნიჭი, გული და ნდობა ერთ ადამიანში მეგობრობდა და არცერთი არ ითხოვდა მეტ ყურადღებას.

ყურადღებას ირაკლი იღებდა. პირველ რიგში, მეორე გუნდისგან. ისინი ხოშტარიაში ყველაზე შეუჩერებელ და მიმწოლ, შემსრულებელ მოთამაშეს ხედავდნენ.

შესვლა, აწევა და მოწყვეტით სროლა, დროული პასები და ირაკლი იყო ის, ვინც დაცვაში თამაშს შეტევაზე არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევდა. სხვები სწავლობდნენ შეტევას. ზოგს შეტევა არ გამოსდიოდა და ცდილობდა, რომ გუნდისთვის სარგებელი დაცვით მოეტანა. რა თქმა უნდა, ეს დასაფასებელი იყო. და, ხოშტარიამ კალათბურთის თამაში ისწავლა. შეტევაც და დაცვაც მნიშვნელოვანი იყო. და, ყველაზე მეტს ის საკუთარი თავისგან ითხოვდა.

საქართველოს ჩემპიონატში იყო ერთი პრობლემა - როგორ გავაჩეროთ ხოშტარია? ან, მეგობრულად, ხოშტარა. და, ეს ბევრს არ გამოსდიოდა. ერთი დარტყმა, მეორე ნაბიჯი, აწევა და დაისვენე - ხოშტარია ჩვეულებრივი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შესვლით იღებდა ქულებს.

ვერ ვიხსენებ დამცველს, რომელიც ირაკლის სტაბილურად უქმნიდა პრობლემებს. მართლა ვერ ვერ ვიხსენებ. ალბათ, ხანდახან, ირაკლიც უკმაყოფილო იყო საკუთარი კალათბურთით, მაგრამ ძირითადად, ის იგებდა.

ხოშტარია-მოთამაშე გახდა ხოშტარია-მწვრთნელი და არაფერი არ შეცვლილა. რკინის დისციპლინა, წესრიგი და ლტოლვა. ერთობლიობაში, ვიღებთ შედეგს და ყველაფერი ირაკლის გულიდან მოდის.

 

ზაზა ცაგარეიშვილი (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): 1995-ში მე და ირაკლი ერთად ვიყავით დინამოში. ეს ჩემი ბოლო სეზონი იყო. მახსოვს, მოგვიტანეს ახალი ფორმები. ავიღე 6 ნომერი. მოდის აჩიკო ჟღენტი და მორიდებულად მეუბნება, ზაზა, თუ შეიძლება, 6 მე რომ დავიტოვოო? კი, აიღე-მეთქი ვუთხარი და თუ შეგიძლია, 7 ნომერი წამომიღე-მეთქი, ვთხოვე. წავიდა, მოაქვს 7-ნომრიანი მაისური და მასთან ერთად ხოშტარიაც მოვიდა. აჩიკო მეუბნება, აი, ზაზა 7, მაგრამ ეს ირაკლის უნდოდა და შეიძლებაო? ხმა არ ამომიღია, დავუთმე და 22 ნომერი ავირჩიე. ამ ნომრით დავასრულე კარიერა. იმის თქმა მსურს, რომ ირაკლი საოცრად მორიდებული ადამიანი იყო. ძალიან ძლიერი მოთამაშე, რომელიც ყოველთვის კალათბურთით გელაპარაკებოდა. სამაგალითო ლიდერი. ერთი წლის შემდეგ გავხდი ბატონი ლევან მოსეშვილის ასისტენტი საქართველოს ნაკრებში და ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავუძახეთ, ხოშტარია იყო. სასიამოვნოა, რომ ის სეზონი ერთ გუნდში გავატარეთ.

 

და, მჯერა, რომ ამას კიდევ ბევრი მოთამაშე და მწვრთნელი იტყვის.