ჯანი მერლოს ყველაზე დიდი ოჯახი

AIPS - სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია. ალბათ, გამორჩეულად მეგობრული. გამორჩეულად შეკრული. გამორჩეულად კრეატიული და გამორჩეულად ხმაურიანი. იდეაში, ასეც უნდა იყოს.  

და, ამ ოჯახის პრეზიდენტი არის ჩვეულებრივი, კომუნიკაბელური, კარგი მეგობარი, რომელმაც ასოციაციის ყველა წევრი კარგად იცის. არ შეეშლება მოკითხვა. და, აქ, AIPS-ში ყველა ყველასგან სწავლობს. ასაკი და გამოცდილება გასათვალისწინებელია, მაგრამ ამ მეგობრულ ხმაურში ხანდახან, ესეც იკარგება.

ამ ოჯახის პრეზიდენტი არის ჯანი მერლო.

იტალიელი დიდი გამოცდილებით, ჯანსაღი ამბიციებით და ყველაზე დიდი კავშირებით. არანაირი თქვენობით მიმართვა. ჯანი არის ჯანი, რომელიც გაგიღიმებს და მოგიკითხავს ნებისმიერ შემთხვევაში.

მიმდინარე პანდემიის დროს AIPS  აქტიურია. როგორც - ყოველთვის. და, დღეს, უფრო აქტიური, ვიდრე - ყოველთვის. ეს ასე უნდა იყოს. ტკივილი, ცრემლი და სიცარიელე უნდა გადაიფაროს. ვერაფერი ვერ დაგვიბრუნებს დაგარკულ მეგობრებს, მაგრამ ჯანიმ არ გადაუხვია ბევრი წლის წინ არჩეული გზიდან.

ის დღესაც აქტიურად არის ჩართული ყველა მიმდინარე პროცესში.

 

ჯანი მერლო: სპორტი გვაერთიანებს, მაგრამ დღეს, როდესაც სპორტი გაჩერებულია, ჩვენ კომუნიკაციის, ერთმანეთის გამხნევების და მოკითხვის ახალი გზები უნდა ვეძებოთ. მთავარია - სურვილი. ჟურნალისტიკას, კონკრეტულად კი - სპორტულ ჟურნალისტიკას აქვს ძალა, რომ გახდეს საზოგადოებისთვის სწორი მიმართულების მიმცემი და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ყველაფერი გაჩერდა. დაგვჭირდება დრო, რომ დავიბრუნოთ დაკარგული და რაც მთავარია, ამის დასაბრუნებლად აუცილებელი განწყობა, ლტოლვა. რთული, მაგრამ მართვადი პროცესია.

 

საერთაშორისო კონგრესზე დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდა ჟურნალისტების განვითარების (Young Reporters) პროგრამას და ამ პროგრამის შედეგად მიღებულ შედეგს. და, შედეგი - ახალი კადრები, ახალი და მონდომებული, ახალგაზრდა მწერალ-მთქმელი ჟურნალისტებია. ისინი, ვინც ჯერ დაეხმარებიან და შემდეგ, შეცვლიან არსებულ კონტინგენტს.

იტალიაში, მთელ მსოფლიოში სიკვდილი ჩავიდა. იტალიამ ბევრი მოქალაქე დაკარგა და იტალიამ ტკივილს უნდა გაუძლოს. ლამაზი, ფერადი და ბევრი არაიტალიელისთვის (ჩემთვისაც) გამორჩეულად საყვარელი ადგილი. იქ ისვენებ. იქ ეცნობი გემოვნებას და ისტორიას. იქ ჩადიხარ ბევრ პანთეონში და ყოველთვის გრჩება სიამაყე და სიცარიელე, როდესაც იტალიას ტოვებ, ემშვიდობები. როგორც დიდი ხნის უნახავი მეგობარი, რომელსაც ესაუბრები და მოუცლელობის გამო ისე ხშირად ვერ ხვდები, როგორც - უნდა ხვდებოდე.

ჯანი მერლო სპორტის ენციკლოპედია და ერთგული მეგობარია. იქ, AIPS-ის მთავარ ოფისში, ვიჯევანოში (მილანთან ახლოს მდებარე კოხტა, პატარა ქალაქი) სიმშვიდე და ხალისია. იქ არის ის ერთი, ცენტრალური მოედანი და უძველესი, ანტიკური ციხესიმაგრე, რომლის კატაკომბებში ჯანიმ საინტერესო და ამაღელვებელი ექსკურსია მოგვიწყო. და, როდესაც წყვდიადიდან ნათელს და ხალხით გადაჭედილ მოედანს უბრუნდები, შეგიძლია, სიამოვნებით დააგემოვნო ტრადიციული იტალიური კერძები.

იქვე, მოედანზე შევისეირნე ერთ ჩვეულებრივ მუსიკალურ მაღაზიაში, სადაც ჩემი საყვარელი ზეპელინების პირველი და ორიგინალი დისკი ვნახე. სასწაული იყო! ისეთივე შენახული და მოვლილი იყო, როგორც - ვიჯევანო. და, ეს დიდ ჩექმაზე მხოლოდ ერთი პატარა თარგია.

ეს მოედანი დღეს ოდნავ მოწყენილია. აუცილებლად გაიღიმებს.

 

ჯანი მერლო: გულშემატკივარი დიდ ყურადღებას აქცევს სახელოვანი სპორტსმენების მოსაზრებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ აზრს აქვს ძალა და ამ აზრს შეუძლია ხალისის, რწმენის აღდგენა. ეს სპორტსმენებიც ადამიანები არიან და მათთვისაც არ არის მარტივი ამ მდგომარეობაში დარჩენა. და, თუ ისინი სათქმელს იტყვიან, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

AIPS-ის მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის, იყო და იქნება ჩართული საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციაც.

ძალიან კარგია იდეაა AIPS-ის კოლეჯიც - 9 აპრილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მარკეტინგის უფროსი მაიკლ პეინი დაახლოებით, ასამდე ახალგაზრდა ჟურნალისტს გაესაუბრა Zoom-ის საშუალებით და სპორტული ჟურნალისტიკის პიონერებს ბევრი კარგი რჩევა მისცა.

იქ, AIPS-ის ოფისში სიმშვიდე და კეთილგანწყობაა და თუ ჯანისგან იღებ რჩევას, ჩათვალე, რომ ეს ყველაზე საჭირო და გადაუდებელი საქმეა. ეს გამოცდილი იტალიელი სიტყვებს უფრთხილდება და რაც მთავარია, ის შენთან ურთიერთობას, მეგობრობას უფრთხილდება.

პანდემიამ გააჩერა ყველაფერი.

და, ვერაფერი ვერ გააჩერებს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც დღესაც ემოციურად და გულით აკეთებს იმას, რაც უყვარს, რაც იცის და ცდილობს, რომ სხვებსაც უყვარდეს და სხვებმაც იცოდნენ. ეს არის სპორტული ჟურნალისტიკა, მეგობრობა და პატივისცემა.